პეტრო პოროშენკოს პროფილი

იმის გამო, რომ საწყისი კაპიტალი საკონდიტრო ბიზნესში დააგროვა, პეტრო პოროშენკოს უკრაინაში „შოკოლადის მეფეც“ კი შეარქვეს. შემდეგ მისი ინტერესები გაფართოვდა და ის ინვესტიციებს საწარმოებში და მედიაშიც დებდა. ცნობილი ბიზნესმენი პოლიტიკაში უცხო სახე არ არის. 48 წლის მილიარდერი წარსულში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა და ქვეყნის მე-9 საგარეო საქმეთა მინისტრიც გახლდათ.

Your browser doesn’t support HTML5

პოროშენკოს პროფილი


კიევის მეიდანზე გასული წლის ბოლოს დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე პოროშენკო რეგულარული სპიკერი იყო. ის გმობდა უკრაინაში გამეფებულ კორუფციას და ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების მომხრედ გამოდიოდა. ლონდონის პოლიტიკის ინსტიტუტის -ჩატამ-ჰაუსის- წარმომადგენელი, ორისია ლუცევიჩი ამბობს, რომ პოროშენკომ ყველაზე დიდი პოპულარობა სწორედ იმ დღეებში მოიპოვა.

„ის პოპულარული ბოლო საპროტესტო გამოსვლებზე იმიტომ გახდა, რომ ძალიან პირდაპირი და თავდაჯერებული ჩანდა. ამასთან ერთად, პოროშენკო არც ქვეყნის არსებულ მთავრობასთან ასოცირდებოდა“ - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

„შოკოლადის მეფეს“ ზურგს ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, ყოფილი ბოქსიორი -ვიტალი კლიჩკოც- უმაგრებდა. პოროშენკო მოსახლეობას რევოლუციური გზის გაგრძელებას დაპირდა.

„ახალი ქვეყანა დაიბადა. ახალი ხალხი დაიბადა. თუმცა, ძველი პოლიტიკოსებიც აქ დარჩნენ. და მე ყველანაირად შევეცადე, რომ პოლიტიკოსები, მთავრობა, ოფიციალური პირები და პრეზიდენტი რევოლუციით დაბადებული ხალხის მიმართ ადეკვატურები ყოფილიყვნენ“ - აცხადებს ის.

პოროშენკომ ნარინჯისფერი რევოლუციის დროსაც დიდი როლი ითამაშა. 2004 წელს ის იულია ტიმოშენკოს მხარდამხარ იბრძოდა. დღეს ისინი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეტოქეები არიან. ექსპრემიერი ტიმოშენკო საზოგადოებრივ გამოკითხვაში ყოფილ თანამებრძოლს ბევრად ჩამორჩება. პოროშენკო საარჩევნო პლატფორმას ძირითადად კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე აგებს.

„აქ რომ ჩამოდიხარ, ძალიან უსაფრთხო, გულთბილი ქვეყანა გხვდება, რომელსაც ძალზე გამოცდილი მუშახელი ჰყავს და ბიზნესის წარმოების მცირე ხარჯებითაც გამოირჩევა. ერთადერთი დაბრკოლება, რაც წარმატებაში ხელს შეგიშლის, არის კორუფცია. სწორედ ამიტომაც ეს მოდერნიზაციის მთავარ პრიორიტეტად მიმაჩნია“ - ამბობს პოროშენკო.

ორისია ლუცევიჩი ჩატამ ჰაუსიდან თვლის, რომ როგორც ბიზნესმენი ის სხვა დანარჩენი წარმატებული ბიზნეს-ელიტის წევრებისგანაც იმით გამოირჩევა, რომ სხვებივით კორუმპირებულ ფიგურად არ აღიქმება.

„მას კარგად ესმის, თუ როგორ მუშაობენ საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და დასავლელ პოლიტიკოსებთანაც ავტორიტეტის საწყისი ბაზისი გააჩნია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ის რუსეთსაც კარგად იცნობს, რადგან მისი საკონდიტრო ბიზნესი რუსეთს უკავშირდებოდა“ - აღნიშნავს ექსპერტი.

საქმიანი კავშირების მიუხედავად, პოროშენკოს კრემლთან ურთიერთობას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, ამბობს რუსეთის სპეციალისტი ჰენრი ჯეკსონის საზოგადოებიდან - ენდრიუ ფოქსალი.

„მისი საკონდიტრო საწარმო „როშენი“ სავაჭრო სანქციების და ემბარგოს საგანი გახდა, რომელიც რუსეთის მთავრობამ უკრაინას დაუწესა. პოროშენკოს საქმე ძლიერ დაზარალდა და დიდძალი ფული წააგო. ახლახან რუსეთში მისი აქტივებიც მთავრობის სამიზნე გახდა“ - აღნიშნავს რუსეთის ექსპერტი.

პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასოდეს შეეგუება. იმის მიუხედავად მოიგებს თუ არა ის უკრაინაში 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არევნებზე, ფაქტია, რომ ქვეყნის ახალ ლიდერს თვალის გასწორება ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან მოუწევს.