მსოფლიოს 100 ლიდერზე მეტი იყრის თავს გლაზგოში, გაეროს ორკვირიანი კონფერენციის ფარგლებში, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს ეხება. შეხვედრაზე მოელიან სახელმწიფოს მეთაურთა დაპირებებს ემისიების შემცირების და განვითარებებული ქვეყნების დაფინანსების მიმართულებით, რაც დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარება.
"ჩვენ თუ კლიმატურ ცვლილებებს დღეს სერიოზულად არ მივუდექით, ხვალ ჩვენი შვილებისთვის ამის გაკეთება უკვე დაგვიანებული იქნება" - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. ის შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, გაეროს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის მთავარი მასპინძელია.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გლაზგოში გამგზავრებამდე, იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ რომში გამართულ სამიტს ფიზიკურად არ დაესწრნენ გარემოს ორი მთავარი დამბინძურებლის, ჩინეთის და რუსეთის ლიდერები. ბაიდენმა კვირას, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ ამის მიუხედავად, დანარჩენმა ქვეყნებმა "მნიშვნელოვანი პროგრესს" მიაღწიეს, მაგრამ გაცილებით ბევრია გასაკეთებელი. "ჩვენ მოგვეთხოვება გავაგრძელოთ ფოკუსირება იმაზე, თუ რას არ კაეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი და რას არ აკეთებს საუდის არაბეთი" - განაცხადა მან რომში.
ჯონ კერიმ, შეერთებული შტატების საგანგებო ელჩმა კლიმატური ცვლილებების მიმართულებით, გლაზგოს კონფერენციის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მათ მოუწევთ ფინანსურ ასპექტზე მსჯელობა, რათა დაპირებები სისრულეში მოვიდეს და ამასთან ერთად, შესაძლებელი გახდეს განვითარებადი ქვეყნების დახმარება. კერის თქმით, "ქმედებების დეკადა" იწყება, რომელმაც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის "გლობალური ამბიციები მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს".
გაეროს ეგიდით მსოფლიოს ლიდერების შეხვედრის მთავარი მიზანია გლობალური დათბობის ზრდა, პრეინდუსტრიულ ხანასთან შედარებით, მხოლოდ 1.5 გრადუსამდე შენარჩუნდეს. "ვიდრე ჩვენ მივესალმებით დიდი ოცეულის დაპირებებს გლობალური გადაწყვეტილებების თაობაზე, რომს ისე ვტოვებ, რომ ჩემმა იმედებმა არ გაამართლა, მაგრამ ისინი დამარხული მაინც არ არის" - დაწერა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ანტონიო გუტერეშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გლაზგოს კონფერენციამდე, რომში შეკრებილმა დიდი ოცეულის ლიდერებმა, ორდღიან სამიტში მიიღეს მონაწილეობა. სამიტის დასასრულს, მათ ემისიების გამოყოფაზე გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს და ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.
"ვაღიარებთ იმას, რომ 1.5°C-ზე კლიმატური ცვლილებების შედეგები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2 გრადუსზე. ტემპერატურის შენარჩუნება 1.5°C-ზე მოითხოვს გააზრებულ და ეფექტურ ქმედებებს და დაპირებებს ყველა სახელმწიფოს მხრიდან" - ნათქვამია ერთობლივ კომუნიკეში. დიდი ოცეულის 19 ქვეყანა ევროპის კავშირთან ერთად, მთელ მსოფლიოში სათბურის აირების გამოყოფის 3/4-ზეა პასუხისმგებელი.
Facebook Forum