მადრიდში ნატოს სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა არაერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ეს სამიტი ისტორიულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივჩნიოთ, რაც ყველა დაპირება დროულად შესრულდება. ისტორია კი, მისი აზრით, დღევანდელ ლიდერებს სწორედ იმის მიხედვით განსჯის, თუ რამდენად შეძლებენ ისინი, აღარ შეუშინდნენ რუსეთის მუქარას, არ იღელვონ რიტორიკაზე და დაეხმარონ უკრაინას ისე და იმდენად, რამდენადაც ეს გამარჯვებისთვისაა საჭირო.
- ნატოს სამიტი მადრიდში ევროპის მიწაზე ომის პარალელურად გაიმართა. ბევრმა ეს სამიტი უკვე შეაფასა „ისტორიულად“. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ სამიტთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი?
- არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტყვა “ისტორიულს” გამოვიყენებდი. ვიტყვი, რომ ეს იყო შესანიშნავად წარმატებული სამიტი. მიღებულია რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ძალიან საჭირო იყო, გაცემულია რამდენიმე დაპირება, რომლებიც უნდა ვნახოთ, როგორ შესრულდება. თუკი ეს პირობები შესრულდება, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული სამიტი იყო.
- სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული. აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება, სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდა, შვედეთ-ფინეთის წევრობისთვის გზის გახსნა და უკრაინის დახმარების გაგრძელება. როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ალიანსისა და პარტნიორებისთვის ამ ეტაპზე ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
"მსოფლიო და ისტორია განგვსჯის ჩვენ იმის მიხედვით, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს. იქნება ჩვენი პასუხი მესამედაც არაადეკვატური და შეუსაბამო ამ ამოცანისთვის, თუ ჩვენ რეალურად გადავდგამთ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომ არ მივცეთ მათ სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილები?"
- პირველ ყოვლისა სწრაფი რეაგირების ძალების ზომის გაზრდაზე გეტყვით, ეს ძალიან დიდი რიცხვია და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო. [თუმცა] ნატოსთვის ძნელი იქნება ამ პირობის შესრულება. ეს დიდი პირობაა და ამის ნაწილი კვლავ უკავშირდება ქვეყნების მიერ თავდაცვაზე დახარჯულ თანხებს. რადგან მზაობას თავისი ფასი აქვს. იმისთვის, რომ ჯარები მზად გყავდეს, ეს ჯარები გაწვრთნილი უნდა იყოს და აღჭურვილობაც მზადყოფნაში უნდა იყოს. ეს ყველაფერი ფული ღირს. ასე რომ ეს გამოწვევა იქნება, მაგრამ მიხარია, რომ ეს გამოწვევა მივიღეთ.
ამასთან, დამატებითი ძალების წინ წამოწევაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გახსოვთ, რომ იმ ორ წერილში, რომლებიც ბატონმა პუტინმა დასავლეთს გაუგზავნა, სანამ ამ ომს დაიწყებდა, ის ამბობდა, რომ სურდა „ნაკლები ნატო“, ნაკლები ჯარები, ნაკლები იარაღი მოწინავე ტერიტორიებზე. შემდეგ მან დაიწყო ეს სასტიკი, კრიმინალური, არაჰუმანური ომი. და მან მიიღო მეტი ძალები, მეტი ჯარისკაცი, მეტი იარაღი მოწინავე ტერიტორიაზე. ასე რომ, ვიმედოვნებ, ბატონ პუტინს ესმის, რომ იღებს ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, რაც სურდა. სწორედ ამ უაზრო, სასტიკი და კრიმინალური ომის გამო.
მიხარია იმის ნახვა, რომ ნატომ მიიღო ზოგიერთი ეს გადაწყვეტილება და განათავსებს დამატებით ძალებსა და იარაღს. მიხარია, რომ ამ კუთხით ამერიკამაც გასცა დაპირებები. ველი, რომ მთავრობები, რომლებმაც ასეთი დაპირებები გასცეს, ასევე შესძენენ ნატოს მეტ შესაძლებლობებს.
