ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

18 წელი ტერაქტიდან, რომელმაც მსოფლიო შეცვალა


18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის მიწაზე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები მოხდა.

დღეს დილით უკვე დაიწყეს ტრადიციულად მსხვერპლთა გახსენება და მათი სახელების წაკითხვა. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ სამ ლოკაციაზე, სადაც თვითმფრინავები ჩამოვარდა არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ათვლა როგორც წესი 8:46 წუთზე იწყება, ეს ის დროა, როდესაც პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის შენობას შეეჯახა.

დილის 9 საათსა და 37 წუთზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას პენტაგონთან მდებარე მემორიალურ სკვერშიც. ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც, რომელიც პენტაგონში მემორიალურ ცერემონიას დაესწრო.

“აქ ჩვენთან ერთად არიან ოჯახები, რომელთათვის ეს პირადი, სამუდამო დანაკარგის დღეა. დღე, რომელსაც მეხსიერებაში 1000-სჯერ, ისევ და ისევ ვიმეორებთ. უკანასკნელი კოცნა, უკანასკნელი სატელეფონო ზარი და ბოლოჯერ გაგონება სიტყვებისა - „მე შენ მიყვარხარ“. თავდასხმის შემდეგ კი წუხილი და დარდი, რადგან იცოდით, რომ თქვენი ოჯახის წევრი რომელიღაც ამ თვითმფრინავის ბორტზე იყო, სავაჭრო ცენტრში ან პენტაგონის ამ ნაწილში მუშაობდა. თქვენ ელოდით, ლოცულობდით, და ბოლოს პასუხობდით ზარებს, რომლებმაც თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მე და პირველი ლედი ვიზიარებთ თითოეული თქვენგანის მწუხარებას. აქ იმისთვის მოვედით, რომ ვთქვათ, ჩვენ არ შეგვიძლია იმ ბნელი დღის ტკივილის წაშლა, მაგრამ ჩვენ გიცხადებთ ურყევ თანადგომასა და სამუდამო პირობას, რომ თქვენს საყვარელ ადამიანებს არასდროს დაივიწყებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის შენობა თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო. ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტებმა პენტაგონის შენობას ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავი, რეისი 77 შეაჯახეს. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი და შენობის იმ ნაწილში მყოფი თანამშრომლები - სულ 184 ადამიანი.

19-მა ტერორისტმა მთლიანობაში 3 ტერაქტი განახორციელა. როგორც იცით, ტერორისტებმა 2001 წლის 11 სექტემბერს დილით 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. პირველი 2 თვითმფრინავი ნიუ იორკში, მანჰეტენში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის “ტყუპების“ სახელით ცნობილ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე კი პენტაგონს.

მეოთხე თვითმფრინავი კი, რომლის სამიზნეც ვაშინგტონი, სავარაუდოდ კი კონგრესის ან თეთრი სახლის შენობა იყო, პენსილვანიის შტატში მდებარე მინდორში, ქალაქ შნეკსვილის მახლობლად ჩამოვარდა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მგზავრები შეეცადნენ ტერორისტებისთვის ხელი შეეშალათ და თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ არ გაეშვათ.

ტერაქტების შედეგად დაიღუპა 2 977 ადამიანი. ათასობით დაშავდა, და უამრავი დაიღუპა აფეთქებების შემდეგ მიღებული ინტოქსიკაციით და განვითარებული სხვადასხვა დაავადებით.

უშუალოდ პენტაგონთან დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ოფიციალური მემორიალი - სკვერი 2008 წელს გაიხსნა.
მას სიმბოლური დიზაინი აქვს და მნახველებისთვის 24 საათის განმავლობაში ღიაა. მემორიალის დიზაინი იმ დღეს მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიას იმეორებს. სკვერში განთავსებული სკამები მსხვერპლთა დაბადების თარიღების მიხედვითაა განაწილებული. ცენტრალურ ადგილთან მდებარე 5 სკამი კი იმ ხუთი ბავშვის ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც რეის 77-ის ბორტზე დაიღუპნენ. თუკი სკამზე არსებული წარწერის წასაკითხად სახით პენტაგონისკენ დგახართ, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი შენობაში დაიღუპა, თუ პირიქით - თვითმფრინავში.

რა შეიცვალა?

ასეთი მასშტაბური მსხვერპლი ამერიკის შეერთებულ შტატებს 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, პერლ-ჰარბორზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ არ ახსოვს. თერთმეტმა სექტემბერმა შეცვალა არამარტო ამერიკის შეხედულება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, არამედ გამოიწვია მთელი რიგი ცვლილებები სახელმწიფოთა მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გარდა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლისა და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული პირების დევნის, დაპატიმრებისა თუ ლიკვიდაციისა, ამერიკაში უსაფრთხოების აღქმა განსაკუთრებით გაძლიერდა. შეიქმნა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელმაც უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახურის კონსოლიდაცია მოახდინა უფრო ეფექტური მართვის მიზნით, შეიქმნა არაერთი სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაცია, გამკაცრდა მანამდე არსებული რეგულაციები და ა.შ. ზოგიერთი ეს რეგულაცია სამოქალაქო უფლებების აქტივისტთა აზრით, ზოგ უფლებასა და თავისუფლებას ზღუდავს, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხი - უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მითითებაა.

მოქალაქეებისთვის ყველაზე ადვილად საგრძნობი და ხელშესახები აეროპორტებში დანერგილი ცვლილებებია. იქნება ეს სითხის გადატანაზე გამკაცრებული შეზღუდვები, ფეხსაცმლის გახდის მოთხოვნა, შემთხვევითი შერჩევით მგზავრების დამატებითი შემოწმებები და ა.შ. ამ მოვლენების გახსენებისას შტატებში ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა 11 სექტემბერმა სამუდამოდ შეცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG