საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, საგვარეულო სასაფლაოზე, სამხედრო პატივით მიაბარეს მიწას, ქართველი მოხალისე ალუდა ზვიადაური. 42 წლის ზვიადაური უკრაინაში, 18 ივნისს, ლუჰანსკის ოლქის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ლისიჩანსკის სიახლოვეს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.
„დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, არ მიატოვა, უკან მიბრუნდა და შემდეგ, კილომეტრნახევარი ატარა. ზურგში აქვს ტყვია მონახვედრი და შემდეგ, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაც დააყოლეს"ნუგზარ ჭინჭარაული, ალუდა ზვიადაურის ბიძა
„დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან, არ მიატოვა, უკან მიბრუნდა და შემდეგ, კილომეტრნახევარი ატარა. ზურგში აქვს ტყვია მონახვედრი და შემდეგ, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაც დააყოლეს. იმ დაჭრილთან ერთად დაიღუპა. ვამაყოფ ალუდათი, კაცურად იცხოვრა და კაცურად დაიღუპა, საქართველოს მტერთან ბრძოლაში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გარდაცვლილის ბიძამ ნუგზარ ჭინჭარაულმა.
ოჯახის ინფორმაციით, ალუდა ზვიადაურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში, გატაცებული იყო კარატეთი, იყო საქართველოს შიტო რიუ კარატე დოს ფედერაციის ინსტრუქტორი.
ბოლო წლებში, ზვიადაური ლეგალურად ესტონეთში მუშაობდა. უკრაინაში მარტის დასაწყისში, სწორედ ტალინიდან გადავიდა, ისე, რომ ოჯახს არაფერი უთხრა. ის ჯერ მოხალისეთა ბატალიონ Карпатська Січ-ს შეუერთდა, შემდეგ უკრაინელი და ჩეჩენი მოხალისეებით დაკომპლექტებულ სამხედრო შენაერთთან ერთად იბრძოდა. მისი გადმოსვენება, პოლონეთის გავლით, 25 ივნისს მოხერხდა.
„საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო, უკეთილშობილესი და უკარგესი ბიჭი იყო, იბრძოდა უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ, იბრძოდა საქართველოსთვის და გმირულად წავიდა იქვეყნად“გიორგი ქიბიშაური, ალუდას მეგობარი
„საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო, უკეთილშობილესი და უკარგესი ბიჭი იყო, ნაკითხი, განათლებული, სამხედრო სამსახურის დროს, პარალელურად ლექციებზე დადიოდა. ამ სიყვარულით წავიდა უკრაინაშიც. იბრძოდა უკრაინაში საერთო მტრის წინააღმდეგ, იბრძოდა საქართველოსთვის და გმირულად წავიდა იქვეყნად“ - ამბობს ალუდას მეგობარი გიორგი ქიბიშაური.
რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ამ დროისთვის უკრაინაში, ასობით საქართველოს მოქალაქე, უკრაინის მოქალაქე ეთნიკური ქართველი თუ ქართული წარმოშობის უკრაინელი იბრძვის, 17 მათგანი ბრძოლის ველზე დაეცა. 2014-2021 წლებში კი უკრაინის დროშის ქვეშ - 11 ქართველი მეომარი დაიღუპა.
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)
ალუდა ზვიადაური 16.06.2022
კირილე შანავა 04.06.2022
დანიელ გერლიანი 03.06.2022
გიორგი გრიგოლია 03.06.2022
რატი შურღაია 14.05.2022
ტატო ბიგვავა 12.05.2022
ვიტალი ორბელაძე 23.04.2022
ზაზა ბიწაძე 16.04.2022
არკადი კასრაძე 16.04.2022
ალიკა ცაავა 16.04.2022
დავით მენაბდიშვილი 09.04.2022
ნიკა შანავა 09.04.2022
დავით გობეჯიშვილი 27.03.2022
ბახვა ჩიქობავა 19.03.2022
გია ბერიაშვილი 17.03.2022
დავით რატიანი 17.03.2022
ოლეგ გეგეჭკორი 08.03.2022
დავით შარტავა 18.04.2021
გიორგი სარალიძე 31.10.2017
დავით სიხარულიძე 11.05.2017
დავით გამსახურდია 08.10.2016
ირაკლი ქუთელია 09.12.2015
რეზო წიკლაური 29.04.2016
გიორგი ბარათელი 08.08.2015
კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015
გიორგი ჯანელიძე 18.04.2015
თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014