პოლიციელების მიერ მეტროსადგურ „ისანში“ განხორციელებული ძალადობის შემთხვევამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. კადრებმა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ფიზიკურ ძალას პოლიციელი ასასრულწლოვანი, შშმ პირის ცემისთვის, სრულიად მედია და სოციალური ქსელები დაიპყრო. ინციდენტის შეფასებები მკვეთრად მწვავეა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნავს, რომ ესაა პოლიციასა და ზოგადად, ძალოვან სტრუქტურებში სისტემური დანაშაულის ფრაგმენტი და პოლიციას საბჭოურ მილიციასთან აიგივებს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ესაა „გადაცდომის“ ცალკეული შემთხვევა და მას უწებაში სისტემური ხასიათის პრობლემასთან საერთო არაფერი აქვს.
25 იანვარს, შემთხვევდან მეორე დღესვე შშმ მოზარდი, მშობლისა და ადვოკატის თანდასწრებით, გამოკითხა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ბრიფინგზე, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა ინციდენტის თაობაზე ისაუბრა, ითქვა, რომ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.
Your browser doesn’t support HTML5
„2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს,“- ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.
ინციდენტის დროს მეტროსადგურ „ისანში“ შშმ პირთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობრებიც. ისინი მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ და ჩვენება მისცენ.
საზოგადოების წარმომადგენლები 25 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში პოლიციელების მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტს რამდენიმე ლოკაციაზე აპროტესტებდნენ. შშმ ბავშვების მშობლები ჯერ კიდევ 24 იანვარს, გვიან ღამით მივიდნენ შს სამინისტროს შენობასთან. 25 იანვარს პროტესტი გაგრძელდა შს სამინისტროს შენობასთან და ასევე „ქართული ოცნების“ ოფისთან. საღამოს 7 საათზე მოქალაქეები სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ. ძალადობა გააპროტესტეს ბათუმშიც.
შშმ არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი დაკავებების გარეშე არ დასრულებულა. პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე „განარიდა“ აქციიდან. ის ცდილობდა სტიკერების გაკვრას, რომელზეც იმ ადამიანების გვარები იყო დატანილი, ვინც სისტემური ძალადობის მსხვერპლადაა მიჩნეული. დემურ სტურუა, ლუკა სირაძე, ლევან აბზიანიძე, ლექსო ლაშქარავა - ამ სიაში გახლავთ. პოლიციამ აქტივისტებს უფლება არ მისცა სტიკერები ამ ადამიანთა გვარებით ხეებსა და ბოძებზე გაეკრათ.
შს სამინისტროსთან სცადეს „დროას“ აქტივისტის, შუშანა მაცაბერიძის დაკავებაც, რაც დროსაც მან პოლიციელის მუშტი მოხვდა მუცელში. შუშანას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
"ამერიკის ხმასთან" საუბრისას ანა არგანაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამ შემთხვევის შეფასებისთვის, გასათვალისწინებელია სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის იმ ფაქტების მხედველობაში მიღება, რაც ამ დრომდე მომხდარა. „ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს არაერთი ფაქტი, როდესაც სამართალდამცავების მხრიდან ხდებოდა არა უფლებების დაცვა, არამედ მათი დარღვევა. თუნდაც, ლუკა სირაძის შემთხვევა და არაერთი ასეთი. უკანასკნელი ფაქტი, ჩვენი შეფასებით, არის სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაული. ანუ შშმ პირი იყო შერჩეული მსხვერპლად იმიტომ, რომ ის იყო დაუცველი. სიძულვილის მოტივი ამ სისტემაში, სამწუხაროდ არის ძალიან ღრმად გამჯდარი“,- გვეუბნება ანა არგანაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სისტემურ დანაშაულს ადგილი არ აქვს. „ეს პირები წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. ეს, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად მოწოდებულია კანონისა და მოქალაქის უფლებების დაცვისკენ. ამავდროულად, პოლიცია, მიუხედავად ისეთი რეციდივებისა, რომლის მოწმეც გუშინ გავხდით, არის სისტემურად უკეთეს ვითარებაში გადასული, ვიდრე ადრე, ან ოდესმე ყოფილა. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ფაქტი ერთეული იყოს და არავითან შემთხვევაში ამას არ მიეცეს სისტემური ხასიათი,“- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
ანა არგანაშვილის აზრით კი დისკრიმინაციული დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ ძალიან ხშირად გვხვდება. შეიძლება, ეს უმცირესობა დღეს იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხვალ ლგბტ თემი, ზეგ რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელი...
„სისტემური დანაშაულის შესახებ საუბრისკენ ის გვიბიძგებს, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს ნებას, გამოიძიოს მსგავსი დანაშაულები. ვერ ვხედავთ ელემენტარულ პრევენციას, რომ ასეთი შემთხვევები არ მომხდარიყო. ყველა ვხედავთ, რომ შს მინისტრი გადადგა და შემდეგ ისევ დაბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ გრძნობს ასეთ დანაშაულზე და ყველაფერი რჩება დაუსჯელი. ეს. რა თქმა უნდა, შემდეგ, კიდევ ერთხელ წაახალისებს პოლიციელებს, სხვა სამართალდამცავებს,“- ამბობს ანა არგანაშვილი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელსაც უშუალოდ ევალა კონტროლი იმ დანაშაულებებზე და მათი ჩამდენების მიმართ, ვინც სისტემას წარმოადგენდა, ერთ თქვეში აღარ იარსებებს. ეს დამოუკიდებელი უწყება გაუქმებულია, მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რასაც ამ გზაზე როგორც მესამე სექტორი, ისე საერთაშორისო თანამეგობრობა სწევდა.
„როდესაც გააუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ჩვენი ერთ-ერთი დიდი შიში ის იყო, რომ გამრავლდებოდა ზუსტად იმ სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული, ვისზე მონიტორინგიც მას ეხებოდა. ეს შიში ძალიან მალე აგვიხდა. ერთი თვეც არაა, რაც ამ უწყების გაუქმების შესახებ მოვისმინეთ და ამ დროში გამძაფრდა დანაშაული სამართალდამცავთა მხრიდან, იგივე აჭარაში. ჩვენი შიში სამწუხაროდ, რეალური აღმოჩნდა. ადამიანებმა დაინახეს, რომ ის უწყება, რომელიც ანგარიშვალდებულებას სთხოვდა და დანაშაულს მიუკერძოებლად იძიებდა, აღარ იარსებებს. უფრო მეტიც, ის დაისაჯა დამოუკიდებლობის გამო. ესაა წახალისება ამ ტიპის დანაშაულებებისა ამ ქვეყანაში,“- მიიჩნევს ანა არგანაშვილი.
Your browser doesn’t support HTML5
საპროტესტო აქციები 26 იანვარსაც გრძელდება. გაიზარდა მათი მასშტაბი. თბილისსა და ბათუმს საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული პროტესტი შეემატა, სადაც, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის მოთხოვნასთან ერთად, ისმის შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომის შესახებ მოწოდებაც.
შშმ არასრულწლოვანი პირის მიმართ დანაშაულის ჩამდენი პოლიციელები ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. აღიარებენ თუ არა ბრალს, ამის შესახებ საზგადოებისთვის ცნობილი არაა.