მთიან ყარაბაღში ვითარების უკიდურესმა დაძაბვამ ავტომატური ასახვა ჰპოვა საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ თემში. როგორც ქვემო ქართლში, ისე ჯავახეთში, უკვე გაკეთდა სახიფათო განცხადებები, მოხალისეთა მზაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტის ზონაში საბრძოლველად გაემგზავრონ.
„ასობით ჯავახელი სომეხი მზად არის ჩავიდეს არცახში პირველივე დაძახებაზე“ - ეს განცხადება „ერთიანი ჯავახკის“ ლიდერმა ვაჰაგან ჩახალიანმა გაავრცელა. ჩახალიანი იარაღის შეძენა-შენახვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 2008 წელს უკვე იყო დაკავებული. მას 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე, იგი 2013 წელს გათავისუფლდა.
“ამ სამართლიან ომში ჩვენ ვართ აზერბაიჯანის მხარეს, თუ საჭირო გახდა დახმარება, ჩვენ მზად ვართ საომრად“ - ეს განცხადება კი ალი ბაბაევს ეკუთვნის „საქართველოს აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელს. კონგრესის ინფორმაციით, საქართველოს 1000-მდე მოქალაქე, ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა მარნეულსა და გარდაბანში უკვე გამოთქვა მოხალისეობის სურვილი.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ყარაბაღიდან მომდინარე ეს და სხვა საფრთხეები გაწერილია, საქართველოს უშიშროების საბჭოს საიდუმლო დოკუმენტში.
„პოტენციურად ეს საფრთხე მოულოდნელი არ იყო. საქართველოს აქვს სისტემა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმარების, რომელიც საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ეფუძნება. ეს სრულიად საიდუმლო დოკუმენტია, მაგრამ მისი ნაწილი გასაჯაროებული იყო.
ამ დოკუმენტში, ასეთი სცენარები არის განხილული და ასევე განხილულია ის შესაძლო შედეგები და პოზიციები, რაც საქართველომ უნდა დაიჭიროს. ასევე მოყვანილია ის ბერკეტები, რისი საშუალებითაც უნდა მოხდეს ჩვენი ინტერესების დაცვა.“
ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 15 პროცენტს შეადგენენ. თბილისის გარდა, აზერბაიჯანელები, ძირითადად, ქვემო ქართლის მხარეში, ხოლო სომხები - კომპაქტურად სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ.
საქართველოს ეს ორი თემი ყარაბაღის ომში 1992-94 წლებშიც აქტიურად იყო ჩართული. პირველი კამპანიის დროს, ყარაბაღში 54 ჯავახელი სომეხი დაიღუპა, მათ საპატივცემულოდ, რამდენიმე მონუმენტია აღმართული ჯავახეთში და ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანთან ახლოს, სოფელ პროშიანში. 1992 წლის მაისში, ყარაბაღის ქალაქი შუშა კი თბილისელმა სომეხმა, გენერალმა არტუშ თადევოსიანმა აიღო, რისთვისაც მას „არცახის გმირის“ წოდება მიანიჭეს.
ყარაბაღის პირველი ომის დროს დაღუპული, ქართველი აზერბაიჯანელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ქვემო ქართლში, ყოველ წელს იხსენებენ 1992 წლის 25 თებერვლის ხოჯალის ტრაგედიას, რომლის დროსაც სომეხმა სამხედროებმა 600-ზე მეტი აზერბაიჯანელი მოკლეს. წელს, მასშტაბური ღონისძიება მარნეულში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ლეილა ალიევას პატრონაჟით გაიმართა. კონფლიქტოლოგი მიხეილ მირზიაშვილი ამბობს:
„როგორ შეიძლება ყარაბაღის ომმა გავლენა იქონიოს ჩვენს ქვეყანაზე? ბუნებრივია, ორივე ჩვენი, ახლო მეზობელი ქვეყანაა, კავშირები უამრავია. დაწყებული, ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სომხებით, ეს გავლენაც შეიძლება და სტატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში გავლენით დამთავრებული.
ჩვენს ყველა სახელმწიფო დოკუმენტში, უსაფრთხოების შესახებ, ხაზგასმულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი საფრთხე რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, საქართველოსთვისაც.“
მთიანი ყარაბაღის ომში ჩართვის სურვილი ასევე გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის“ დაჯგუფებამ. ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს რუსეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტია“ და ლეგიონი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს აზერბაიჯანელ ხალხს „ოკუპირებული მიწების“ დაბრუნებაში.
საინტერესოა, რომ საქართველო, მართალია უშუალოდ არ ესაზღვრება ყარაბაღის კონფლიქტის ზონას, მაგრამ მარნეულის რაიონში, სოფელ თექალის მიმდებარედ, სადაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი იკვეთება, ჯერ კიდევ, ყარაბაღის პირველი ომის დროიდან, სასაზღვრო ზონა დანაღმულია, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან.