ბრიტანეთის დაზვერვა: "რუსეთი ცდილობს უკრაინის ძალები ხარკივში დააკავოს"

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი სავარაუდოდ, უკრაინის ძალების ხარკივის მიმართულებით კონცენტრირებას ცდილობს და სწორედ ამიტომ აძლიერებს რეგიონზე იერიშებს. ბრიტანეთის დაზვერვის უწყების ცნობით, რუსეთი ცდილობს დააკავოს უკრაინული ძალები ხარკივის დაცვით იმისთვის, რომ კიევმა სხვა ტერიტორიებზე კონტრიერიშების ორგანიზება და განხორციელება ვეღარ შეძლოს.

დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ 17 აგვისტოს ხარკივის საცხოვრებელი უბნის დაბომბვას სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. უწყების განცხადების თანახმადვე, მართალია, ხარკივის მიმართულებით ფრონტის ხაზი მაისის შემდეგ, მცირედ შეიცვალა, მაგრამ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ერთ-ერთია იმ დასახლებებს შორის, რომელთაც რუსული ძალები ყველაზე უფრო ხშირად ბომბავს.

ხარკივი, რომელიც ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრით არის დაშორებული, რუსეთის არტილერიის დიდი ნაწილის წვდომის რადიუსში ხვდება. რაკეტების გარდა, ხარკივში დიდ ზიანს იწვევს არაზუსტი იერიშებიც.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსეთის ჯარები ხარკივის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებენ, მაგრამ აგრძელებენ ადგილობრივ რეიდებს და უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ლოკალური იერიშებს.