ობამას ადმინისტრაციამ დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები კონგრესს გადასცა
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებულ შტატებში დაზვერვის სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სათვალთვალო პროგრამები ამერიკელთა პირადი ინფორმაციის დაცულობას არ ემუქრება. მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორისტული საფრთხის აღკვეთა და დამარცხებაა. ედუარდ სნოუდენის მიერ სათვალთვალო პროგრამების მასშტაბის გასაჯაროვების შემდეგ, შეერთებული შტატების კონგრესში ამ თემაზე მოსმენები გრძელდება. ოთხშაბათს, ობამას ადმინისტრაციამ დაზვერვის სათვალთვალო პროგრამების შესახებ აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები კონგრესს წარუდგინა.
სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, პატრიკ ლეჰის მიაჩნია, რომ სატელეფონო მოსმენების კონტროლის გამჟღავნებამ ბევრი ამერიკელის იმედგაცრუება გამოიწვია. მისი აზრით, „ამერიკელთა მოთმინება ილევა. დემოკრატიის პირობებში კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ამერიკელი ხალხის ნდობაც თანდათან იკარგება“.
ობამას ადმინისტრაციის მიერ კონგრესში წარდგენლი საიდუმლო მასალები სატელეფონო მოსმენებს ეხება. კერძოდ, იმ ლიმიტებს, თუ მასშტაბს, რა დონეზეც კონტროლდება ამერიკელთა სატელეფონო საუბრები. მოხსენება საკონგრესო მოსმენებზე დამსწრე სენატორების წინაშე შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯეიმს კოლმა გააკეთა.
მისი განმარტებით, „საუბარია სატელეფონო კომპანიების მიერ შენახულ ჩანაწერებზე. კერძოდ, მონაცემთა ბაზა მოიცავს ტელეფონის ნომერს, რომლიდანაც გავიდა ზარი; ტელეფონის ნომერს, რომელმაც მიიღო ზარი; საუბრის თარიღს, დროს და ხანგრძლივობას. დავთარში არ არის ადამიანის სახელი და გვარი, არც რაიმე სხვა იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი მონაცემი. ასევე არ არის მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის, ან რაიმე სხვა მდებარეობის განმსაზღვრელი ინფორმაცია. არ არის საუბრის ჩანაწერი, მისი შინაარსი“.
იმისთვის, რომ დაზვერვის სამსახურებმა ადამიანის ვინაობა გაიგონ, ან ტელეფონის ნომერთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, როგორიცაა მოქალაქის მისამართი შეიტყონ, ან კიდევ უფრო მეტი - საუბარი მოისმინონ, აუცილებელია სასამართლოს საგანგებო დადგენილება.
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ჯონ ინგლისის აზრით, საბოლოო ჯამში სათვალთვალო პროგრამები აუცილებელია, ვინაიდან ისინი დიდ როლს ასრულებენ ტერორიზმის დამარცხებაში.
„ამ ორი პროგრამის წყალობით 54 შეთქმულება გავხსენით“ - განაცხადა მან.
კონგრესმა სატელეფონო მოსმენების ლიმიტირებასთან დაკავშირებით კენჭისყრა მოაწყო. წარმომადგენელთა პალატამ მას ხმა არ მისცა. სენატორები სათვალთვალო პროგრამების დახურვას არ ფიქრობენ. რიგითი ამერიკელების ერთი ნაწილი იმით არის შეშფოთებული, რომ კონკრეტულად სატელეფონო კონტროლთან დაკავშირებით, დაზვერვის ოფიციალური პირებისგან ინფორმაციამ დააგვიანა.
„უამრავი დადებითი ინფორმაციაა, რომელიც ამერიკელ ხალხს პროგრამებში უკეთ გარკვევაში დაეხმარება. მაგრამ მათი მიწოდება დაგვიანებით მოხდა. ეს იყო მხოლოდ პასუხი სნოუდენის მიერ სათვალთვალო პროგრამების მასშტაბების გასაჯაროვებაზე. უნდა ყოფილიყო ორგანიზებული გეგმა, რომელსაც რაციონალურობის ფარგლებში ამერიკულ საზოგადოებას განსახილველად მიაწვდიდნენ და მას დებატებში მონაწილეობის საშუალებას მისცემდნენ“ - აღნიშნავს შელდონ ვაითჰაუსი.
ჯამილ ჯაფერი „ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების კავშირიდან“ ამტკიცებს, რომ სათვალთვალო პროგრამების მასშტაბები შეერთებული შტატების მოქალაქეთა თავისუფლებას ემუქრება. დაზვერვის სამსახურების ოფიციალური წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სატელეფონო მოსმენებისთვის ამ ტიპის ინფორმაციის შეგროვება არავის კონსტიტუციურ უფლებებს არ არღვევს. შესაბამისად, დაზვერვის სამსახურებში სათვალთვალო პროგრამებზე ინფორმაციის გაჟონვის გამო თანამდებობიდან ერთი ადამიანიც არ გაუთავისუფლებიათ.