პატრუშევი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში განრიგით არ არის შეზღუდული

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს უკრაინაში, საკუთარი თავისთვის ვადების დაწესების გარეშე.

„პრეზიდენტის მიერ დასახული ყველა მიზანი შესრულდება. სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან სიმართლე, მათ შორის, ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარეზეა“, განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა გაზეთთან „არგუმენტები და ფაქტები“ ინტერვიუში. ”ჩვენ არ მივყვებით ვადებს”, დასძინა მან.

რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, თუმცა მოსკოვი მეზობელ ქვეყანაში შეჭრას დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. თავდაპირველად რუსეთი აცხადებდა, რომ „ოპერაციის“ მიზანი უკრაინის „დენაზიფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ იყო. თუმცა, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი წარუმატებლობა და მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

„ნაციზმი 100%-ით უნდა აღმოიფხვრას, თორემ რამდენიმე წელიწადში ის კვლავ აიმაღლებს თავს კიდევ უფრო მახინჯი ფორმით“, თქვა პატრუშევმა, რითაც კრემლის აქამდე განცხადებული მიზნები გაიმეორა.

პატრუშევმა აღნიშნა, რომ რუსეთი გრძელვადიანი კოონფლიქტისთვის ემზადება და მან ამაში დასავლეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინას დასავლეთი იყენებს რუსეთის შესაკავებლად და „იდეალური სცენარი მთელი ნატოსთვის, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, როგორც ჩანს, გაუთავებელი კონფლიქტი იქნება“.