- თქვენი აზრით, ახერხებს ნატო თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საფრთხეებთან და გამოწვევებთან ადაპტირებას? რამდენად სწრაფი და მოქნილი ჩანს ამ გადმოსახედიდან ალიანსი?
- ვფიქრობ, ნატო ნამდვილად ერგება ცვლილებებს. როცა მე ევროპის გაერთიანებული ძალების მეთაური ვიყავი და რუსეთი უკრაინაში ორჯერ შეიჭრა და ჯერ ყირიმი და შემდეგ დონბასის ნაწილი წაართვა ქვეყანას, მაშინ ჩვენ ნატოს ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილებები გავატარეთ. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ კიდევ ერთ მსგავს ნაბიჯზე და მჯერა, რომ თუკი პირობებს შევასრულებთ, ეს ნატოსთვისაც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, ის ცვლილებები არ აღმოჩნდა საკმარისი ამგვარი აგრესიის შესაკავებლად და შემდგომი შეჭრის თავიდან ასაცილებლად?
- ეს დელიკატური საკითხია, რომელიც კვლავ საქართველოს უკავშირდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო იღებს ზომებს, რათა გააძლიეროს მზაობა. რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ნატო განაგრძობს საუბარს იმაზე, რომ „ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", მაგრამ ფარული გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არ ვართ აქ ნატოს არა-წევრთა ტერიტორიების დასაცავად - მათი, ვინც ალიანსის ასეთი კარგი პარტნიორია, მაგრამ მისი დაცვის არეალს მიღმაა. ასე რომ, ვისურვებდი მეტი ძლიერი გზავნილი მომესმინა მოლდოვის, საქართველოსა და სხვათა მიმართ.
- ამგვარი გზავნილები ახლაც გაჟღერდა. არ იყო ისინი საკმარისად მტკიცე?
- არა იმდენად, რამდენადაც ვისურვებდი, რომ ყოფილიყო. ვისურვებდი, რომ სწორედ ეს ყოფილიყო ჩვენი გზავნილების უმთავრეს ფოკუსში - რომ ისინი ჩვენი შესანიშნავი პარტნიორები არიან, იბრძოდნენ ჩვენს გვერდით ავღანეთში და მთელ მსოფლიოში და ასევე დაცულები არიან. უბრალოდ ცოტა რამ კიდევ აქვთ გასაკეთებელი.
- დღევანდელ გეოსტრატეგიულ ვითარებაში რას უნდა ისმენდნენ ალიანსისგან ისეთი ქვეყნები, როგორებიც საქართველო და მოლდოვაა? რა რეალური საფრთხის წინაშე არიან ისინი?
ვიმედოვნებ, ბატონ პუტინს ესმის, რომ იღებს ზუსტად იმის საწინააღმდეგოს, რაც სურდა. სწორედ ამ უაზრო, სასტიკი და კრიმინალური ომის გამო".
- ისტორიის გაკვეთილის ჩატარების გარეშე, გავიხსენოთ 2008 წელი, როცა [რუსები] საქართველოში შეიჭრნენ, მჯერა, რომ დასავლეთის პასუხი არაადეკვატური იყო და ჩვენ დავუშვით, რომ ცუდი საქციელი დაჯილდოებულიყო იმით, რომ რუსეთმა მიიტაცა და აკონტროლებს საქართველოს მიწის თითქმის 20%-ს. და შემდეგ 2014 წელს, როცა რუსეთი უკრაინაში ორჯერ შეიჭრა, ყირიმსა და დონბასში, დასავლეთის რეაქცია ისევ არაადეკვატური იყო. ჩვენ დავაჯილდოვეთ ცუდი საქციელი მეორედაც და მივეცით უფლება რუსეთს შეენარჩუნებინა ყირიმი და დონბასი და აი აქ ვართ კვლავ - უკრაინაში: რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა სამხედრო ძალები იმისთვის, რომ გადაეკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მიეტაცა მეზობელი ქვეყნის ტერიტორია.
