შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა ბაიდენის ადმინისტრაციის დიდი მცდელობა, ბიზნესების თანამშრომლებისთვის სავალდებულო გაეხადა აცრა ან მუდმივად ტესტების ჩატარება და სამუშაო ადგილზე პირბადის გამოყენება. ადმინისტრაცია ამ ღონისძიებით ქვეყანაში „კოვიდ-19“ ვაქცინაციის დონის მკვეთრად გაზრდას ცდილობდა.
იმავდროულად, სასამართლომ ადმინისტრაციას ნება დართო, ჯანდაცვის მუშაკების უმრავლესობისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს. სასამართლომ გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო, იმ დროს როდესაც „ომიკრონის“ ვარიანტმა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ასევე ნახეთ: აშშ-ში სკოლები კოვიდ-19-ის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე რეაგირებას ცდილობენსასამართლოს კონსერვატიულმა უმრავლესობამ დაასკვნა, რომ ადმინისტრაცია თავის უფლებამოსილებას გასცდა, როდესაც სულ ცოტა 100 თანამშრომლის მყოლი ამერიკული ბიზნესებისთვის, შრომის უსაფრთხოების და ჯანდაცვის ადმინისტრაციის „აცრა ან ტესტი“ წესი სავალდებულო გახადა. შეიძლებოდა ეს წესი 80 მილიონ ადამიანს შეხებოდა და შრომის უსაფრთხოების ადმინისტრაციის შეფასებით, 6,500 სიცოცხლეს გადაარჩენდა და ექვსი თვის განმავლობაში 250 ათასი ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებას შეძლებდა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის „გაწბილებულია იმით, რომ უზენაესმა სასამართლომ არჩია დაებლოკა გონივრული, სიცოცხლის გადამრჩენი მოთხოვნები დიდი ბიზნესების თანამშრომლებისთვის, რომელიც მეცნიერებაზე და კანონზე იყო დაფუძნებული.“
შრომის უსაფრთხოების და ჯანდაცვის ადმინისტრაციის რეგულაცია თავდაპირველად ახალ ორლეანში, ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაბლოკა, შემდეგ ცინცინატიში, ფედერალურმა სააპელაციო კომისიამ დაუშვა.
შრომის უსაფრთხოების ადმინისტრაციის საგანგებო რეგულაციას ბიზნეს ჯგუფები დაესხნენ თავს და აცხადებდნენ, რომ გადაჭარბებულად ძვირი ჯდებოდა და სავარაუდოდ თანამშრომლების სამსახურიდან წასვლას გამოიწვევდა იმ დროს, როდესაც ახალი მუშაკების პოვნა უკვე გაძნელებულია.