თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს დაადგინოს, თუ რამდენად მუშაობს ესა თუ ის ზომა, რომელსაც ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ. უმეტესობას აინტერესებს, რამდენად ეფექტურია მიმოსვლის შეზღუდვის რეგულაციები, სოციალური დისტანცირების ზომები, კარანტინი, თუ ზოგან - კომენდანტის საათიც კი.
ყველაზე უფრო საინტერესო ის უნდა იყოს, თუ რამდენ ხანში დასრულდება ეს ყველაფერი და როდის დავუბრუნდებით ცხოვრების ძველებურ სტილს. ანალიზის გასაკეთებლად და დასკვნების გამოსატანად, აუცილებელია მონაცემთა ბაზები, რისთვისაც მთავრობები ზოგჯერ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს მიმართავენ, როგორიცაა მაგალითად "გუგლი", ან "ფეისბუქი".
სმარტ-თერმომეტრი
ერთ-ერთი მეთოდი ე.წ. სმარტ-თერმომეტრია, რომელიც ინტერნეტთანაა დაკავშირებული და სიცხის მონიტორინგს რეალურ დროში აწარმოებს. თუ მაღალი სიცხეების მიხედვით, გეოგრაფიული კლასტერები დადგინდა, მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება და კოვიდ-19-ის ტრაექტორიისთვის თვალის მიდევნებაც იოლად შეიძლება.
სან-ფრანცისკოში მდებარე კომპანიის "კინსა" სმარტ-თერმომეტრებით ამერიკაში სიცხეს დღეში 100 000-ზე მეტი ადამიანი ისინჯავს. თუმცა, ის იაფი არ არის, "კინსას" ფასი შეერთებულ შტატებში $35-დან იწყება.
სიცხის გაზომვისთანავე, მომხმარებლის ტემპერატურა ინტერნეტით აღირიცხება კომპანიის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში: "კინსა - ჯანმრთელობა" (Kinsa Health). შესაბამისად, ხდება მონიტორინგი, თუ სად იწყება სეზონური გრიპი, სად და როდის უფრო მძვინვარებს ის ყველაზე მეტად, ან - როდის სრულდება. ზოგჯერ ეს ინფორმაცია "კინსას" რამდენიმე კვირით უფრო ადრე აქვს, ვიდრე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს.
კოვიდ-19-ის პირველი კლასტერები
კომპანიამ "კინსა" კორონავირუსით დაავადებული სიცხიანი ადამიანების პირველი კლასტერები მარტის შუა რიცხვებში ფლორიდის და ნიუ-იორკის შტატებში დააფიქსირა. მაშინ კომპანიაში ზუსტად არ იცოდნენ, იყო ეს კოვიდ-19-ის შემთხვევები, თუ არა. თუმცა, ეს პირველი საყურადღებო სიგნალი იყო - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ინდერ სინგი.
"ეს სასიგნალო ფარნის ანთებასავით იყო... გვაუწყებდა: ჰეი, აი აქ არის აფეთქება. კიდევ აქ არის. მოდით და შეისწავლეთ, ვირუსოლოგები გამოაგზავნეთ, ანალიზები აიღეთ" - ყვება ინდერ სინგი.
მოგვიანებით, კომპანიამ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ამერიკის ჯანმრთელობის რუკა შექმნა. მათ მიერ აღრიცხული შემთხვევებით მიღებული მონაცემთა ბაზა უმეტესად ემთხვევა შტატებში კორონავირუსის გავრცელების მხრივ შექმნილ ვითარებას. ნებისმიერ ამერიკელს შეუძლია რუკის შემოწმება და ნახვა, თუ რა სიტუაციაა მის რეგიონში.
სად ვარდება ტემპერატურა
"კინსამ" ახლახან უფრო დეტალურად შეისწავლა ის შტატები და ქალაქები, სადაც სოციალური დისტანცირების უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღეს. კომპანიის ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს, რომ იქ, სადაც მკაცრი რეგულაციებია, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, სიცხიანთა კლასტერებში ტემპერატურის ვარდნა შეინიშნება.
ინდერ სინგის თქმით, "სავსებით ნათელია, რომ როცა სოციალური დისტანცირებისთვის აგრესიულ ზომებს იღებ, როგორიცაა - შინ დარჩენის რეგულაცია, მიმოსვლის 24-საათიანი შეზღუდვა, ბარების და რესტორნების დაკეტვა - სამიდან შვიდ დღემდე ინტერვალში, მაღალი ტემპერატურის ტენდენცია კლებას იწყებს, რადგან ინფიცირების ჯაჭვი წყდება".
ჩასაფრებული საფრთხე
სმარტ-თერმომეტრის დადებითი მხარეების და სასიკეთო ტენდენციების მიუხედავად, ინდერ სინგს ერთი რამ აშფოთებს. და ეს არის ინფექციის ხელახალი დაბრუნება.
"მაწუხებს ის, რომ არსებობს მცირე ჯგუფები, მცირე დასახლებები, სადაც ვირუსი წრეზე ტრიალებს. ასეთ დროს რეზერვუარის ეფექტს ვიღებთ. კოვიდ-19 ჩასაფრებულია და როგორც კი მოვდუნდებით, მოგვბეზრდება და სოციალური დისტანცირების წესებს აღარ დავიცავთ, ის ისევ დატრიალდება და გავრცელდება" - ამბობს ინდერ სინგი.
კრიტიკოსები
რა თქმა უნდა, "კინსას" სმარტ-თერმომეტრები ზუსტ ინფორმაციას არ ასახავს და გარკვეული ლიმიტები აქვს. მიზეზი მარტივია: ხალხში უამრავი ძველი, ტრადიციული თერმომეტრია, რომელიც ინფორმაციას ინტერნეტში არ აღრიცხავს.
კომპანიის მიერ შექმნილ რუკას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში შექმნილ ვითარებასაც არათანაბრად ასახავს. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ სმარტ-ტექნოლოგიები უფრო ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლებს აქვთ.
ასეა თუ ისე, "კინსას" მონაცემები მაინც მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ის ხშირად ჯანდაცვის სპეციალისტებს ახალი აფეთქებების პროგნოზირებაში ეხმარება. შესაბამისად, მედიკოსებს წინასწარ თადარიგის დაჭერა და უფრო ქმედითი ზომების გატარება შეუძლიათ.