მსოფლიო და ისტორია განგვსჯის ჩვენ იმის მიხედვით, თუ როგორ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს. იქნება ჩვენი პასუხი მესამედაც არაადეკვატური და შეუსაბამო ამ ამოცანისთვის, თუ ჩვენ რეალურად გადავდგამთ იმ აუცილებელ ნაბიჯებს, რომ რუსეთი განვდევნოთ, და მესამედაც არ დავაჯილდოვოთ ამ ცუდი საქციელისთვის? და არ მივცეთ მათ სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილები.
ვფიქრობ, დროა დასავლელი ლიდერებისთვის - ევროკავშირის, ნატოს, სხვა პარტნიორების ლიდერებისთვის - ვისაც ჩვენ "დასავლეთს“ ვუწოდებთ - დროა, რომ ისინი წინ აღუდგნენ ამას და თქვან: „საკმარისია“ ჩვენ არ ვაპირებთ მესამედაც ამ ცუდი ქმედების დაშვებას.
- არის ალიანსი ახლა ამისთვის მზად?
ჩვენ ვაძლევთ მათ საკმარისს იმისთვის, რომ დარჩნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ თუკი ჩვენ მართლაც გვსურს, რომ მათ განდევნონ რუსები, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მეტი, მივცეთ უფრო სწრაფად და დავრწმუნდეთ, რომ მომარაგების ჯაჭვი არის უწყვეტი.
- ვფიქრობ, რომ არა. პოლიტიკური გადმოსახედიდან, ჩვენ არ მიგვიღია [ასეთი] გადაწყვეტილებები. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ დასავლეთში საუბრობდნენ უკრაინის გამარჯვებაზე. შემდეგ კი ჩვენ, დასავლეთმა - რაც უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე მხოლოდ ამერიკა თუ ნატო და მოიცავს ევროკავშირსაც და სხვა დასავლურ საახელმწიფოებსაც - ჩვენ, დასავლეთმა დავუშვით, რომ კიდევ ერთხელ შევეჩერებინეთ ბატონ პუტინს, მის მუქარას მესამე მსოფლიო ომის ან ბირთვული შურისძიების თაობაზე. ამან გამოიწვია ის, რომ დასავლეთს შეეწყვიტა საუბარი უკრაინის გამარჯვებაზე და უკრაინისთვის იმის მიცემაზე, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება.
მე მჯერა, დასავლეთს კვლავ სჭირდება ხელში აიღოს სადავეები, წინ აღუდგეს ცუდ ქმედებებს და არ დააჯილდოვოს ეს ცუდი ქცევა უკვე მესამედ. სჯობს, მან პასუხი აგებინოს ბატონ პუტინს და განდევნოს რუსეთი უკრაინიდან.
- დიდი შვიდეულის სამიტისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის მთავრობას სურს, წლის ბოლომდე დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებსაც ის წლის დასაწყისში აკონტროლებდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუძლია უკრაინას ეს და რა დახმარება სჭირდება ამისთვის დასავლეთისგან?
- დიახ, პასუხის ნაწილი თქვენს კითხვაშივეა. მთავარი ისაა, რომ მე მჯერა უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება, თუკი დასავლეთი მისცემს იმას, რაც მას ამისთვის სჭირდება.
ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება ამერიკისა და ნატოს უმაღლესი ლიდერებისგან, რომ აპირებენ უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას სჭირდება. ამ დრომდე ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. ჩვენ ვაძლევთ მათ საკმარისს იმისთვის, რომ დარჩნენ ამ ბრძოლაში, მაგრამ თუკი ჩვენ მართლაც გვსურს, რომ მათ განდევნონ რუსები, ჩვენ უნდა მივცეთ მათ მეტი, მივცეთ უფრო სწრაფად და დავრწმუნდეთ, რომ მომარაგების ჯაჭვი არის უწყვეტი.
