გასული კვირა შეერთებულ შტატებში პოლიტიკური მღელვარებით იყო სავსე. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიუსელის სამიტზე ევროპელი მოკავშირეების მკაცრი კრიტიკის შემდეგ, ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად გაემართა.
ტრამპის ტონი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განსხვავებული იყო. თუ ევროპელ პარტნიორებს ტრამპი მკაცრად ესაუბრა, პუტინთან მან რბილი ტონი არჩია. მის ქმედებას საერთაშორისო დამკვირვებლების და ასევე ამერიკის კონგრესის შეშფოთება მოჰყვა.
განსაკუთრებით, უკმაყოფილება გამოიწვია იმ განცხადებამ, რომელშიც ტრამპმა პუტინის პოზიცია გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ ჩარეულა ამერიკის არჩევნებში. ამერიკის პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკუთარი ადმინისტრაციის სადაზვერვო ორგანოების დასკვნა. მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მან „არასწორად წარმოთქვა“ სათქმელი.
„ერთ-ერთ მთავარ წინადადებაში, ჩემი გამოსვლისას, მე ვთქვი სიტყვა „რატომ“, „რატომ არ-ის“ ნაცვლად. წინადადება უნდა ყოფილიყო... „მე ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ არ იქნებოდა რუსეთი“, - თქვა ტრამპმა. პრეზიდენტი რუსეთის არჩევნებში ჩარევის საკითხზე საუბრობდა.
ტრამპის და პუტინის სამიტს ჰელსინკიში როგორც დემოკრატების ისე რესპუბლიკელების უკმაყოფილება მოჰყვა. შეხვედრაზე პუტინმა ტრამპს მოსთხოვა იმ 12 რუსი პირის დაკითხვის სანაცვლოდ, რომელთაც რობერტ მიულერის გამოძიებამ ამერიკის არჩევნებში ჩარევის გამო ბრალი წაუყენა, დართოს „მაგნიცკის აქტის“ ავტორის ბილ ბროუდერის, ამერიკის ყოფილი ელჩის მაიკლ მაკფოლის, კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების დაკითხვის ნება.
ბილ ბროუდერმა, მისი ადვოკატის სერგეი მაგნიცკის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლის შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ კორუფციული სქემის გამოაშკარავებას მოჰყვა, საკუთარი ენერგია „მაგნიცკის აქტის“ ლობირებას დაუთმო შეერთებულ შტატებში და სხვა დასავლურ ქვეყნებში.
"მაგნიცკის აქტი" კონგრესმა 2012 წელს მიიღო. ის გულისხმობს სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
ბროუდერის თქმით, რუსეთი არაერთხელ შეეცადა მის დაკავებას სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით.
„რუსეთის მთავრობა გამოიყენებს ყველა საშუალებას და მათ შორის, საერთაშორისო სამართალსაც, რათა მათი ოპონენტები გაანადგურონ, ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი მე ვარ“, ამბობს ბროუდერი.
რუსეთის მთავრობა გამოიყენებს ყველა საშუალებას და მათ შორის, საერთაშორისო სამართალსაც, რათა მათი ოპონენტები გაანადგურონ, ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითი მე ვარ.ბილ ბროუდერი
დაძაბული კვირა ამით არ დასრულებულა.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატოს მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც ერთ წევრზე თავდასხმა, ალიანსის ყველა წევრზე იერიშად განიხილება. როდესაც ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა მას ჰკითხა, თუ რატომ უნდა დაიცვას მისმა შვილმა მონტენეგრო, თუ მას [მონტენეგროს] თავს დაესხმებიან. ტრამპმა, უპასუხა: „მესმის რასაც ამბობთ. მონტენეგრო პატარა ქვეყნაა, ძალიან ძლიერი ხალხით... ისინი ძალიან აგრესიული ხალხია. შეიძლება აგრესიულად მოიქცნენ და გილოცავთ, მესამე მსოფლიო ომში ჩაერთეთ“.
ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ პრეზიდენტს არ ესმის თუ რატომაა ალიანსი ამერიკის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, ამბობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.
„პრეზიდენტი ნატოს შესახებ დაბნეულია. მას არ ესმის რატომაა ალიანსი მნიშნელოვანი. ამას აჩვენებს უკვე რამდენიმე წელია... ჩვენ უცნაურ პერიოდში ვართ, როცა ამერიკის მთავრობა სწორ გადაწვეტილებებს იღებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა პარალელურად პრეზიდენტი განსხვავებულ ნაბიჯებს დგამს. ამას მოსდევს ყურადღების გადატანა იმ სწორი პოლიტიკიდან, რასაც ადმინისტრაცია ატარებს [მის ქცევაზე]“, თქვა მან.
პრეზიდენტი ნატოს შესახებ დაბნეულია. მას არ ესმის რატომაა ალიანსი მნიშნელოვანი. ამას აჩვენებს უკვე რამდენიმე წელია.ჯონ ჰერბსტი
მიუხედავად პრეზიდენტის კომენტარებისა, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ უკრაინის მიმართ პოლიტიკა არ იცვლება, და რომ ადმინისტრაცია არ გეგმავს რუსეთს დართოს ამერიკის მოქალაქეებისთვის კითხვების დასმის უფლება.
პრეზიდენტის განცხადებებსა და ადმინისტრაციის პოლიტიკას შორის სხვაობა, დაბნეულობას იწვევს. ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკლევარი, ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტის ქცევა განსაზღვრავს და არა ის თუ როგორ ცდილობენ მისი დამხმარეები ზიანის შემცირებას.
„შეერთებული შტატები საპრეზიდენტო სისტემაა და რასაც პრეზიდენტი აკეთებს ეს არის პოლიტიკა... მე ვფიქრობ პუტინთან შეხვედრა კატასტროფა იყო პრეზიდენტი ტრამპისთვის და ეს ნიშნავს, რომ ის ვერ იქნება ამერიკის წარმომადგენელი რუსეთთან... ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა განიხილა მან პუტინთან რადგან ამ დროისთვის, ინფორმაციას მხოლოდ მოსკოვიდან ვიღებთ და უნდა ვიცოდეთ სიმართლეა ის რასაც [კრემლი] ავრცელებს თუ ტყუილი“, ამბობს ასლუნდი.
კრიტიკის კიდევ ერთი ტალღა მოჰყვა სამიტიდან სამ დღეში პრეზიდენტ ტრამპის გადაწვეტილებას უმასპინძლოს ვლადიმირ პუტინს ვაშინგტონში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერი ვაშინგტონს შემოდგომაზე ესტუმრება.
Facebook Forum