აშშ-ის მიერ სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია

ტერორისტული ჯგუფის, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია. შეერთებული შტატების საგანგებო ძალებმა, ის სირიის ჩრდილო-დასავლეთში ჩატარებული თავდასხმის დროს გაანადგურეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხუთშაბათ დილით გაკეთებულ განცხადებაში, ამირ მუჰამად საიდ აბდალ-რაჰმან ალ-მავლას - იგივე აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის სიკვდილის ცნობა დაადასტურა.

„წინა ღამით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩემი მითითებით, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გაეხადათ“, თქვა ბაიდენმა და „ჩვენი შეიარაღებული ძალების უნარი და სიმამაცე“ აღნიშნა. მან იქვე დაამატა: „ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა“.

დიდი ამერიკული კონტრ-ტერორისტული ოპერაციის შესახებ პირველი ცნობები სოციალურ მედიაში ოთხშაბათ ღამით გამოჩნდა. ზოგიერთი ცნობით, ამერიკულმა ძალებმა სამოქალაქო პირები ხმამაღლა მოლაპარაკეების მეშვეობით გააფრთხილეს სამიზნე სახლი დაეტოვებინათ, სანამ ინტენსიური ორმხრივი სროლა ატყდებოდა.

ბრიტანეთში ბაზირებული, ადამიანის უფლებების სირიული სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების თანახმად, ოპერაციის მშედეგად სულ ცოტა 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ქალი და ოთხი ბავშვი.

აშშ-ს ოფიციალურ პირებს სამოქალაქო მსხვერპლის თაობაზე გამოთქმულ ვარაუდებზე ჯერ-ჯერობით პასუხი არ გაუციათ, მაგრამ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სამხედრო უწყებამ ამ მისიას მაღალი შეფასება მისცა.

ალ-მავლამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მართვა 2019 წლის ნოემბერში გადაიბარა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს საგანგებო დანიშნულების ძალებმა ყოფილი ლიდერი ბაქრ ალ-ბაღდადი გაანადგურა.