კალათბურთში, ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის სექტემბერში, გერმანიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და საქართველომ უნდა უმასპინძლონ, ეს ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში გაირკვა. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ოფიციალურ ვებ-გვერდზე, უკვე დიდი ხანია იყიდება ბერლინში, კიოლნში, მილანსა და პრაღაში, ევრობასკეტზე დასასწრები ბილეთებიც, ზოგან სრულად გაიყიდა.
FIBA-ს ჩამონათვალში ამ დრომდე არ არის თბილისი, შესაბამისად, არც A ჯგუფის მატჩებზე დასასწრები ბილეთები იყიდება. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს დედაქალაქში ახალი საკალთბურთო დარბაზის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.
10500 ადამიანზე გათვლილი საკალათბურთო დარბაზის გახსნის ვადებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიწია. ახალი ვადა 2022 წლის ზაფხულია. ივლისში ახალმა არენამ პირველ სატესტო მატჩს უნდა უმასპინძლობს.
კითხვები რა თქმა უნდა არის დარბაზთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ფიბას დელეგაცია იყო დეკემბერში ჩამოსული და აღნიშნეს, რომ რომ ჩამორჩენა იყო მშენებლობის გრაფიკში. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა“ვიქტორ სანიკიძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, დეპუტატი
„კითხვები რა თქმა უნდა არის დარბაზთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ფიბას დელეგაცია იყო დეკემბერში ჩამოსული და აღნიშნეს, რომ ჩამორჩენა იყო მშენებლობის გრაფიკში. მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა“ - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ფედერაციის პრეზიდენტად სწორედ ფიბას დელეგაციის ბოლო ვიზიტის შემდეგ, პირადად პრემიერის მხარდაჭერით აირჩიეს.
სანიკიძის თქმით, „სრული კოორდინაცია გვაქვს ფედერაციას, სამინისტროს, სამშენებლო კომპანიას, რომელიც აშენებს ახალ დარბაზს, მივყვებით, ფიბას ახალ გეგმას, რომლის მიხედვით 4 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს, ახალ სპორტის სასახლეში უნდა ვუმასპინძლოთ. სექტემბერში კი ევროპის ჩემპიონატს“ - აცხადებს ვიქტორ სანიკიძე.
თავდაპირველი გეგმით, ევრობასკეტისთვის ახალი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი დიღმის მასივში უნდა აშენებულიყო, რომელიც ბიუჯეტს თითქმის 200 მილიონი ლარი დაუჯდებოდა. საბოლოოდ, პროექტის სიძვირის გამო, ახალი დარბაზის ბიუჯეტი 71 მილიონ ლარამდე შეიკვეცა.
Your browser doesn’t support HTML5
სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ახალი დარბაზის მშენებლობა 2019 წლის იანვარში უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის გვერდით დაიწყო. გადაწყდა, რომ 2015 წელს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული კომპლექსი, კალათბურთის ახალ დარბაზს გვირაბის და ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებოდა.
პირველი გეგმის მიხედვით, ახალი გაერთიანებული კომპლექსი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო, შემდეგ 2021 წლის მაისს-ივლისისთვის, თუმცა ორივე ეს გეგმა ჩავარდა. ამასობაში, ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით საერთოდ გადაიდო. რომ არა პანდემია და ფიბას ეს გადაწყვეტილება, სპეციალისტების აზრით, თბილისი ევრო 2021-ის მასპინძლობის უფლებას, დიდი ალბათობით, დაკარგავდა.
ამის შემდეგ, დარბაზის გახსნამ 2021 წლის ბოლომდე გადაიწია, შემდეგ 2022 წლის მარტამდე, მაგრამ, 2021 წლის დეკემბერში, ფიბას დელეგაციის ვიზიტის დროს ნათელი გახდა, რომ ვერც ეს გეგმა შესრულდებოდა.
ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა, აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს. რომ თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ვნახე, იმის გათვალისწინებით, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდებაკამილ ნოვაკი, ფიბას აღმასრულებელი მდივანი
„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ მას მერე, რაც გაწეული სამუშაოები ვნახეთ. შენობის გადახურვა წესით დასრულებული უნდა ყოფილიყო“ - განაცხადა დეკემბერში ფიბას აღმასრულებელმა მდივანმა კამილ ნოვაკმა. მისივე თქმით, „თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დარბაზს თებერვლის ფანჯრის სანაკრებო მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა, უკვე არარეალურია.“
„ახალი მიზანი ივნისი-ივლისის ფანჯარაა, აქ ყველაფერი მზად უნდა იყოს. რომ თამაშები ჩატარდეს სატესტო ტურნირზე. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ვნახე, იმის გათვალისწინებით, ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება“ - აღნიშნა მაშინ ფიბას მაღალჩინოსანმა. თბილისში ფიბას დელეგაციის მორიგ ვიზიტს, მშენებლობის ინსპექტირებისთვის ახლო მომავალში ელიან.
2022 წლის 1-7 სექტემბერს, თბილისმა, ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩებს უნდა უმასპინძლოს, ჩვენს დედაქალაქში უნდა ითამაშონ, ევროპის ერთ-ერთმა საკალათბურთო გრანდმა ესპანეთმა, ასევე: თურქეთმა, ბელგიამ, ბულგარეთმა, რუსეთმა და მასპინძელმა საქართველომ.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებისთვის, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში, საქართველოს მიერ გადასახდელი საგარანტიო თანხა, ჯამში - 1 800 000 ევროა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში, ახალი საკალათბურთო არენის მშენებელმა კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ სახელმწიფოსგან, სამუშაოების დასრულებისთვის, დამატებით 20 მილიონი ლარი მოითხოვა.