ვინ დაძლევს ევრორეკომენდაციების 12 პუნქტს?

თბილისი, 20 ივნისი, "წინ/შინ ევროპისკენ"

რას გულისხმობს რეკომენდაციების 12 პუნქტი, რაც საქართველომ ევროკავშირის საბჭოსგან მიიღო და როგორ, რა კონკრეტული ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ის დაიძლიოს? ამის შესახებ კონფერენცია თბილისში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამართა. საკითხზე მსჯელობისთვის და აზრთა ურთიერთგაზიარებისთვის კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ისე სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამ მასშტაბურ კონფერენციას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დასწრებიან.

პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულება არის შესაძლებელი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.

შეხვედრაზე სტუმრად მყოფმა გეერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა “ამერიკის ხმასთან” განაცხადა, რომ პოლიტიკურად სწრაფი ცვლილებების შესაძლებლობა არსებობს - „აქ წარმოადგინეს ფართო ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მე გამოვხატე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ ვინმეს სურს მიაღწიოს პროგრესს, ეს უნდა გააკეთოს დასავლური სტანდარტით. ეს გულისხმობს უკეთესი პოლიტიკური სისტემების შექმნას კონსტიტუციურად, ევროპულად. ამ ყველაფრის შესრულება მოკლე დროშიც არის შესაძლებელი, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება ამისთვის. ასეთ შემთხვევაში ძალიან სწრაფი ცვლილებებიცაა შესაძლებელი“.

Your browser doesn’t support HTML5

ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ელჩი საქართველოში

„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ თუ გადავხედავთ, პრაქტიულად რიტორიკას ხელისუფლების მხრიდან, რეკომენდაციების შესრულების შანსები თითქმის ნულია, გამომდინარე იქიდან, რომ ხელსუფლების აგრესიული რიტორიკა არ იცვლება, თუნდაც სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. არ ჩანს, რომ ხელისუფლებამ გაიგო რაიმე ევროკავშირის გზავნილიდან. ექვს თვეში რაღაცების გაკეთება არის შესაძლებელი. ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებ. ვერ მოაგვარებ წლობით დაგროვილ პრობლემებს 6 თვეში, მაგრამ არის საკითხები, სადაც პოლიტიკური ნების დემონსტრირებაა მნიშვნელოვანი. გარკვეული ჩართულობა პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ევროკავშირმა თუ დაინახა, თუ გაჩნდა ნიშნები, რომ ყინული დაიძრა და ხელისუფლება, პოლიტიკურ კლასთან ერთად, მზადაა ცვლილებებისთვის, შესაძლოა არც დაგვჭირდეს 12 პუნქტის ერთდროულად შესრულება. თუ მათ ნახეს, რომ ნახევარი მაინც შესრულდა ამ პირობებიდან და მეორე ნახევრის განხორციელებისთვისაც აფიქსირებს მზადყოფნას ხელისუფლება, ვფიქრობ, ეს საკმარისი სიგნალი იქნება ევროკავშირისთვის,“- ამბობს კორნელი კაკაჩია, “პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი.

Your browser doesn’t support HTML5

კორნელი კაკაჩია - ევრორეკომენდაციების ფარგლებში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ

ღია საზოგადოების ფონდის მკვლევარი, ვანო ჩხიკვაძე, რომელიც წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს და ერთ-ერთია მათგან, ვინც მაღალი კვალიფიკაციითა და ინფორმირებულობით გამოირჩევა ამ საკითხში, “ამერიკის ხმასთან” განმარტავს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები მომავალში ერთგვარ ხაფანგად, „მოძრავ სამიზნედ“ არ იქცეს. „მოძრავი სამიზნე“ გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მალე, საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, დაზუსტდეს, ამ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის ქვეშ რა იგულისხმება. რა შემთხვევაში ჩაითვლება ეს რეკომენდაციები შესრულებულად? ჩვენ, შესაძლოა, გადავგდათ გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ იქნება, თუ არა ეს ის, რაც მოთხოვნილია რეკომენდაციებში? არ აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ჩვენ სულ სხვა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. შეფასების ეტაპზე, არ მოხდეს ისე, რომ ამის გამო დავკარგოთ კანდიდატის სტატუსი,“- გვეუბნება ვანო ჩხიკვაძე.

