აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაქდონალდი საქართველოში ვიზიტისას ყველა იმ სექტორის წარმომადგენელს შეხვდა, ვინც თანამედროვე პოლიტიკას აყალიბებს საქართველოში. 10 ივნისს, აშშ-ს მაღალჩინოსანი, ძირითადად, იმ საკითხებით ინტერესდებოდა, რაც ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ესაა ევროინტეგრაციის მიმართულება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხები. კარა მაქდონალდმა ვიზიტები აშშ-ს ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან ერთად წარმართა.
აშშ-ს მაღალჩინოსანი შეხვდა პარლამენტარებს უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, პრემიერ მინისტრის მრჩეველს, სახალხო დამცველს, მესამე სექტორისა და უმცირესობების წარმომადგენლებს.
კარა მაქდონალდის მასპინძლები პარლამენტში თამკდომარე შალვა პაპუაშვილი და მისი კოლეგები, ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე იყვნენ. უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, პარლამენტის თამჯმდომარემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ საკითს წარმოადენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი, დაგეგმილი რეფორმების დინამიკა, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების მიმართულებით.
კარა მაქდონალდმა მედიასთან მისი მთავარი გზავნილი გააჟღერა, რომელიც ეხება იმას, რომ საქართველომ არ უნდა გაუშვას დასავლეთთან ინტეგრაციის ისტორიული შანსი.
Your browser doesn’t support HTML5
„ჩამოვიტანე, ასე ვთქვათ, შეშფოთების გზავნილი ვაშინგტონიდან, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ. ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცენდენტო მოვლენებს რეგიონში, რომელთა შესახებ თქვენ კარგად იცით. ეს გახლავთ პუტინის მიერ პროვოცირებული და გაუმართლებელი ომი უკრაინაში. ეს არის ის, რაც საქართველოს უკვე აქვს გამოცდილი. ამასთანავე, ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც დღეს აქვს საქართველოს. ჩემი მესიჯი მკაფიოა, არ გაუშვათ შანსი ხელიდან! გაერთიანდით, რათა მიაღიოთ იმას, რაც სურს ქართველ ხალხს. ამ სურვილის ხორცშესხმისთვის თქვენ ძალიან ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი გიდგათ გვერდით“,- განაცხადა კარა მაქდონალდმა.
„დროას“ წარმომადგენელი ერთ-ერთია, ვინც კარა მაქდონალდთან შეხვედრას ესწრებოდა. “ამერიკის ხმასთან” ელენე ხოშტარია კარა მაქდონალდის მესიჯის თაობაზე აღნიშნავს. მისი თქმით, აშშ კიდევ ერთხელ აფიქსირებს მხარდაჭერასა და მზაობას საქართველოს დახმარების თაობაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით. „აშშ-ს წარმომადგენელმა ჩვენთან აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთვის პრიორიტეტად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რესურსები, ამ ეტაპზე გადასროლილია უკრაინაში. ის ინვესტიცია, რაც ჩვენს ქვეყანაში აქვს განხორციელებული ჩვენს მთავარ პარტნიორს, უყურადღებოდ არავის რჩება. ჩემი შთაბეჭდილებით, აშშ-ში დეტალურად არიან გათვითცნობიერებულები იმის თაობაზე, თუ რა მოვლენები მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დემოკრატიზაციის, ბიძინა ივანიშვნილის რუსული კავშირების, მედიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში. შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ აშშ-ს ჩართულობა და რეაგირება იქნება ყოველთვის ძალიან აქტიური“,- გვეუბნება ელენე ხოშტარია.
მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საუბრის ძირითადი თემები იყო კანონის უზენაესობის პრობლემა, დემოკრატიის უკუსვლა. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პოლიტიზირება და მედიის წინაშე მდგარი გამოწვევები. „ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყენებს მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენ ამ საკითხს შევეხეთ და ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას შესახებაც. ასევე იმის თაობაზე, თუ რა გავლენა ექნება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კურსს ევროინტეგრაციის პროცესზე. აშშ-ში კარგად აანალიზებენ, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, დემოკრატიის უკუსვლის თაობაზე. ეს საკითხი გვადარდებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-შიც,“- გვეუბნება ნიკა სიმონიშვნილი, საიას ხელმძღვანელი.
ხელისუფლების მიერ არჩეულმა კურსმა, ხელისუფლების დამოკიდებულებამ დასავლელი პარტნიორების მიმართ, არაერთი კითხვა გააჩინა ქვეყნის მომავალთან და პერსპექტივებთან დაკავშირებით. ეს საკითხი ერთ-ეთი საკვანძო გახლდათ აშშ-ს წარმომადგენელთან შეხვედრებზე. „მიუხედავად ყველაფრისა, მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირისკენ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გადავლახოთ ის გამოწვევები, რაც არსებობს და შევძლოთ ევროკავშირისკენ ღირსეული სვლა’,- ამბობს ნიკა სიმონიშვნილი.
კარა მაქდონალდის გამოსვლას გასული წლის მარტში, აშშ-ს სენატში, სადაც ის საქართველოს საკითზე მთავარი მომხსენებელი იყო, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში. ერთი წლის წინ კარა მაქდონალდი დადებითად აფასებდა საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ქვეყანას რეგიონის ლიდერად მიიჩნევდა დემოკრატიისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა იქვე ასახელებდა იმ საფრთხეებს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო შეიძლებოდა შექმნილიყო. ერთი წლის წინ კარა მაქდონალდი სენატში საუბრობდა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებისა და მედიასა და სამოქალაქო სექტორის ლიდერებზე შეერჩევითი ზეწოლის თაობაზე.
ერთი წლისა და ორი თვის შემდგომი ვითარების თაობაზე საქართველოში, შემდგარი შეხვედრებიდან, აშშ-ს წარმომადგენელი, სავარაუდოა, რომ საკმაოდ სრულყოფილი და ნათელი სურათით დაბრუნდება სამშობლოში.