აშშ რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას განიხილავს

თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ საკი.

ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას და გზებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს გავლენა გლობალურ მარაგებსა და მომხმარებლებზე. ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა. პარალელურად, ამერიკელი კანონმდებლები, დაჩქარებული წესით მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთიდან ენერგო იმპორტის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

„ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ შევამციროთ რუსული ნავთობის იმპორტი და ასევე დავრწმუნდეთ, რომ შევინარჩუნებთ მიწოდების გლობალურ საჭიროებების უზრუნველყოფას“ - განუცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ საკიმ. მისი თქმით, თეთრი სახლი ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელ კანონმდებლებთან კონტაქტზე რჩება.

ასევე ნახეთ: ომის 10 დღე

ორპარტიული კანონპროექტი სენატორებმა, დემოკრატმა ჯო მანჩინმა და რესპუბლიკელმა ლიზა მურკოვსკიმ წარადგინეს. კანონპროექტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს და რუსეთის მიერ, ენერგო რესურსების „იარაღად ქცევას“ ეწინააღმდეგება.

“როიტერისა“ და „იპსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელ მოქალაქეთა უმრავლეოსობა, გამოკითხულთა 80%, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტის მხარდამჭერები, მხარს უჭერს რუსეთისგან ნავთობის ყიდვის შეწყვეტას.

ასევე ნახეთ: ზელენსკი ნატოს: ლიტრობით საწვავით ჩვენს ლიტრობით დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით

ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, შეერთებული შტატები 2021 წელს, რუსეთიდან თვეში საშუალოდ 20,4 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი და დამუშავებული პროდუქციის იმპორტს ახორციელებდა, რაც აშშ-ის თხევადი საწვავის იმპორტის დაახლოებით 8%-ს შეადგენს.