ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში წილი ნაყარია, ზელენსკის რუბიკონის გადალახვა მოუწევს


უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახური“ გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწია. პარტიამ უკრაინის უმაღლეს რადაში 424 მანდატიდან, 254 მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მმართველმა ძალამ, უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, რადას არჩევნებში უმრავლესობა მიიღო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწვეტილება, ქვეყნის ლიდერმა, ყოფილმა კომიკოსმა, რომელიც აქამდე ტელეშოუში პრეზიდენტს თამაშობდა და ახლა უკვე პრეზიდენტის როლს ასრულებს, იმ იმედით მიიღო, რომ ის ამომრჩევლისგან ანტიკორუფციული რეფორმების განსახორციელებლად საჭირო მანდატს მოიპოვებდა. მთავარი კითხვა დღეს ისაა შეასრულებს თუ არა, პოლიტიკურად გამოუცდელი პრეზიდენტი, დაპირებას.

პროგნოზები პოტიტიურია: ზელენსკის ლიბერალური ეკონომიკური კურსი აქვს განცხადებული, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის კორუფციიდან გაწმენდააა და ის ინარჩუნებს რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციას. თუმცა, უცნობია, თუ რამდენად მყარია მისი შეხედულებები.

„რეალური კითხვაა, რამდენად გამძლე და მდგრადი იქნება მისი პირადი იდეები, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა, და იქნება ეს თუ არა, მისი გრძელვადიანი პოლიტიკა“, - აცხადებს ანდრეი კარატნიცკი, ატლანტიკურ საბჭოდან, იქვე გამართულ კონფერენციაზე.

არჩევნებში მეორე ადგილზე პრო-რუსული ოპოზიციური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“ გავიდა. ისინი „ხალხის მსახურს“ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. მათ რადაში 43 მანდატი მოიპოვეს. არჩევნებამდე პარტიის ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკი მოსკოვსაც კი ესტუმრა. თუმცა რუსეთის მხარდაჭერა მას ვერ დაეხმარა. უკრაინის ის ნაწილებიც კი, რომლებიც ისტორიულად შედარებით პოზიტიურად აღიქვამენ რუსეთს, ზელენსკისკენ გადაიხარა. ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ზელენსკის მიერ უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში დიდი უპირატესობით გამარჯვება მნიშვნელოვანია.

„ფაქტი, რომ უკრაინის ამ ნაწილმა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი პარტიას, რომელიც თუმცა ორაზროვნად და არა პირდაპირ, აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა დასავლეთისკენაა მიმართული, ძალზედ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ჰერბსტი.

მედვედჩუკის პარტიას, უკრაინელი პოლიტიკური ვეტერანის, იულია ტიმოშენკოს „მამული“ მოსდევს, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია მეოთხე ადგილზეა. მეხუთე ადგილი კი როკ-ჯგუფ „ოკეან ელზის“ სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა დაიკავა პარტიით „ხმა“. საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა.

„ხალხი, რომლის ნახვაც არ გვინდოდა პარლამენტში, იქ არ არიან - განაცხადა ანდერს ასლუნდმა, ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა. „პარლამენტარების 75% ახალი სახეები არიან და მათი უმეტესობა ახალგაზრდაა“, - თქვა მან. „მათ ბევრი რამ არ იციან პოლიტიკის შესახებ, თუმცა ძალიან კარგად ესმით რა პრობლემებია უკრაინაში“, - ამბობს ის.