რამდენიმე კვირის წინ დონბასის რეგიონში უკრაინული ჯარის ნაწილი სევეროდონეცკის ირგვლივ და ზოგიერთ სხვა ტერიტორიაზე იძულებული იყო, სროლა შეეწყვიტა, რადგან მათ ტყვია-წამალი გაუთავდათ. ეს არის დასავლეთის მარცხი და ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რასაც დავპირდით და მივცეთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა, შესაბამისი იარაღი - შესაბამის დროსა და ადგილას. შეიძლება გქონდეს პირველი ორი, მაგრამ თუკი ამას ნელა აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს სროლის შეწყვეტა და მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპება. ასე რომ, საჭიროა შესაფერისი იარაღი, შესაბამის დროსა და ადგილას და უკრაინელთათვის ამის მიცემა იმისთვის, რომ მათ შეძლონ გამარჯვება.
- რა არის ის კრიტიკული მნიშვნელობის შეიარაღება, რომელიც ახლა უკრაინას დასავლეთისგან სჭირდება?
ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ღელვა იმაზე, თუ რა სიტყვებს ვიყენებთ თავდასხმითი იარაღის შესახებ. უკრაინა არის თავდასხმის ქვეშ, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, არის თავდაცვითი.
- კრიტიკულად მნიშვნელოვანი ახლა არის იმაში დარწმუნება, რომ მათ მიიღონ საკმარისი არტილერია და საკმარისი ტყვია-წამალი იმისთვის, რომ განაგრძონ რუსეთის შეკავება ისე, რომ მათ ვერ შეძლონ მოახლოება და თავდასხმა. მაშინ, როცა რამდენიმე კვირის წინ, მათ მოუხდათ სროლის შეწყვეტა, რუსები დაწინაურდნენ იმაზე სწრაფად, ვდირე ჩვეულებრივ ამას ახერხებენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ უკრაინელები გადათელონ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით იარაღის საჭირო სისწრაფითა და საჭირო ადგილებში მიწოდება.
მეორეც, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ღელვა იმაზე, თუ რა სიტყვებს ვიყენებთ თავდასხმითი იარაღის შესახებ. უკრაინა არის თავდასხმის ქვეშ, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ჩემი აზრით, არის თავდაცვითი.
ასევე ფაქტი, რომ რუსეთს შეუძლია იერიში მიიტანოს უკრაინაზე ბელარუსიდან, რუსეთიდან, დონბასიდან, ყირიმიდან, შავი ზღვიდან - რუსეთს შეუძლია სროლა ყველა ამ ტერიტორიიდან - უკრიანას კი არ შეუძლია ამ ტერიტორიებზე ცეცხლის დაბრუნება, ეს სიგიჟეა. ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება უკრაინას, რომ იომოს ეს ომი ისე, როგორც ეს მის წინააღმდეგ ხდება.
ასევე ნახეთ: პაუზა ევროინტეგრაციის გზაზე
- ალიანსის წევრებმა შეძლეს თურქეთთან შეთანხმების მიღწევა და შვედეთის და ფინეთის წევრობას ახლა ხელს აღარაფერი უშლის. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეთანხმება და ზოგიერთი შეფასებთ, დათმობები იმისთვის, რომ ერთიანობის ასეთი გზავნილი გაჟღერებულიყო? ან როგორ პრეცედენტს ქმნის ეს ალიანსისთვის?
- ჯერ დანამდვილებით არ ვიცით, მართლაც რას გულისხმობს ეს, როგორც ამბობთ, „დათმობები“, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე გაწერილი პუნქტი, მაგრამ არ მგონია, რომ სრულად გვესმის ის, თუ რა გაკეთდა. ასე რომ, სანამ ეს გვეცოდინება, ამ კითხვას განსხვავებულად ვუპასუხებ:
უპირველესად ის უნდა ვთქვათ, რომ თუკი შვედეთი და ფინეთი ისურვებდნენ ნატოს წევრობას მაშინ, როცა მე ევროპის ძალებს ვმეთაურობდი, მე მათ ფართოდ მხარგაშლილი შევხვდებოდი. მიხარია მათ გამო და მიხარია ალიანსის გამო, რომ ეს ორი დიდებული ერი, დიდებული დემოკრატია და დიდებული სამხედრო ძალა უერთდება ალიანსს. ამ ორ ქვეყანას დაუყოვნებლივ მოაქვს ნატოსთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები. მათი აღჭურვილობა 100 %-ით შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, მათი წვრთნა და ტაქტიკა, ტექნიკა და პროცედურები პრაქტიკულად სრულად შეესაბამება ნატოს, მათი შეიარაღებული ძალები ნატოს ნაწილი თითქმის ნულოვანი ძალისხმევით გახდება და მზად იქნება ბრძოლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია. ჩვენ მათ წლების განმავლობაში ვთავაზობდით ამას და ისინი, როგორც დიდი დემოკრატიები, თავად იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ახლა, როცა მათ თავად მოისურვეს წევრობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს [პროცესი] მალე დასრულდეს.
ომის შედეგი სრულად იქნება იმაზე დამოკიდებული, რამდენ დახმარებას მისცემს დასავლეთი უკრაინას"
რაც შეეხება იმას, როგორ განვითარდა მოვლენები თურქებთან, როგორც ადრეც ვთქვი და არა ცუდი გაგებით: თურქები დიპლომატიის ოსტატები არიან, მათ იციან, როგორ აწარმოონ მოლაპარაკებები, ისინი გამოცდილი ვაჭრები და დიპლომატები არიან. როგორც ადრეც ვთქვი, ისინი ეცდებოდნენ იმის მიღებას, რაც მათ ნატოსგან დიდი ხნის განმავლობაში სურდათ. ახლა კი აქვთ შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს გააკეთონ. ეს სიურპრიზი სულაც არ ყოფილა, რომ საჭირო გახდა მოლაპარაკებები და საუბარი იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიღწეულიყო. უბრალოდ მინდა, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს, რადგან ეს ორი სამხედრო ძალა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ნატოს ალიანსისთვის.
- ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისგან არსებულ საფრთხეზე თითქმის დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე საუბრობენ. განსაკუთრებით კი 2014 წლის შემდეგ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობის მიუხედავად ისინი მეტ დაცვას, მეტ გარანტიებს, მეტ ნატოს ითხოვენ. რამდენად რეალურია ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის რუსეთის აგრესიის საფრთხე?
- ბალტიიპირეთისთვის რუსეთის საფრთხის აჩრდილი დიდი ხანია არსებობს. ამ ომის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გავიგეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე. რუსულმა ჯარმა სერიოზული დანაკარგები განიცადა, მათ შორის მის საუკეთესო დანაყოფებში და ვფიქრობ ფიზიკური საფრთხე ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - 4 თვის წინ იყო. მაგრამ ის კვლავ საფრთხეა და რუსეთი აკეთებს იმას, რასაც ყოველთვის: ის იმუქრება და ცდილობს იმას, რასაც დასავლეთის შეკავების მცდელობას უწოდებს. და რატომაც არა?! მათ შესანიშნავად მოახერხეს დასავლეთის შეკავება ამ დრომდე, რატომ არ უნდა გააგრძელონ ეს იქ? მე ველოდი ამ მკაცრ რიტორიკას ბატონი ლავროვისა და სხვებისგან ბალტიისპირეთის ქვეყნების შესახებ, ან იმის თაობაზე, რომ ფინეთსა და შვედეთში იარაღის განთავსება რაიმე საფრთხეს შეიცავს რუსეთისთვის. ჩვენ ველოდით ამ მკაცრ ენას, ეს რუსეთისგან სტანდარტული რამაა, მაგრამ ისინი ახლა ამ მუქარას სამხედრო თალსაზრისით 5 თვის წინანდელთან შედარებით, დაკნინებული პოზიიიდან იმეორებენ.
- როგორია რუსეთის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ახლა, ომის ამ ეტაპზე და იმის მიხედვით, რაც მის შესახებ ვიცით?
- რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიხადა. ომის შედეგი სრულად იქნება იმაზე დამოკიდებული, რამდენ დახმარებას მისცემს დასავლეთი უკრაინას და მივცემთ თუ არა მათ საკმარის შესაძლებლობებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი კვლავ მოახერხებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდებას ომის დასრულებისას, და საქართველოს მსგავსად უკრაინის ტერიტორიის 20 %-ის წართმევას, ეს მათ შეიარაღებულ ძალებს მაინც ძალიან ძვირად დაუჯდება.
მათ დაკარგეს ძალიან ბევრი ტექნიკა, დაკარგეს ყველაზე მცოდნე და გაწვრთნილი შენაერთების დიდი ნაწილი, რომლებიც ახლა განადგურებულია. მათ აჩვენეს, რომ დაკარგეს უნარი შეუტიონ მოწინააღმდეგეს გაერთიანებული იარაღით. ასე რომ, რუსეთი ახლა სამხედრო თვალსაზრით ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც 5 თვის წინ იყო.
თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთი ახლა უფრო საშიშია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან ბატონმა პუტინმა აჩვენა, რომ ის გამოიყენებს მის სამხედრო ძალას საკუთარი ქვეყნის საზღვრების მიღმა და გულწრფელად ვამბობ, ეს ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი:
მან დაამტკიცა, რომ მას არ შეუძლია სხვადახვა იარაღით ერთდროული თავდასხმის განხორციელება, მაგრამ მას შეუძლია იომოს კრიმინალური, სასტიკი, არაჰუმანური ომი სხვა ერის, საზოგადოების წინააღმდეგ. და ესაა ზუსტად ის, რასაც ის უკრაინაში აკეთებს. ესაა ზუსტად ის, რაც ჩვენ არ გვინდა, რომ მან ნატოს წევრ ან პარტნიორ ქვეყნებში გააკეთოს.
- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უკრაინას არ უნდა უბიძგონ მისთვის საზიანო სამშვიდობო შეთანხმებისკენ. როგორ ფიქრობთ, იმ ვითარებაში რამდენად საზიანოც შეიძლება იყოს ომის და რუსეთზე სანქციების გრძელვადიანი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური შედეგები ევროპისა და სხვა ქვეყნებისთვის, არსებობს რისკი, რომ უკრაინას პარტნიორებმა მისთვის არასასურველი სამშვიდობო შეთანხმების მიღებისკენ მოუწოდონ?
- ამ კითხვას პოზიტიური მხრიდან ვუპასუხებ: მე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას, მხარს ვუჭერ იმას, რომ ალიანსმა უნდა მისცეს უკრაინას ის, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და მეტიც. უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც სჭირდება რუსების განსადევნად იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც მათ ახლახან ჩაიგდეს ხელში. მოკლევადიან პერსპექტივაში, მჯერა, რომ მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნებისგან არის ძლიერი, მაგრამ როგორც ყოველთვის ვშიშრობთ ფრუსტრაციაზე, შესაძლო გადაღლაზე ამა თუ იმ პრობლემით ან დაფინანსებით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ბრიტანელი პრემიერი მართალია.
- წელს პირველად ალიანსმა ჩინეთი პირველად ახსენა სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორც ალიანსისთვის შესაძლო საფრთხე. რას ნიშნავს ეს ნატო-პეკინის ურთიერთობებისთვის?
- არის ბევრი ქვეყანა და კომპანია, რომელსაც სურს ჩინეთთან ბიზნეს-თანამშრომლობა და ვფიქრობ, მათ სურთ სავაჭრო თანამშრომლობის გაგრძელება, ისინი ჩინეთს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ.
მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ნატომ დაინახა ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში ჩინეთის, როგორც მზარდი საფრთხის დასახელების მნიშვნელობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ბოლოს და ბოლოს რუსეთიც დაასახელეს მტრად ამ სტრატეგიულ დოკუმენტში. არც ერთი მათგანი ამ დრომდე ასე არ მოიხსენიებოდა. ასე რომ, მომავალში ჩვენ გველის მეტი სიცხადე იმის თაობაზე, ვინ არის მტერი. და ეს უკვე აადვილებს იმის განსაზღვრას თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მტერთან საბრძოლველად მზად ვიყოთ.
- თქვენ ნატოსგან პარტნიორი ქვეყნების უფრო მტკიცე მხარდაჭერის საჭიროებაზე საუბრობდით. რა სჭირდება საქართველოს ალიანსისგან და რა სჭირდება ალიანსს საქართველოსგან ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს?
"ვისურვებდით, გვენახა დემოკრატიული პროცესების გაგრძელება, დასავლეთისკენ გადახრილი საქართველოს მთავრობა, რომელიც მიიყვანს ქვეყანას იმაზე ახლოს ალიანსთან, ვიდრე ოდესმე. საქართველო იმსახურებს დასავლეთის მხარდაჭერას, მან უკვე შეიტანა თავისი წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, ახლა დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები უნდა დაეხმარონ საქართველოს წინსვლაში.
- მე ბევრჯერ მითქვამს, და არ მოვერიდები გამეორებას: საქართველო ალიანსის არაჩვეულებრივი პარტნიორია სამხედრო თვალსაზრისით. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა ჩვენთვის გააკეთეს ავღანეთში და სხვა ტერიტორიებზე ამერიკელების გვერდიგვერდ ბრძოლისას ხარვეზების გარეშე. თითქმის ყველა ქვეყანას ჰქონდა ესა თუ ის ნაკლოვანება ჩვენს ალიანსში, საქართველოს კი - არა. საქართველომ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ჩვენ მათ ვთხოვეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოდან [მისიაში] მსახურობდა იმაზე მეტი ჯარისკაცი, ვიდრე - ამერიკიდან. საქართველომ დაკარგა იმაზე მეტი ჯარისკაცი, ვიდრე - ალიანსის რომელიმე სხვა ქვეყანამ. ასე რომ, მათი წვლილი ავღანეთში და სხვა ადგილებში კითხვის ქვეშ დასაყენებელი არაა.
ჩემს გულში საქართველომ, სამხედრო თვალსაზრისით, უკვე დაიმსახურა ადგილი ნატოში და მან უნდა განაგრძოს ყველაფერ იმის გაკეთება, რასაც წარსულში აკეთებდა. მეორეც, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, როგორც ჩემს ქვეყანაშიც, საქართველოში არის გარკვეული შიდა პოლიტიკური არეულობა. ვისურვებდი, რომ საქართველომ ეს მოაგვაროს, ისევე როგორც ვისურვებდი, რომ ჩემმა საკუთარმა ქვეყანამაც შეძლოს ეს. ჩვენ ვისურვებდით, გვენახა დემოკრატიული პროცესების გაგრძელება, დასავლეთისკენ გადახრილი საქართველოს მთავრობა, რომელიც მიიყვანს ქვეყანას იმაზე ახლოს ალიანსთან, ვიდრე ოდესმე.
და რა მართებს ალიანსს საქართველოსი? ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვერ ვისაუბრებ სხვების ნაცვლად, მით უფრო, პოლიტიკრი ლიდერების ნაცვლად. მაგრამ ახლა რომ გაერთიანებული ძალების მეთაური ვიყო, ვეტყოდი ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს, რომ საქართველომ დაიმსახურა ჩვენი მხარდაჭერა.
საქართველო იმაახურებს დასავლეთის მხარდაჭერას, საქართველომ უკვე შეიტანა თავისი წვლილი დასავლეთის უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია დასავლეთის პოლიტიკური ლიდერებისგან, რომ არათუ არ გადგნენ უკან და ისე შეაფასონ, არამედ დაეხმარონ საქართველოს წინსვლაში. ჩვენ უნდა გადავიხაროთ მათკენ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მას წინ წაიწიოს დასავლეთთან ასოცირების საქმეში, როგორც პოლიტიკურად, ისე - სამხედრო თვალსაზრისით.