ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

19 წელი 11 სექტემბრიდან - ამერიკა მსხვერპლს იხსენებს


ამერიკა ისტორიაში უდიდეს ტერორისტულ თავდასხმას იხსენებს. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ 19 წელი გავიდა. დაიღუპა 3000-მდე ადამიანი, ათასობით - დაშავდა, კიდევ უფრო მეტს კი დღემდე აწუხებს ამ თავდასხმებთან დაკავშირებული დაავადებები. ტერორიზმთან ბრძოლა, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები საზღვრებზე, აეროპორტებში თუ სხვა ხალხმრავალ ტერიტორიებზე - ბევრი რამ 11 სექტემბრის ტერაქტებამდე წარმოუდგენელი იყო. მაგრამ დღეს მსოფლიო განსხვავდება იმისგან, რაც 19 წლის წინ იყო.

ტეროროსტული დაჯგუფება „ალ-ყაედას“ 19-მა ტერორისტმა 11 სექტემბრის დილას ამერიკაში 4 თვითმფრინავი გაიტაცა. პირველი 2 თვითმფრინავი ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის, “ტყუპების“ სახელით ცნობილ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე - პენტაგონს.

“ამერიკული ავიახაზების“ რეისი - 77 დილის 9:37 წუთზე პენტაგონის, თავდაცვის დეპარტამენტის შენობის იმ ნაწილს შეეჯახა, სადაც რეკონსტრუქციის გამო იმაზე ნაკლები ადამიანი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ თავდასხმას 184 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - პენტაგონის 125 თანამშრომელი, 53 მგზავრი და ბორტის 6 წევრი. ამ თავდასხმის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი თვითმფრინავის 3 წლის მგზავრი იყო.

მეოთხე თვითმფრინავი კი, რომლის სამიზნეც ვაშინგტონი, სავარაუდოდ, კონგრესის ან თეთრი სახლის შენობა იყო, პენსილვანიის შტატში მინდორში, ქალაქ შენეკსვილის მახლობლად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეს იმის შემდეგ მოხდა, რაც მგზავრები შეეცადნენ ტერორისტებისთვის ხელი შეეშალათ და თვითმფრინავი ვაშინგტონისკენ არ გაეშვათ. შედეგად, მხოლოდ ბორტზე მყოფი ადამიანები დაიღუპნენ. ეს ერთადერთი თვითმფრინავი იყო, რომელიც ტერორისტების დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ სამ ლოკაციაზე, სადაც თვითმფრინავები ჩამოვარდა, დღეს დილით ტრადიციულად ყველა მსხვერპლი გაიხსენეს და მათი სახელები ზარების რეკვის ფონზე წაიკითხეს. ათვლა როგორც წესი 8:46 წუთზე იწყება, ეს ის დროა, როდესაც პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის შენობას შეეჯახა.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ღონისძიებათა ნაწილი გაუქმდა ან დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდა ყველა ლოკაციაზე, მათ შორის ნიუ-იორკშიც, დამსწრეთა და ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულ პირთა უსაფრთხოების მიზნით.

დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პენტაგონის შენობასთან მდებარე მემორიალურ სკვერში, შენეკსვილში მდებარე მემორიალთან და ნიუ-იორკში.

ამერიკის პრეზიდენტი პენსილვანიაში ჩავიდა. მისი დემოკრატი მეტოქე კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ნიუ-იორკის მემორიალს ეწვია.

"ჩვენი საკრალური მოვალეობაა პატივი მივაგოთ მამაც სულებს, რომელთაც 19 წლის წინ თავი გაწირეს... ერთადერთი რამ, რაც მტერს და ამერიკული დემოკრატიის გულს შორის იდგა, ამ 40 კაცის და ქალის სიმამაცე და თავდადება იყო, რეის 93-ზე მყოფი მგზავრების", - თქვა ტრამპმა პენსილვანიაში.

როგორ შეცვალა ამერიკა 11 სექტემბრის ტერაქტებმა?

ასეთი მასშტაბური მსხვერპლი ამერიკის შეერთებულ შტატებს 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, პერლ-ჰარბორზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ არ ახსოვს. თერთმეტმა სექტემბერმა შეცვალა არამარტო ამერიკის შეხედულება სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, არამედ გამოიწვია მთელი რიგი ცვლილებები სახელმწიფოთა მართვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავდასხმებმა შეცვალა მოქალაქეთა წარმოდგენაც მსოფლიოზე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, ომზე.