ამომრჩევლის აქტივობამ, არჩევნებზე, 49.1 პროცენტი შეადგინა, რაც უკრაინისთვის ისტორიულად დაბალია. რადას არჩევნებზე 1994 წლის შემდეგ აქტივობა ყოველთვის ცდებოდა 50%-ს. უკრაინას შერეული საარჩევნო სისტემა აქვს. მანდატების ნაწილი პროპორციული, ხოლო ნაწილი მაჟორიტარული წესით ნაწილდება. ზელენსკიმ მიუხედავად იმისა, რომ მას კოალიციური პარტნიორი არ სჭირდება, განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ვაკარჩუკის პარტიასთან. თუმცა როკ ვარსკვლავის პარტია ამბობს, რომ ისინი „ხალხის მსახურთან“ (ზელენსკის ტელეშოუს სახელწოდებით შექმნილ მოძრაობასთან) იმ შემთხვევაში ითანამშრომლებენ, თუ პარტია ოლიგარქების კონტროლის ქვეშ არ მოექცევა. ვაკარჩუკი და მისი გუნდელები იგორ კალამოისკის გულისხმობენ.

მთავარი კითხვა, რაც ზელენსკის წინასაარჩენო კამპანიას და შემდგომ თვეებს გასდევდა, ისაა რამდენად აქვს გავლენა ოლიგარქ კალამოისკის მასზე.

„პარლამენტში კალამოისკის დაახლოებით 30 ადამიანი უკავშირდება, ნაწილი, პარტია „უკროპიდან“ და ნაწილი, დაახლოებით 11 ჟურნალისტები ტელეკომპანია 1+1-დან“, - ამბობს ანდრეი კარატნიცკი. „არ არის ნათელი, რომ ისინი კალამოისკისადმი ძალზედ თავდადებულნი არიან, თუმცა ეს გამორჩეულად დიდი წარმომადგენლობაა ამ საპარლამენტო გუნდში“, - ამბობს ის.

ზელენსკის ძალაუფლების და მანდატის გათვლისწინებით, მიმომხილველები ფიქრობენ, რომ დღეს კოლომოისკის ზელენსკი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე პირიქით.

„მე კალამოისკისკის [ბორის] ბერეზოვსკის ვამსგავსებ, რომელიც როცა პუტინი ხელისუფლებაში მოვიდა, ამბობდა, რომ ის იყო ვინც პუტინი აარჩია და მიუთითებდა, რომ მას ყველაზე მეტი ძალაუფლება ჰქონდა. რატომღაც პუტინს ეს არ მოეწონა და ერთ წელში, ბერეზოვსკის ქვეყნის დატოვება მოუხდა. ვფიქრობ კალამოისკის შემთხვევაშიც რაღაც მსგავსი მოხდება“, - ამბობს ასლუნდი. „მე არ ვადარებ ზელენსკის პუტინს, თუმცა კალამოისკი ძალიან გავს ბერეზოვსკის“, - განმარტა მან.

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი „ომის დასრულება, [რუსეთიდან] ტყვეების დაბრუნება და კორუფციის დამარცხებაა“. მისი თქმით, პრემიერის პოსტზე ის „ახალ სახეს და ეკონომიკის სპეციალისტს“ განიხილავს. ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ზელენსკიმ პროკუტურის და უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა უნდა გაატაროს.

„მე ვიტყოდი გაწმინდეთ პროკურატურა, ვერცერთ პროკურორს დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ვერ დავდებთ ბრალს, რომ ისინი არ იყვნენ კორუმპირებულები“, - ირონიულად შენიშნა ასლუნდმა. „უსაფრთოების სამსახურის დეპარტამენტს, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულზე ფოკუსირდება, 8000 ოფისი აქვს, ეს ხალხი უნდა გაუშვან“,- თქვა მან.

ასლუნდი ამბობს, რომ ეს ის ორი მთავარი ნაბიჯია, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. მისი თქმით, ქვეყნის ტრანსფორმაციას პროკურატურის და სასამართლოს რეფორმა ესაჭიროება. ამის დასტურად მას საქართველოს, ესტონეთის და აღმოსავლეთ გერმანიის ისტორიული მაგალითები მოჰყავს.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ მხოლოდ სამმა პოსტ კომუნისტურმა ქვეყანამ გაატარა სასამართლოს წარმატებული რეფორმა: აღმოსავლეთ გერმანიამ, ესტონეთმა და საქართველომ. სამივემ ერთი მსგავსი ნაბიჯი გადადგა: მათ პროკურატორიდან და სასამართლოდან გაათავისუფლეს ყველას, უფროსობით დაწყებული", - განაცხადა ასლუნდმა.

ასლუნდი იმედოვნებს, რომ ზელენსკის პარლამენტარებს იმუნიტეტს ჩამოართმევს. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში კორუმპირებული ბიზნესმენები პარლამენტში სწორედ იმუნიტეტის გამო შედიან, რაც მათ სამართლებრივი დევნის თავიდან აცილებაში ეხმარებათ.

„მე ვისურვებდი, რომ ზელენსკიმ პარლამენტის სესიის პირველ დღეს, გააუქმოს საპარლამენტო იმუნიტეტი“, - თქვა მან.

ზელენსკის წარმატება, უკრაინის არჩევნებში, ქვეყანაში პოლიტიკური კლასით და სისტემით ზოგად უკმაყოფილებას უკავშირდება. უკრაინელები, რომლებიც "ევრომაიდნის" რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებისგან სწრაფ ცვლილებებს მოითხოვდნენ, იმედგაცრუებულნი დარჩნენ. პოროშნეკომ ვერ მოახერხა ენდემური კორუფციის და პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენის აღმოფხვრა. ზელენსკის მოსახლეობისგან სწორედ ეს მანდატი მიიღო: გაატაროს რეფორმები და შეცვალოს სისტემა.

„პრეზიდენტ ზელენსკის აქვს უდიდესი ძალაუფლება, რათა ძლიერად წავიდეს წინ“, - ამბობს ჰერბსტი. „თუმცა კითხვა ისაა, გააკეთებს ის ამას, თუ არა“, - ამატებს ის.

ცოტა ხნის წინ, ზელენსკი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მას შემდეგ რაც ინიციატივით გამოვიდა, რომ ლუსტრაციის კანონი ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მთავრობაზეც გავრცელდეს. ამასთან, პოროშნეკო ფულის გათეთრებასთან და გადასახადებიდან თავის არიდების საქმის გარშემო დაკითხეს, რომელიც უკრაინელი ბიზნესმენისთვის გემთმშენებელის მიყიდივის საქმეს უკავშირდება. პოროშენკო ამ პროცესს „რუსულ რევანშიზმად" მოიხსენიებს.

მიუხედავად პოროშენკოს კრიტიკისა, რომ ზელენსკი რუსეთის კანდიდატია, ამ დრომდე მოსკოვის კეთილგანწყობა არც ამ უკანასკნელს აქვს. ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირება გრძელდება. მოსკოვმა იქ რუსული პარსპორტების დარიგება დაიწყო და ამ დრომდე არ ათავისუფლებს ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღაურებს. საპასუხოდ, რამდენიმე დღის წინ კი პორტ ისმაილში, უკრაინის მხარემ რუსული ტანკერი დააკავა, თუმცა მოსკოვისთვის კონტრასტის საჩვენებლად, მეზღაურებს რუსეთში დაბრუნების ნებართვა დართო.

უკრაინის ახალი პრეზიდენტი ორ ფრონტზე იბრძვის: ერთი აღმოსავლეთ უკრაინაა. ამ კუთხით ცვლილებების მისაღწევად, ზელენსკიმ, პრეზიდენტ პუტინს ახალი დიპლომატიური ფორმატის შექმნის იდეით მიმართა: ჩართოს მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. თუმცა კრემლს ზელენსკის წინადადებებისთვის ამ დრომდე არ უპასუხია.

მეორე ფრონტი პრეზიდენტისთვის ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული სისტემაა, რომელიც კორუფციით საზრდოობს. ამიტომ, ზელენსკის ისტორიული გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე, წარმატებასთან ერთად, მნიშნელოვანი გამოწვევაა. ის იმ ირეფორმების გატარებაზე მუშაობას უნდა შეუდგეს, რის სამსახურშიც უკრაინელმა ხალხმა აიყვანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG