ნავთობსადენ "დრუჟბაზე" გაჟონვის წერტილი აღმოაჩინეს

რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელ მილსადენიდან „დრუჟბა" გაჟონვა დაფიქსირდა, თუმცა საბოტაჟის ეჭვები არ გამოთქმულა. „პერნი“, ოპერატორი, რომელიც პოლონეთში ნავთობსადენის იმ ნაწილს კურირებს, სადაც ინციდენტი მოხდა, ამბობს, რომ მილსადენი ნაწილობრივ დაიხურა.

„ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ამ მომენტისთვის უცნობია. გადაცემა ამ ნაწილში შეიზღუდა. მილსადენის მეორე ნაწილი ნორმალურად ფუნქციონირებს“, - აცხადებს „პერნი“. მისი თქმით, გაჟონვის წერტილი 11 ოქტომბერს შენიშნეს. საბოტაჟის ვერსია გამორიცხეს პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებმა და მათი თქმით, ინციდენტი შემთხვევითია.

ასევე ნახეთ: რუსული მილსადენის დაზიანების მიზეზების გამოძიება გრძელდება

ნავთობსადენი „დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მილსადენია, რომელიც რუსული ნავთობით ცენტრალური ევროპის დიდ ნაწილს, მათ შორის გერმანიას, პოლონეთს, ბელორუსს, უნგრეთს, ავსტრიას, ჩეხეთსა და სლოვაკეთს ამარაგებს.

გერმანიის მთავრობის თქმით, ნავთობი ორ მთავარ გადამამუშავებელ ობიექტს კვლავ მიეწოდება. „მიწოდების უსაფრთხოება გარანტირებულია... გადაცემა შეუწყვეტლად ხორციელდება“, - თქვა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ.

გაჟონვის წერტილი მაშინ აღმოაჩინეს, როცა უკრაინის ომის ფონზე ევროპაში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება. შიში ბალტიის ზღვაში "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენებზე ცოტა ხნის წინ მომხდარმა აფეთებებმა და გაჟონვამ კიდევ უფრო გააღრმავა. დასავლეთის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, თუმცა მომხდარის მიზეზი წინასწარ განზრახული, საბოტაჟური ქმედებებია.