ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს


რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს
რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს

რუსეთი 2010 წლის განმავლობაში დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობდა.

უკრაინის სათავეში მოსკოვისთვის სასურველი პოლიტიკოსის მოსვლის შემდეგ ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხერხდა. ნორვეგიასთან სასაზღვრო კონფიქტიც მოგვარდა, თუმცა უმთავრესი მაინც შეერთებულ შტატებთან და პოლონეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობებია.

კრემლის თავკაცები არასოდეს გამოირჩეოდნენ დიდი თავაზიანობით. თავის დროზე ნიკიტა ხრუშჩოვი გაეროს ტრიბუნაზე ფეხსაცმელს აბაკუნებდა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი გრომიკოს კი „მისტერ არა“ შეარქვეს.

ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისია რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელიც დასავლეთის მიმართ მეგობრულად არის განწყობილი. მისი სურვილია რუსეთი ახალგაზრდა, მომღიმარ ადამიანთან იყოს ასოცირებული.

მიუხედავად იმისა რომ ნავთობზე ფასმა ბარელზე 90 დოლარს მიაღწია, 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ დასავლეთი არ ჩქარობს რუსეთში ინვესტიციების ჩადებას. მოსკოვის მოკავშირეები კი იმგვარი ოდიზური ქვეყნები არიან როგორებიცაა ჩრდილოთ კორეა, ზიმბაბვე და ვენესუელა.

გარდა ამისა რუსეთს აშინებს ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა. მოსკოველი პოლიტილოგის კონსტანტინ ფონ ეგერტის განცხადებით:“ ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძლიერება რუსეთის საზღვრების მახლობლად მოსკოვის შეშფოთებას იწვევს. ჩინეთი რუსეთს ავიწროებს შუა აზიაში და მას როგორც უმცროს პარტნიორს ისე ექცევა.“

რუსეთის ხელისუფლება ამაოდ ცდილობდა სუპერ სახელმწიფოს დიდების აღდგენას და ახლა ქვეყნის მოდერნიზაცია დაისახა მიზნად.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორის დიმიტრი ტრენინის განცხადებით:“ რუსეთის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში იმგვარ სახელმწიფოებთან ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას, რომლებსაც ქვეყნის მოდერნიზაციაში გარკვეული დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.“

რუსები უკმაყოფილონი არიან ჩინეთის პოზიციით, რომელიც რუსეთს მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელ ქვეყნად განიხილავს. სამაგიეროდ ევროპელები რუსეთის მრეწველობის განვითარებაში დებენ ინვესტიციებს. ევროპელთა გულის მოსაგებად კი მოსკოვს ვაშინგტონის და ვარშავის კეთილგანწყობა სჭირდება.

ამის გამო რუსეთის და ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელი ვერ შეუშალა ამ წლის ზაფხულში შეერთებულ შტატებში რუსეთის ჯაშუშთა ქსელის გამოაშკარავებამ. ვერც ბანგკოკიდან ნიუ იორკში რუსი იარაღით მოვაჭრის ვიქტორ ბუტის ექსტრადიციამ.

ამერიკასთან ახალი მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში მოსკოვმა გააუქმა ირანისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება, რომლებსაც ამ ქვეყნის ბირთვული ობიექტები უნდა დაეცვათ.

ამის სანაცვლოდ ვაშინგტონი მოსკოვს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში ეხმარება, რაც რუსეთში უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ავღანეთში ყოფნით შეერთებული შტატები რუსეთს და შუა აზიას ისლამური რადიკალიზმის საფრთხისგან იცავს.

ფონ ეგარტის განცხადებით:“ რუსეთის პოლიტიკური ელიტა შეძრწუნებულია ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის პერსპექტივით. რუსეთს ფაქტიურად არ გააჩნია გამაგრებული საზღვარი შუა აზიის რესპუბლიკებთან და თუ თალიბებმა ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში შეღწევა შეძლეს მაშინ მოსკოვის საქმე ცუდად იქნება.“

ევროკავშირთან რუსეთის დაახლოებას პოლონეთმაც შეიძლება შეუშალოს ხელი. განსაკუთრებით მტკივნეულია კატინის ისტორია, სადაც რუსეთის უშიშროების სამსახურმა პოლონელი ტყვეები დახვრიტა მეორე მსოფლიო ომის დროს.

2010 წლის 7 აპრილს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ ერთად მიაგეს პატივი კატინში დაღუპულთა ხსოვნას. სამი დღის შემდეგ კი არნახული ტრაგედია დატრიალდა, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა კატინის მახლობლად. ამ გარემოებამ რუსეთის პარლამენტი აიძულა ეღიარებინა საბჭოთა კავშირის როლი კატინის ტყეებში დახრეტილი პოლონელი ოფიცრების საქმეში, თუმცა დუმის დეპუტატებმა ყველაფერი სტალინს გადააბრალეს.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პოლონეთში ჩავიდა მეგობრული ვიზიტით, რომლის დროსაც პოლონელი რეჟისორი ანდრეი ვაიდა ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. 2007 წელს ვაიდამ სწორედ კატინის შესახებ გადაიღო ფილმი, სადაც სხვათა შორის ჩეკისტებმა მისი მამაც დახვრიტეს.

როგორც რუსი პოლიტილოგი პაველ ფელგენგაუერი აცხადებს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას წლები დაჭირდება, თუმცა აღმოსავლეთში ჩინეთის გაძლიერების ფონზე მოსკოვს აღარაფერი დარჩენია გარდა იმისა როგორმე მოახერხოს ევროპელების და ამერიკელების გულის მოგება.

XS
SM
MD
LG