უიმბლდონის საჩოგბურთო გათამაშების ორგანიზატორები რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის ძალაში დატოვებაზე მსჯელობენ.
ისინი მზად არიან, მორიგი სანქცია დააწესონ, თუკი რუსეთი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და ძალადობას არ შეწყვეტს. "დეილი მეილის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „დიდი სლემის“ მესამე ტურნირის ხელმძღვანელები საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის მარტში მიიღებენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, წელს უიმბლდონის ქალთა და მამაკაცთა ტურნირებმა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების გარეშე ჩაიარა. ბრიტანელების პრინციპულ გადაწყვეტილებას სანქციითვე უპასუხეს მამაკაცთა (ATP) და ქალთა (WTA) პროფესიულმა ტურებმა - უიმბლდონის გათამაშებას სარეიტინგო ქულები ჩამოართვეს და სოლიდური ფინანსური ჯარიმით, 800 000 გირვანქა სტერლინგით დასაჯეს, ბრიტანეთის ლაუნ-ტენისის ასოციაციასთან ერთად.
უიმბლდონის ორგანიზატორები გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. ისინი იწონებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური კომიტეტი მზადაა, სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რუსი სპორტსმენების 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო შეჯიბრებებიდან მოკვეთასთან დაკავშირებით.