ცხინვალში რეფერენდუმი აღარ შედგება. რეფერენდუმს უნდა გამოერკვია, სურდა თუ არა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთთან მიერთება.
ალან გაგლოევმა, დე-ფაქტო ცხინვალის ახალმა პრეზიდენტმა 17 ივლისის დანიშნული რეფერენდუმი გააუქმა და ბევრი ისაუბრა იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ იქნება რუსეთის ერთგული. 31 მაისს, რეფერენდუმის გაუქმების დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა მოვლენაზე, რომლის 30 წლისთავი 29 მაისს შესრულდა. 1992 წელს, 29 მაისს ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
17 ივლისისთვის რეფედენდუმი დე-ფაქტო ცხინვალში აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დანიშნა. მან ეს წინადადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პარალელურად წამოაყენა. იმ დროს, როდესაც მისი გამარჯვების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბიბილოვმა ამ გზით სცადა ადგილობრივების გულების მოგება. რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების თაობაზე დაპირება, პოლიტიკურ კარიერაში პრეზიდენტად არჩევაში მას 2017 წელს დაეხმარა, თიბილოვის წინააღმდეგ. ახლა ამ ტრუკმა აღარ იმუშავა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ახლა ალან გაგლოევია. ის კი ხალხს რეფერენდუმის გამართვას არ დაჰპირებია. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება რეფერენდუმის თაობაზე წინა პრეზიდენტს მემკვიდრეობით ერგო. ზურაბ ბენდიანიშვნილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის ხელმძღვანელი, ამერიკის ხმასთან აცხადებდა, რომ დე-ფაქტო ცხინვალის ახლო წარსულში არსებობს მაგალითები იმისა, რომ არჩევნების შედეგიც კი არ გაითვალისწინეს. ასე რომ, არც რეფერენდუმის გაუქმება იქნება დაუძლეველი გამოწვევა ახალი პრეზიდენტისთვის. ასეც მოხდა.
Your browser doesn’t support HTML5
„არსებობს გარკვეული საჭიროებები, რაც დიდ გავლენას ახდენს ადგილობრივების გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაზე ცხინვალში. როცა სჭირდებათ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება და გაუქმებაა შესაძლებელი. მაგალითად, ალა ჯიოევას დროს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს, სადაც არანაირი დარღვევა არ ყოფილა. უბრალოდ, ის ქალი მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ ფიგურას წარმოადგენდა. რეფერენდუმის შესახებ, დმიტრი პესკოვმაც კი განაცხადა და თქვა, რომ ის არასწორად იყო ფორმულირებული,“- აცხადებს ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.
რატომ იცვლება ცხინვალის პოზიცია და რა განაპირობებს ამ ცვლილებას იმ დროს, როდესაც ადგილობრივებს, თითქოს რუსეთთან მიერთება სურთ და არც დე-ფაქტო ხელმძღვანელობაა ამის წინააღმდეგი? შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ ამის მიზეზი რუსეთია, რომელსაც ცხინვალის ანექსიის თაობაზე გადაწყვეტილება 2008 წლის ომის შემდეგაც არ მიუღია.
„როცა ყირიმის ანექსია გადაწყვიტეს, ორ კვირაში დაამთავრეს პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს შეეძლო სამხრეთ ოსეთის ანექსია აქამდე უკვე განეხორციელებინა, ეს არ გააკეთეს. როგორც ჩანს, ამისგან პრაქტიკული სარგებელი ცოტაა. თუ ყირიმის ანექსიამ პუტინის რეიტინგი 80 პროცენტამდე გაზარდა და ამ ნიშნულზე გააჩერა ოთხი წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ანექსია იქნება მხოლოდ და მხოლოდ ყირიმის ანექსიის პაროდია. არანაირი შიდა პოლიტიკური ეფექტი მას არ ექნება.
რუსეთს ერთადერთი, რის გამოც შეიძლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორია სჭირდებოდეს, იქ სამხედრო ბაზების განთავსებაა. ასეთი კი მას უკვე აქვს, თანაც არა ერთი ათეული. „რუსეთში მიიჩნევენ, რომ სამხრეთ ოსეთის გამოყენება კიდევ ბევრჯერ შეიძლება, საქართველოსთან სავაჭროდ. ანექსიის შემთხვევაში, რუსეთი ამ ბერკეტს დაკარგავს. ასევე, გაუკრვეველი იქნება, რა ბედი ელის აფხაზეთს? აფხაზეთში ასე მარტივად არ დგას ანექსიის საკითხი. რეფერენდუმი რომც ჩაატარონ, გაუჭირდებათ საკმარისი რაოდენობით მხარდამჭერების მოპოვება ანექსიისთვის“,- ამბობს შოთა უტიაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
დე-ფაქტო ცხინვალის ახალი პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავად რუსეთთან მიერთების იდეას იზიარებს და ემხრობა. მიიჩნევს, რომ ესაა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური მიზანი და საუკეთესო მომავალი, თუმცა მეორეს მხრივ, ამ მომავლის დაჩქარება არ უნდა. ის ელოდება მკაფიო სიგნალს მოსკოვიდან იმის შესახებ, რომ მწვანე შუქი უკვე ანთია ფედერაციაში გაწევრიანებისთვის. სანამ მკვეთრი ნიშანი არ იქნება, გაგლოევი, რაც არ უნდა „პატრიოტული“ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული და ცხინვალისთვის საუკეთესო მომავალზე ფიქრობდეს, რუსეთის ფაქტორს, როგორც პრიორიტეტს, ვერსად დაემალება.
საკითხი შემდეგნაირად დგას - სამხრეთ ოსეთში კი სურთ რუსეთთან მიერთება, მაგრამ რუსეთს ეს არ სურს. რუსეთს სამხრეთ ოსეთის ბანქოს ხელიდან გაშვება არ უნდა, რადგან სანამ ის, როგორც პოტენციური კოზირი, მოთამაშის ხელშია, თამაშიც გრძელდება. მოსკოვს თამაშის დასრულება არ აწყობს.
„რუსეთისთვის ცხინვალში რეფერენდუმის გამართვა მიუღებელი იყო, რადგან მას ამ ეტაპზე საქართველოსთან კონფრონტაცია არ აწყობს. სხვათა შორის, გაგლოევი, თავის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამას პირდაპირ ამბობდა. ის აღნიშნავდა, რომ დღეს რუსეთს, უკრაინის ომის ფონზე, არ ენდომება საქართველოსთან სიტუაციის დაძაბვა. მით უმეტეს მაშინ, როცა თითქოსდა, ურთიერთგაგება არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენდა სამწუხაროდ. გაგლოევი ამბობდა, რომ ამ მიზეზების გამო იქნება რუსეთი რეფერენდუმის წინააღმდეგიო და ასეც გამოვიდა. რუსეთის მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებებით დადასტურდა, რომ ის ამ ეტაპზე არ თვლის რეფერენდუმის საკითხის განხილვას საჭიროდ,“- ამბობს ზურაბ ბენდიანიშვნილი.
თამაშის გაწელვის პოლიტიკის კიდევ ერთი ნიმუშია პასპორტიზაციის საკითხი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში. რუსული პასპორტების დარიგება რუსეთის ფედერაციამ ცხინვალში ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. რუსული პასპორტის აღება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უპრობლემოდ შეეძლოთ. ამის ისინი ორმაგ მოქალაქეობას იღებდნენ. 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ რუსეთის მოქალაქეების დაცვა დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად „მშვიდობის იძულების“ ოპერაციისთვის. თუმცა, ჩანს, რომ პასპორტიზაცია ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისიაა. ჯერ კიდევ ვერა და ვერ დასრულდა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის პასპორტების გადაცემა.
დე-ფაქტო ცხინვალის პარპორტიზაციისთვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პუტინმა კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი 28 მაისს. ესაა გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთის ფედერაციას შორის, ორმაგი მოქალაქეობის რატიფიცირების შესახებ. მანამდე კი, თებერვალში, უკრაინასთან ომის დაწყვების შემდეგ, პუტინმა ჯერ დუმას წარუდგინა სამხრეთ ოსეთელებისთვის ორმაგი მოქალაქეობის დოკუმენტი, მოგვიანებით კი თვითონ მოაწერა ხელი. დუმასთვის დოკუმენტის წარდგენას ოფიციალური თბილისი გამოეხმაურა და მას ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
საქმე იმაშია, რომ პასპორტიზაცია სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც რუსეთთან მიერთების საკითხი, წრეზე ტრიალებს. სხვაგვარად გაჭირდებოდა ახსნა იმისა, თუ რატომ იყო გუშინ წინ ხელმოსაწერი ორმაგი მოქალაქეობის საკითხი სამხრეთ ოსეთელებისთვის იმ დროს, როცა რუსეთმა ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო პასპორტიზაცია სამხრეთ ოსეთში და რუსეთის ფედერაციის პასპორტებზე შეუზღუდავი წვდომა მისცა ადგილობრივებს.
რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ ასევე უკვე შემდგარი ფაქტია. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული რუსეთთან მიერთების შესახებ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, თუმცა ის ჯერაც ფარატინა ფურცელია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენმა ათეულმა ათასმა ადამიანმა მოაწერა მას ხელი.