ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალი ობამას ადმინისტრაციაში


თეთრ სახლს 3 თემაზე უწევს თავის მართლება. მათ შორის, ახალი ამბების ჟურნალისტთა სატელეფონო მოსმენებია, რომელიც მთავრობის განკარგულებით ხდებოდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერ, ჯეი კარნის სამ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოუწია ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა. საინფორმაციო სააგენტო ასოშეიტედ პრესმა მიმდინარე 2 სკანდალურ თემას, რომელთაც შეერთებული შტატების საგადასახადო სისტემაში და სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ხარვეზები გამოავლინა, კიდევ ერთი დაამატა. სააგენტომ ორშაბათს გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ბოლო 2 თვის მანძილზე ბევრი ჟურნალისტის და რედაქტორის სატელეფონო საუბრები ისმინებოდა.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება დანაშაულის გამოძიების აუცილებლობით იყო განპირობებული. გამოძიება არკვევს, თუ ვინ მისცა ინფორმაცია ასოშეიტედ პრესს იმის შესახებ, რომ დაზვერვის ცენტრალური სააგენტო იემენში ალ-ყაიდას ტერორისტული თავდასხმის აღსაკვეთად საიდუმლო ოპერაციას გეგმავდა.

სამშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეი კარნიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ პრეზიდენტი ობამა პრესის თავისუფლების კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას მხარს უჭერს. მაგრამ ქვეყნის უმაღლესი ლიდერისთვის შეუფერებელი საქციელი იქნებოდა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწყებულ გამოძიებაში ჩარევა.

პრეზიდენტი ერთგულია კონსტიტუცის პირველი დამატების და იმ პრინციპის, რომ მედიას უნდა ჰქონდეს საშუალება ინფორმაციის მოძიების. მეორეს მხრივ, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე და უმაღლესი მთავარსარდალი, ის ვერ დაუშვებს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, ადამიანთა სიცოცხლის და სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანოა. ბალანსი ამ ორ საკითხს შორის დაცული უნდა იყოს“ - აღნიშნა პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის, ერიკ ჰოლდერის განცხადებით, მას იუსტიციის სამინისტროს მიერ სატელეფონო საუბრების საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, მანაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საუბარია ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვაზე. გენერალურმა პროკურორმა სატელეფონო მოსმენების საქმეზე უარის თქმის შემდეგ მისი წარმართვა საკუთარ მოადგილეს დაავალა.

ასევე ერიკ ჰოლდერს ეკუთვნის განკარგულება საგადასახადო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოძიების შესახებ. საქმე ამ შემთხვევაში ეხება კონსერვატორული პოლიტიკური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციათა გადასახადების გამოძიებას, რომელსაც ადგილი ობამას მმართველობის პირველ ვადაში ჰქონდა.

პრეზიდენტი ობამა უარყოფითად აფასებს ამ მოვლენებს და მათ „აღმაშფოთებელ“ ფაქტებს უწოდებს, განაცხადა ჯეი კარნიმ იმავე პრესკონფერენციაზე.

თუმცა, პრეს-სპიკერის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ჯერჯერობით ვერ მიიღებს, ვიდრე მთავრობის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი გამოძიება საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნას არ წარმოადგენს. „როგორც კი ხელში ანგარიში გვექნება, შესაბამისად დაიგეგმება შემდეგი ნაბიჯებიც“, აცხადებს ჯეი კარნი.

ამერიკელი სენატორების ნაწილი საგადასახადო სამსახურის მიერ კონსერვატორული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ სამიზნედ ამოღების ფაქტებთან დაკავშირებით საკონგრესო მოსმენებს ითხოვს. მათ შორისაა სენატის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი კანონმდებელი, მიჩ მაკონელი.

დღეს დილითვე მოვუწოდებ პრეზიდენტს სასწრაფოდ გაგვცეს პასუხი ყველამ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თუ რა ხდებოდა საგადასახადო სისტემაში. ვინ იცოდა თავიდანვე ამის შესახებ და როგორ მიმდინარეობდა პროცესი“ - აცხადებს სენატორი მაკონელი.

მესამე თემა, რომელიც რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა არაერთხელ წამოწიეს წინ, ეს არის ბენღაზიში შეერთებული შტატების საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა. 2012 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტში ამერიკის ელჩი, კრის სტივენსი და ამერიკის 3 მოქალაქე დაიღუპა.

სამივე საკითხის უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, ჯეი კარნიმ რესპუბლიკელთა გააქტიურებას „პოლიტიკური სლაიდშოუ“ უწოდა. მისი თქმით, ბენღაზის თემა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ, ჯონ ბეინერს „აკვიატებად ექცა“ და ის მას მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.
XS
SM
MD
LG