დემონსტრაციების შედეგად ირანის ხელისუფლებაზე წნეხი იზრდება

Iran Protests

თეირანს საპროტესტო ტალღის შეკავება უჭირს. პოლიცია ხშირად ძალადობრივი მეთოდებით უმკლავდება დემონსტრანტებს, იყენებს ცრემლსადენ გაზს, ხელკეტებს, ზოგ შემთხვევაში ცეცხლსასროლ იარაღსაც. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები ირანის ისლამისტი ლიდერების წინააღმდეგ მოწოდებებითაც გამოდიან.

საპროტესტო ტალთა უკვე თითქმის ორ კვირას გრძელდება და სულ მცირე 80 ქალაქშია გავრცელებული. საპროტესტო მოძრაობა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ 22 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ გამოიწვია. ქურთი ქალი მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ ისლამური რესპუბლიკის მიერ ქალებისთვის დაწესებული ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დააკავა. მოგვიანებით ის გარდაიცვალა., ოჯახის წევრების თქმით, მას სხეულზე ცემის ნიშნები ჰქონდა.

"ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ დავიხოცებით, ჩვენ ირანს უკან დავიბრუნებთ", - სკანდირებენ დემონსტრანტები თეირანის ერთ-ერთ უბანში.

სახელმწიფო მედია ამბობს, რომ საპროტესტო აქციების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციისა და პრო-სამთავრობო მილიციის წარმომადგენლებიც. თუმცა, ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად უფრო მაღალია.