საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში შესაძლოა მმართველი უმრავლესობის გარეშე დარჩეს და საკუთარი ეკონომიკური დღის წესრიგი სულაც ვერ განახორციელოს. კენჭისყრის პირველ რაუნდში მემარცხენე ალიანსმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. შემდეგი რაუნდი მომდევნო კვირას გაიმართება. არჩევნები შესაძლოა სამი განსხვავებული შედეგით დასრულდეს.
აბსოლუტური უმრავლესობა
თუკი მემარცხენე რადიკალური პლატფორმის წარმატებით შეშინებული მოქალაქეები მაკრონის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს მისცემენ ხმას და 289 დეპუტატზე მეტს აირჩევენ, პრეზიდენტს პარლამენტში სრული უმრავლესობა ექნება და მისი წინააღმდეგობრივი საპენსიო რეფორმა თუ სხვა გადაწყვეტილებები განხორციელდება. თუმცა პრეზიდენტისთვის კანონების გატანა მაინც არც ისე ადვილი იქნება. მაკრონის ყოფილმა მოკავშირემ და მისი მთავრობის პრემიერმა ედუარდ ფილიპმა საკუთარი პარტია შექმნა, რომელიც ოფიციალურად მაკრონის უმრავლესობის ნაწილია, თუმცა სავარაუდოდ, მაკრონის დღის წესრიგს უფრო კონსერვატიული პოლიტიკის მოთხოვნით გაართულებს. კანონმდებელთა მცირე ჯგუფსაც კი შეუძლია ფილიპს მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანოს.
არასაკმარისი უმრავლესობა
მაკრონის კოალიციამ შესაძლოა ვერ მოახერხოს 289-მანდატიანი უმრავლესობის მოპოვება და მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში უდიდესი პარტია იქნება, არ ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა. ეს საფრანგეთისთვის უჩვეულო გამოცდილება იქნება, რადგან ამ შემთხვევისთვის ინსტიტუციური წესები კოალიციის შექმნის მოთხოვნის თაობაზე, როგორც ეს ბელგიასა და ნიდერლანდებშია მიღებული, არ არსებობს. მაკრონს შესაძლოა სხვა პარტიებთან საერთო ენის გამონახვა და კოალიციის შექმნა მოუხდეს, რაც კაბინეტში მნიშვნელოვანი როლების დათმობას და პოლიტიკის ნაწილის ცვლილებასაც მოითხოვს. თუკი ეს ვერ მოხერხდა, მაკრონის გუნდს თითოეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უშუალოდ დეპუტატებთან მოუწევს მუშაობა და მათგან თანხმობის მოპოვება, იქნება ეს ეკონომიკური თუ სოციალური რეფორმების მხარდაჭერა. თუმცა პრეზიდენტს კვლავ შეუძლია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ან დანიშვნის შესაძლებლობა გამოიყენოს იმისთვის, რომ ამა თუ იმ კანონის მიღება წაახალისოს. გამოკითხვების თანახმად, სწორედ ასეთი, დაყოფილი პარლამენტის შესაძლებლობა ახლა ყველაზე მაღალია.
კოჰაბიტაცია
არჩევნებში შესაძლოა ჟან-ლუკ მელენშონის რადიკალ მემარცხენეთა პლატფორმა დაწინაურდეს და ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა მოიპოვოს. ამ შემთხვევაში მაკრონს იმ პრემიერის დასახელება მოუწევს, ვისაც პარლამენტის ქვედა პალატის მხარდაჭერა აქვს და მომდევნო წლები ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდი იქნება. თუკი ის მელენშონის დასახელებაზე უარს იტყვის, სავარაუდოა, რომ პარლამენტის ახალი უმრავლესობა სხვა, ყველა მის კანდიდატს დაბლოკავს. მაკრონს კი ძალაუფლების მხოლოდ რამდენიმე "ინსტრუმენტიღა" დარჩება იმისთვის, რომ საკუთარი რეფორმები განახორციელოს. მაგრამ ის შეინარჩუნებს საგარეო პოლიტიკური კურსის წარმართვის პრეროგატივას, თუმცა ყოველდღიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მისი როლი შემცირდება. კოჰაბიტაციური პერიოდები საფრანგეთის ისტორიაში, როგორც წესი, ძლიეირ ინსტიტუციური დაძაბულობით გრძელდება პრეზდენტსა და პრემიერ-მინსიტრს შორის. მიუხედავად ამისა, ამომრჩევლებისთვის ეს მაინც საკმაოდ პოპულარული შედეგია. თუმცა ამ სამი ვარიანტიდან, გამოკითხვების თანახმად ყველაზე ნაკლებ რეალისტური დღევანდელ ვითარებაში სწორედ კოჰაბიტაციის შესაძლებლობაა.