აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარასკევს ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. ჩინური მედიის ინფორმაციით, სიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი კონფლიქტები არავის ინტერესებში შედის.
ასევე ნახეთ: კრემლი ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიანთეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ზარი თითქმის ორი საათი გაგრძელდა. საუბრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინელ კოლეგას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის და მისი მოკავშირეების თუ პარტნიორების პოზიცია დეტალურად გააცნო. ასევე დაწვრილებით აღწერა ის სანქციები, რომლებიც დასავლეთმა კრემლს დაუწესა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს ისიც უთხრა, რომ პეკინი გადაიხდის საფასურს იმ შემთხვევაში, თუ ის მხარს დაუჭერს რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელებაში და თუ "მატერიალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მაშინ, როცა ის [კრემლი] სასტიკ ბრძოლებს აწარმოებს უკრაინულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".
ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი კომუნიკაციის აუცილებლობას. ბაიდენმა და სიმ საკუთარ გუნდებს დაავალეს, სამომავლო კრიტიკულ პერიოდში, ამ საუბარზე დაყრდნობით, მუშაობა გააგრძელონ.
სიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უნდა უთხრას, რომ "დაასრულოს მისივე არჩეული ეს ომი და ეს ხოცვა-ჟლეტა" უკრაინაში - განაცხადა საუბრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანმა ტელეარხ MSNBC-ისთან ინტერვიუში. "ჩინეთი უნდა დადგეს ისტორიის სწორ მხარეს" და დაარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ის რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში არ ეხმარება - უთხრა შერმანმა კიდევ ერთ ინტერვიუში CNN-ს.