6 თვიანი ვადის მინიჭება საქართველოსთვის გულისხმობს დროის მიცემას რეფორმირებისთვის. ვანო ჩხიკვაძე ამ საკითხს უყურებს, როგორც შესაძლებლობას. „შესაძლოა, ევროკავშირს ეთქვა, რომ აი ესაა 12 რეკომენდაცია. ჩვენ რეგულარულად შეგაფასებთ და როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ მოგანიჭებთ სტატუსს, ოდესმე. კარგია, რომ ეს ექვსთვიანი ვადა გვაქვს, რადგან ვიცით, რომ ამ ექვს თვეში გვაქვს გასაკეთებელი რაღაც, მაგრამ, მეორეს მხრივ, ისაა სირთულე, რადგან ამით იზრდება ზეწოლა ხელისუფლებაზე. რაც აქამდე, ბოლო სამი წლის მანძილზე, ვერ გააკეთა, თუ არ გააკეთა, მომავალ სამ თვეში უნდა გააკეთოს. რამდენად კარგად და ხარისხიანად გააკეთებს, ამას დრო გვაჩვენებს“,- ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

Your browser doesn’t support HTML5

ვანო ჩხიკვაძე იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად

ხელისუფლების წარმომადგენლები ერთის მხრივ აცხადებენ მზადყოფნას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, მეორეს მხრივ კი გარკვეულ ინტერპრეტირებას ცდილობენ.

„ჩვენ ვატყობთ, რომ ზოგიერთი პარტია და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უბრუნდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მდგომარეობას. იგივე აბსურდში ბრუნდებიან, როდესაც თავად არიან გამთიშველები, მაპოლარიზებელი ფაქტორი, უნდათ, რომ ხალხს წაართვან ის არჩევანი, რაც 2020 წელს გაკეთდა და ამ ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოდ, მიიღონ ძალაუფლება. როგორც კი ეჭვი გაგიჩნდებათ ამა თუ იმ განცხადების სისწორესთან დაკავშირებით, შეადარეთ პირველ პუნქტს, თუ პასუხობს მის მოთხოვნას დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით, ესე იგი, ეს არის სწორი განცხადება, თუ არ პასუხობს, ესე იგი, ესაა არასწორი, არაევროპული და არაპატრიოტული განცხადება,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 29 ივნისს. ორი დღის შემდეგ კი, 2 ივლისს მან თქვა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ოპოზიციასთან.

1 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა გეგმა იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს ის ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას. ამისთვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები და დაიწყოს მუშაობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე. ასევე დაკომპლექტდეს ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

„ახლა საკითხი დგას ასე - ვის სურს ევროპა? ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას, ევროპა, რომელიც გულისხმობს თანხმობას, კონსტრუქტიულ დისკუსიას, კამათს, მაგრამ ამავე დროს, დემოკრატიული დისკუსიის ფარგლებში დარჩენას და თანხმობისკენ სვლას. ესაა ჩვენი დაბიჯი და შეთავაზება... სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი რადიკალურ დღის წესრიგშია დარჩენილი, თუმცა ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ ისინი ამ პროცესს შემოუერთდნენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. ვისაც სურვილი აქვს იაროს ევროპისკენ, შემოგვიერთდეს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ.

სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის მხარდამჭერები 3 ივლისს მორიგი, ხალხმრავალი აქციისთვის ემზადებიან რუსთაველზე, პარლამენტის წინ. „სირცხვილია“ აქციის მთავარი ორგანიზატორია. 24 ივნისის აქციაზე მათ გააკეთეს განცხადება ახალი, სახალხო მოძრაობის შექმნის შესახებ, რომელსაც „შინ, ევროპისკენ“ ეწოდება. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი მათეულ ხედვას სთავაზობს საზოგადოებას იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია შესრულდეს და საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დასაწყისში მიიღოს.

Your browser doesn’t support HTML5

შოთა დიღმელაშვილი, "ეროვნული თანხმობის მთავრობის" იდეას აყენებს

„ტექნიკური მთავრობა, შეიძლება, ბევრნაირი იყოს. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს სრულ კონსენსუსზე დაკომპლექტებული მთავრობა, რომელსაც უპრიანი იქნებოდა, თუ ეროვნული თანხმობის მთავრობას ვუწოდებდით. ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტებისთვის გვაკლია მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობა. ჩვენ ვნახეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ დააყენა ეს მოთხოვნა, რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა. დარჩენილია მხოლოდ ხელისუფლების თანხმობა. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ კი არ უნდა წავიდეს მთლიანად ხელისუფლება, არამედ დაკომპლექტდეს მხოლოდ ახალი მთავრობა, პროფესიული ნიშნით, რომელშიც არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები,“- ამბობს “ამერიკის ხმასთან” შოთა დიღმელაშვილი.