მაშინ, როდესაც 2001 წლის 11 სექტემბერს, სამშაბათს 8:50 წუთზე გატაცებული თვითმფრინავიდან პირველი, ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ შენობას შეეჯახა, ამერიკის ავიაციის ხელმძღვანელობა, სამხედრო თუ სახელმწიფო ლიდერები ბევრ შესაძლო მიზეზსა და ვარიანტს განიხილავდნენ. თუმცა მალევე, მსოფლიომ მეორე შენობაზე შეჯახება პირდაპირ ეთერში ნახა. კონტაქტი კი კიდევ 2 თვითმფრინავთან დაიკარგა და ცხადი გახდა, რომ ეს კოორდინირებული თავდასხმა იყო. თუმცა ცოტა თუ ეჭვობდა თავიდანვე იმას, რომ ეს ამერიკის მიწაზე ტერორისტული თავდასხმა იყო.

2001 წლის შემდეგ შეიქმნა და შეიცვალა სახელმწიფო სტრუქტურები, დაიწყო ტერორიზმთან გლობალური ბრძოლა და ომი, რომლებიც წლებია გრძელდება. აშშ-ში შეიქმნა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი - DHS, რომელმაც უსაფრთხოების სხვადასხვა სამსახურის კონსოლიდაცია მოახდინა უფრო ეფექტური მართვის მიზნით; შეიქმნა არაერთი სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაცია, გამკაცრდა მანამდე არსებული წესები და ა.შ.

ოსამა ბინ ლადენი, დაჯგუფება "ალ-ყაედას" ყოფილი ლიდერი
ოსამა ბინ ლადენი, დაჯგუფება "ალ-ყაედას" ყოფილი ლიდერი

ზოგიერთი ეს რეგულაცია სამოქალაქო უფლებების აქტივისტთა აზრით, ადამიანთა ზოგ უფლებასა და თავისუფლებას ზღუდავს, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ამ ცვლილებების ავტორთა პასუხი ყოველთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მითითებაა. ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო ცვლილება ამ მხრივ პატრიოტთა აქტის მიღება იყო.

გარდა საკანონმდებლო რეგულაციებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურებისა, 11 სექტემბრის შემდეგ შეიცვალა ისეთი წესებიც, რომლებსაც რიგითი მოქალაქეები ყოველი მგზავრობისას გრძნობენ: ამ წესებით, ახლა ვალდებულნი ვართ აეროპორტში ფეხსაცმელი გავიხადოთ ან სითხე 100 მილილიტრამდე გამჭვირვალე ჭურჭელში მოვათავსოთ. ამ დღემდე, თვითმფრინავში სანთებელისა და პატარა დანის ატანაც კი შეგეძლოთ. შიდა ფრენებზე კი პირადობის მოწმობის ჩვენებაც კი არ იყო საჭირო. ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის გაორმაგდა. 11 სექტემბრამდე, ბარგში ჩაბარებული ჩემოდნების მხოლოდ 5 % მოწმდებოდა. დღეს კი საშიშ ნივთებსა თუ ნივთიერებებზე ყველა მათგანი მოწმდება.

ტერაქტმა იმსხვერპლა არა მხოლოდ ისინი, ვინც 11 სექტემბრის შეჯახებით თუ ჩამოვარდნისას დაიღუპა, არამედ პირველადი დახმარების აღმომჩენი პირების ის ნაწილიც, რომლებმაც ამ დახმარებისას ჯანმრთელობის მნიშვნელობის დაზიანება მიიღეს. ბევრი მოქალაქე, რომელიც ამ თავდასხმებს სხვადასხვაგვარად უკავშირდებოდა, დაავადდა. რესპირატორული დაავადებები, სიმსივნე და პოსტ-ტრავმატული სტრესი და აშლილობა - ყველაზე გავრცელებული პრობლემებია მათ შორის.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ 2011 წელს დამტკიცებულ ჯანდაცვის პროგრამაში ამ დრომდე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა დაავადებებიც რამენაირად იყო დაკავშირებული 11 სექტემბრის ტერაქტებთან. მათ ნახევარზე მეტი 45 დან 64 წლამდე ასაკისაა.

2001 წლის 11 სექტემბერი კვლავ ახდენს გავლენას ამერიკელთა ჯანმრთელობაზე და ყველა სხვა ცვლილებასთან ერთად, რომელიც ამ ტერაქტების შემდეგ მოხდა, რჩება დღედ, რომელიც ამერიკელებს ყოველთვის ახსოვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG