საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს 22 თებერვალს შეხვდა. საგარეო პოლიტიკა, უკრაინაში განვითარებული მოვლენები კითხვებისა და პასუხების ძირითად თემას წარმოადგენდა.
შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ თებერვალი საქართველოსთვის მძიმე თვეა. მიმდინარე კვირასაა საქართველოს 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაციის წლისთავი - „ახალგაზრდა ქართველი ექთანი, 19 წლის მარო მაყაშვილი დაიღუპა თბილისის დაცვისას 1921 წლის თებერვალში. 22 თებერვალს მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი ოუპირებულ რეგიონში. ის ოკუპანტების ხელით დაიღუპა“.
პრეზიდენტის განცხადებით, თებერვალი უკრაინისთვისაც მძიმე თვეა, რადგან სწორედ ამ თვეს დაეცა კიევი, ბოლშევიკების გამოისობით, 1919 წელს. „ყველა ის ერი, ვინც რუსეთის სამეზობლოდ, პერიფერიაში ცხოვრობს, სოლიდარულები ვართ. ჩვენ იმაზე უკეთ გვესმის უკრაინელების, ვიდრე ეს, შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
"ამერიკის ხმის" კითხვაზე, იმის შესახებ, თუ რამდენად იყენებს საქართველო შანსს „მიებას“ უკრაინის საკითხს საერთაშორისო დონეზე, თუ განხილულა ეს პერსპექტივა საქართველოს პრემიერთან ერთად და თუ არსებობს პრეზიდენტი-პრემიერის საერთო პოზიცია ამ საკითხის თაობაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ უკვე მიბმული ვართ უკრაინის საკითხს“.
"ამერიკის ხმამ" პრეზიდენტს ჰკითხა იმის შესახებაც, თუ სად ხედავს საქართველოს ადგილს რეგიონში კრიზისის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ გამყარდება ალიანსი უკრაინას, ბრიტანეთსა და პოლონეთს შორის.
Your browser doesn’t support HTML5
„მე გასულ ზაფხულს ვმასპინძლობდი ასოცირებული ტრიოს წარმომადგენლებს - მოლდოვა, საქართველო, უკრაინა. ჩვენ გვქონდა ბრიფინგი პეტრას ციხესიმაგრეზე. ეს ქვეყნები მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი და მიბმული ვართ ევროკავშირთანაც და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთანაც, რასაც გულისხმობს ღია კარის პოლიტიკა. რაც შეეხება კრიზისს, ამ მხრივაც ვართ ურთიერთდაკავშირებული, რადგან ყველას ახსენდება საქართველოს გამოცდილება, ყველამ იცის ის სცენარი, თუმცა განსხვავებული, რაც რუსეთმა გამოიყენა საქართველოსთან მიმართებით და რასაც იმეორებს. ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და პირადად მეც, მოლაპარაკებებზე უცხოელ კოლეგებთან, ვამბობ იმის შესახებ, რომ რუსეთი რა საკითხებსაც წამოჭრის საქართველოსთან მიმართებით, ჩვენ ეს ასევე გვაბამს, გვაკავშირებს უკრაინასთან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები და ახლოდან ვადევნოთ თვალი იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. მე არ დაგიმალავთ, მე მქონდა კომუნიკაცია პოლონეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან და მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღია კრიზისი უკავშირდება უკრაინას და ჩვენი სიტუაციები განსხვავებულია, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება მომავალს, ჩვენ უნდა ვახსოვდეთ ყველას. ნათლად და გარკვევით - ჩვენ არ უნდა დაგვივიწყონ“.
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რამდენად არსებობს კომუნიკაცია საქართველოს უკრაინასთან „მიბმის“ საკითხზე, საერთაშორისო დონეზე საქართველოს პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის დეტალების გასაჯაროებას არ აპირებს. აქვე, მან ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ პარლამენტში გამოსვლისას, ისვე როგორც სხვა დონეზე საუბრებისას, მან დააყენა უკრაინაში საქართველოს ელჩის აუცილებელი ყოფნის საკითხი.
„არ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩემი კომუნიკაცია, რომელიც ამ სიტუაციის რელევანტური არ არის, აქ განსახილველია. ჩემი პოზიცია ჩვენი ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე დასაწყისშივე, სანამ უკრაინაში კრიზისი დაიწყებოდა, მკაფიოდ გამოვხატე. თქვენ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ არ გვყავდა ელჩი უკრაინაში და გასულ წელს, საპარლამენტო გამოსვლისას, სწორედ მე მოვითხოვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ჩვენი ელჩის უკან დაბრუნება, რადგან ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს ისტორიული კავშირები, მსგავსი პრობლემები და მომავალი აქვთ. ასე რომ, სიახლოვე უნდა შევინარჩუნოთ და ეს არის ის პრინციპი, რასაც მე ამ პროცესის ყველა საფეხურზე მივყვებოდი,“- ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიესალმება. „სანქციებსა და იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება, მე მთლიანობაში, საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით ევროპული საზოგადოებისა და ამერიკელი პარტნიორებისგან განსხვავებული აზრი არ მაქვს. სანქცია არის პასუხი. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა ხარ და არ პასუხობ ომს ომით, ვიცით, რომ ეს, შესაძლოა, დემოკრატიის სისუსტედ აღიქმებოდეს, თუმცა დემოკრატიები ასე მუშაობს... მექანიზმები სანქციებია, რომელსაც შეუძლია რაიმე სახის შედეგის მოტანა,“- განაცხადა პრეზიდენმა ზურაბიშვილმა „ბლუმბერგის“ შეკითხვაზე, თუმცა „რადიო თავისუფლების“ კითხვას ამავე თემაზე, იმის შესახებ, უნდა შეუერთდეს, თუ არა საქართველო სანქციის განმახორციელებელი ქვეყნების რიგს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს ხელისუფლების საქმეა.
„ჩვენ არ ვიცით, რა იქნება სანქციების დიაპაზონი. მე არ შემიძლია პასუხის გაცემა მთავრობის სახელით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლების საქმეა. ჩვენ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უკვე იხდის თავის საფასურს - ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ მდგომარეობისა და საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ. ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ, პარტნიორებთან ერთად სრულად სოლიდარულებად ყოფნის საჭიროებასა და ჩვენი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლიანად ყოფნას შორის. ეს შეკითხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთადაა სამსჯელო, დღეს, ჩემით, ამაზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ შემიძლია,“- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
რუსეთი პირდაპირ ანექსიისკენ მიდის, ომის წინაპირობის გარეშე - ასეთია პრეზიდენტის შეფასება უკრაინის ნაწილების აღიარების შესახებ საუბრისას. მისი თქმით, მთელი ევროპის უსაფრთხოება დღეს სასწორზე დგას და ჩვენც [საქართველო], მათთან ერთად, ერთ ნავში ვართ.