ამგვარი მოდელით, შოთა დიღმელაშვილისა და მისი თანამოაზრეების თანახმად, ავტომატურად შესრულდება 2 პუნქტი ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან. ესაა პუნქტები დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესახებ. „დეპოლარიზაცია მოხდება, რადგან აქ მოქმედი პარტიების კონსენსუსი იქნება დაფიქსირებული. დეოლიგარქიზაცია კი მოხდება იმის გამო, რომ ახალი, კონსენსუსური მთავრობა არ იქნება შექმნილი ოლიგარქის მიერ და ამდენად, არ იქნება ანგარიშვალდებული მის წინაშე,“- ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

„ტექნიკური მთავრობის თემაზე საუბარი არის არარეალური, წარმოუდგენელი და იმდენად თითიდან გამოწოვილი და მოტანილი ჰაერიდან, რომ ვერც კი იმსჯელებ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ მოიდომო. არ მინდა ისე გაიგოთ, თითქოს ეს ვინმეს უნდა ამაზე მსჯელობა.. იმდენად ატყუებენ ამ მოთხოვნებით ქართულ საზოგადოებას... საქართველოს კონსტიტუციაში ვერანარი დათქმას ვერ მოვძებნით, რომლის ჩარჩოებშიც, ტექნიკური თვალსაზრისითაც კი რაღაც ასეთი არსებობს, სადაც მსგავსი მიმართულებით შეიძლება მსჯელობა. რაღაც გეგმა აქვთ, უტოპიური. შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი სიბრაზე გამოიწვიონ, თითქოს ეს საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნა, რომელიც აქციაზე დგება,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

Your browser doesn’t support HTML5

ზაზა ბიბილაშვილი იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად

„პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გაცილებით უფრო შემჭიდროვებულ ვადებშიც შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა საქართველოსთვის. პრობლემა ზუსტად ესაა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები იმ ფუნდამეტურ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ნება, რაც საჭიროა ამ ნაბიჯების გადასადგმელად. ყველაზე მარტივი მაგალითია დეოლიგარქიზაცია. ხელისუფლებამ თქვა, რომ მიიღებენ კანონს, რომელიც, სავარაუდოდ, მოერგება ოთხ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ არა იმ ერთ ადამიანს, რომელიც სახელითა და გვარით იდენტიფიცირებული იქნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, როგორც საქართველოს პრობლემა. შესაბამისად, ჩვენ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხელისუფლება იტყვის, რომ მათ ყველაფერი შეასრულეს და ახლა ბურთი ევროპელების მოედანზეა,“- გვეუბნება ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.

Your browser doesn’t support HTML5

ეკა აკობია 12 პუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესახებ

პოლიტოლოგები იმის თაობაზე თანხმდებიან, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას პოლიტიკური ნება სჭირდება. „საქართველო იმყოფება ისეთ გზაგასაყარზე, როდესაც კრისტალიზდება, თუ საით მიდის სახელმწიფო და მართვაზე პასუხისმგებელი გუნდი. ვხედავთ, რომ მათ არ სურთ რეფორმების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ 6 თვიანი ვადა მოგვცეს 12 პუნქტის შესასრულებლად, სტრატეგია არის დროის გაწელვა. „ევროკავშირში გაწევრიანება გრძელვადიანი პროცესია და არსად გვეჩქარება“ - ასეთია ხელისუფლების კურსი. პირდაპირ, გაცხადებულად ხდება ისრების გადატანა პროცესის გაწელვისკენ და არ აღიარება, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მნიშვნელოვანი თემები. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა და წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერი ფორმით. იქნება ეს დროებითი მთავრობის ფორმირება, სამოქალაქო აქტივიზმი, თუ სხვა,“- გვეუბნება ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი.

საქართველოს ექვსი თვე აქვს იმისთვის, რომ საჭირო ქულები მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამისთვის პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ევროკავშირის რეკომენდაციებს შორის პირველი პუნქტი - ერთ-ერთი პრობლემური გამოწვევაა. პოლიტიკურ პარტიებს, მმართველ გუნდს, სამოქალაქო სექტორს თავისი ხედვა აქვს ამ საკითხზე, რომელიც ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს. სანამ ეს მოხდება, ძალების გაზომვა კიდევ ერთხელ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციაზე მოხდება 3 ივლისს. „შინ ევროპისკენ“ მოწოდებაზე, ორგანიზატორები მრავალი ათასი მოქალაქის შეკრებას კიდევ ერთხელ გეგმავენ.