უჰიჯაბოდ მოასპარეზე ირანელი მეკლდეური თეირანში დაბრუნდა

ირანელი მეკლდეური ელნაზ რიკაბი, რომელმაც საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ჰიჯაბის გარეშე მიიღო, სამშობლოში დაბრუნდა. მხარდამჭერები მას ოვაციებით დახვდნენ და სახელმწიფო მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ამბობდნენ, რომ ტრადიციული თავსაფარის გარეშე ასპარეზობა არ იყო წინასწარ განზრახული ნაბიჯი.

კონკურსის კადრებში ჩანს, რომ 33 წლის რიკაბი ირანის სახელით სამხრეთ კორეაში გამართულ შეჯიბრში ჰიჯაბის გარეშე მონაწილეობს. ირანში ამ მოვლენების პარალელურად სწორედ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დაკავებული და შემდეგ გარდაცვლილი ქალის - მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები არ წყდება.

ასევე ნახეთ: ირანში დემონსტრაციები გრძელდება, ვაშინგტონი კი თეირანს ახალ სანქციებს უწესებს

სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ კომენტარში, თეირანში დაბრუნებულმა რიკაბიმ ირანელ ხალხს ბოდიში მოუხადა იმ გაურკვევლობისა და შფოთვისთვის, რაც მან გამოიწვია. თავზე მას ამ დროს სპორტული ქუდი ეხურა. "ჩემი სპორტული აღჭურვილობისა და ფეხსაცმლის ტარებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, შესაფერისი ჰიჯაბის შესახებ დამავიწყდა და კედელზე მის გარეშე ავცოცდი", - თქვა მან.

მისი "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავსაფრის გარეშე ასპარეზობა არასაკმარის მომზადებას უკავშირდება და კედელზე ასასვლელად მას მოულოდნელად დაუძახეს. რიკაბიმ შეჯიბრში მეოთხე ადგილი დაიკავა. მისი თქმით, სიცრუეა ის, თითქოს 48 საათის განმავლობაში მას ვერავინ პოულობდა, და რომ მას თითქოს ეროვნული გუნდის დატოვება სურდა.

BBC-ის ირანული სამსახური წერდა, რომ მელკდეურის მეგობრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ეს ცნობები უარყო სამხრეთ კორეაში ირანის საელჩომაც. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თქმით, ირანის ეროვნული კომიტეტი გარანტიას იძლევა, რომ რიკაბის მომხდარის გამო არ დასჯიან.

22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მღელვარება ჯერას არ ცხრება, ქალები პროტესტს ირანშიც და მის გარეთაც ჰიჯაბების დაწვით, თმის შეჭრით და სხვა ნაბიჯებით გამოხატავენნ. ამინი "მორალის პოლიციის" ზედამხედველობის ქვეშ იყო, როცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ახლობლები მის სხეულზე ძალადობის კვალზე საუბრობდნენ, პოლიცია კი ამას უარყოფს.

Your browser doesn’t support HTML5

ირანელ ქალთა უფლებების მხარდამჭერი აქციები გრძელდება