ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დღეს დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა. მას მძევლად ჰყავს აყვანილი 12 ადამიანი და 2 მილიონ დოლარს ითხოვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

თავდამსხმელმა, მძევლად აყვანილი პირების საშუალებით, სოციალურ ქელში 3 ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოკადრებში ჩანს ბანკში მყოფი პირები და თავად შეირაღებული პირი, რომელიც 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი მოთხოვნების შესახებ სწორედ ამ ვიდეოებიდან იცის საზოგადოებამ და სამართალდამცველებმა.

"წამზომზეა ჩართული, აფეთქდება საათსა და 30 წუთში", - ამბობს ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში მძევალი ქალი მოწყობილობებზე, რომელიც კადრებში ჩანს. მოწყობილობები, რომლებიც ასაფეთქებელს ჰგავს, დამაგრებულია როგორც ბანკის შენობის კედლებზე, ასევე თავად თავდამსხმელის სხეულზე.

ამ კადრების მიხედვით, თავდამსხმელს სხეულზე წებოვანი ლენტებით მიმაგრებული აქვს 4 მცირე ზომის კოლოფი, რომლებიც სავარაუდოდ სადენებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ციმციმებს. სადენები ჩანს თავდამსხმელის ზურგზეც.

უსაფრთხოების სპეციალისტებსა და სამხედროებს, "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას უჭირთ დანამდვილებით თქვან, ნამდვილად ასაფეთქებელი, კადრში ნამდვილად ასაფეთქებელი მოწყობილობები ჩანს თუ არა. მათი თქმით, გავრცელებული კადრებიდან, რაიმეს დაზუსტებით თქმა რთულია, რადგან საქმე ხელნაკეთ მოწყობილობას ეხება.