ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალთა მარში სოციალური უფლებების მოძრაობად ყალიბდება


ამერიკის დიდ ქალაქებს შაბათს ქალთა საპროტესტო აქციების კიდევ ერთმა ტალღამ გადაუარა. ბევრგან, ქალების არათანაბარი უფლებების და სხვა რამდენიმე სოციალური პრობლემის გაპროტესტება კვირას, მეორე დღესაც გაგრძელდა.

ქალების აქცია პირველად გასულ წელს, ვაშინგტონში, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის მეორე დღეს გაიმართა და ის დონალდ ტრამპის არჩევით უკმაყოფილებასაც გამოხატავდა. წლევანდელმა პროტესტმა კი აჩვენა, რომ ქალების მარში თანდათან სოციალურ უსამართლობასთან ბრძოლის აქციაში გადაიზარდა.

საპროტესტო აქციები ამერიკის 250 ქალაქში გაიმართა. მარშის ეპიცენტრად ორგანიზატორებმა წელს ლას-ვეგასი აირჩიეს. სხვა მიტინგებისგან განსხვავებით, კვირას ვეგასში გამართული ღონისძიების მთავარი თემა არჩევნების მნიშვნელობა იყო. ის მიზნად ისახავდა შემოდგომაზე, კონგრესის არჩევნების შესახებ ცნობადობის გაზრდას და არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოყვანას, განსაკუთრებით - ქალების.

„ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანია რეგისტრირებული, მაგრამ ზოგი სხვა შტატში, ან ქალაქში გადადის და მისამართს, ან პარტიას იცვლის. ნევადაში პრაიმერები დახურული წესით იმართება და იმისთვის, რომ ივნისში პრაიმერებში მონაწილეობის საშუალება გქონდეს, რომელიმე პარტიაში უნდა იყო რეგისტრირებული“ - ამბობს აქტივისტი ემილი ზამორა.

აქციების მონაწილეებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ მათ ქალების უფლებების და არჩევნებში აქტიური ჩართულობის გარდა, ბევრი სხვა საკითხი აღელვებთ. ლას-ვეგასში შეკრებილები მსჯელობენ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, უმცირესობების უფლებებზე და საიმიგრაციო კანონმდებლობაზე. დაიან პოლინგი ნევადაში გამართულ ქალთა მარშში მონაწილეობის მისაღებად, ოჰაიოს ქალაქ დეიტონიდან ჩამოვიდა.

„ბევრი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მექსიკაში გააგზავნეს და გამოვიგლოვე. ამას გარდა, ბევრი შავკანიანი მეგობარი მყავს, რომელთაც უსამართლოდ ეპყრობიან. 45-ე პრეზიდენტმა ეს არ უნდა დაუშვას. არ მივცემთ ამის დაშვების უფლებას“ - ამბობს ის.

გასულ წელს, ვაშინგტონში გამართულ აქციაზე პრეზიდენტ ტრამპის ქალების მიმართ დამოკიდებულებასაც აპროტესტებდნენ, მის მიერ გამოთქმულ იმ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გამოქვეყნდა. მარშმა ჯერ კიდევგასულ წელს დატოვა ამერიკის ფარგლები და მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქს მოედო. საპროტესტო აქცია წელსაც ევროპის ბევრ ქალაქში, მათ შორის ლონდონშიც გაიმართა.

„თანაბარი ანაზღაურება - ამ დიდი მიზნისთვის ჯერ კიდევ ბრძოლა გვიწევს. იმდენი ქალია, რომელიც ამბობს, რომ სამსახურს სწორედ ამიტომ ტოვებს. ეს არ უნდა ხდებოდეს, ქალებს მეტს უნდა ვუხდიდეთ“ - ამბობს ლონდონის აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ალექს გონსალესი, ვაშინგტონში გამართული მარშის მონაწილე ფიქრობს, რომ დემონსტრაციებს დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია: „ჩვენ გავხდით იმის მოწმე, რომ შარშანდელი გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრა ბევრმა ქალმა გადაწყვიტა. ალაბამაც [დემოკრატებმა] მოვიგეთ, ტრადიციულად წითელი [რესპუბლიკური] შტატი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმ საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში გახშირდა“.

ალაბამის შტატში არჩევნები მეოთხედი საუკუნეა დემოკრატ სენატორს არ მოუგია. ბევრი ამ არჩევნებს ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნების ერთგვარ რეპეტიციად აღიქვამდა, რომლის ორივე პალატას ამ ეტაპზე რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG