შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ისტორიაში შედის, როგორც პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიის პირველი სავარაუდო ნომინანტი ხდება. თავად კლინტონი შეფასებებში ფრთხილობს და მხარდამჭერებს ურჩევს, ყურადღება უფრო მეტად დღეს 6 შტატში დანიშნულ მნიშვნელოვან პრაიმერებზე გაამახვილონ.
ნომინაციის საბოლოო ბედს ივლისში დემოკრატთა კონვენცია გადაწყვეტს. თუმცა, სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ჰილარი კლინტონს პრაიმერებზე დელეგატების საკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა უკვე გააჩნია იმისთვის, რომ ვერმონტის სენატორს ბერნი სანდერსს მოუგოს. სანდერსის კამპანიის პრეს-სპიკერმა მაიკლ ბრიგსმა მედია კლინტონის გვირგვინით ნაადრევი შემკობისთვის და ნაჩქარევი შეფასებებისთვის გააკრიტიკა.