ასადი გაეროს საგანგებო დესპანს შეხვდა

საერთაშორისო მედიატორის ინიციატივა დაპირისპირებულ მხარეებს პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებათა დაწყებისკენ მოუწოდებს
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გაეროს საგანგებო დესპანს, ლახდარ ბრაჰიმის შეხვდა. დამასკოში კვირას შემდგარი შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობი რჩება.

ვიზიტის პერიოდში ქვეყნის დედაქალაქში ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ქრისტიანებით დასახლებულ დამასკოს ერთ-ერთ უძველეს გარეუბანში მანქანა აფეთქდა. პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა.

საერთაშორისო მედიატორის, ლახდარ ბრაჰიმის ახალი ინიციატივა დაპირისპირებულ მხარეებს პარასკევს ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებათა დაწყებისკენ მოუწოდებს. 26 ოქტომბერს მუსლიმთა ერთ-ერთი მთავარი, ოთხდღიანი რელიგიური დღესასწაულის, პირველი დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი და არაბთა ლიგის ხელმძღვანელობა ლახდარ ბრაჰიმის წინადადებას მხარს უჭერს. ცხრამეტი თვის განმავლობაში გაჭიანურებულ სამოქალაქო ომში გაეროს ანგარიშით, სულ ცოტა 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.