ბლინკენი: "ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან, მაგრამ ამისთვის მზად ვართ"

"ნატო დაიცავს თავის მოკავშირეებსა და მათ ტერიტორიებს რუსული თავდასხმის წინააღმდეგ", - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარასკევს ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე. მისი თქმით, ალიანსს არ სურს კონფლიქტი, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, ის მზადაა.

"ჩვენი ალიანსი თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი ჩვენამდე მოვა, ჩვენ მისთვის მზად ვართ, ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს", - უთხრა ამერიკის პირველმა დიპლომატმა რეპორტიორებს და კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ წამოწყებული ომი უკრაინაში და სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები.

"გასულ ღამეს ჩვენ ასევე ვნახეთ ცნობები იმის შესახებ, რომ თავდასხმა მოხდა ბირთვულ ენერგოსადგურზე. ეს აჩვენებს, რამდენად უგუნურია ეს ომი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი დასრულება, რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა და კეთილსინდისიერად დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართვა", - თქვა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა უკვე მეორე კვირაა გრძელდება. იერიშის სამიზნეა როგორც სტრატეგიული ობიექტები, ისე - მშვიდობიანი მოსახლეობა, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, კომუნალური უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურა და ა.შ. პარასკევს გათენებისას ზაპაროჟიეს რეგიონის ქალაქ ენერგოდარში რუსებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ევროპის უდიდეს ატომურ ენერგოსადგურზეც. თუმცა ობიექტის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ატომური დაბინძურების თავიდან აცილება ამ შემთხვევაში მოხერხდა.