ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიას ამერიკული სამხედრო ძალები მიუახლოვდნენ


ბარაკ ობამა თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს სირიასთან დაკავშირებით სპეციალურ დავალებას აძლევს

ვაშინგტონი ფოკუსირებულია შეერთებული შტატების შესაძლო რეაქციასთან დაკავშირებით სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რა მდგომარეობაა სირიასთან, სადაც საზღვაო-სამხედრო ძალები გადაადგილდნენ. ხოლო ობამას ადმინისტრაცია გაეროს გააქტიურების პარალელურად საკუთარი მოქმედების ვარიანტებს განიხილავს , ასევე არკვევს იმასაც თუ ზუსტად რამ გამოიწვია დამასკოს სიახლოვეს გასულ კვირას ასობით ადამიანის გარდაცვალება.



შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი აცხადებს, რომ ამერიკის სამხედრო ძალები პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებას ელოდებიან და სირიაში განხორციელებული ბოლო მოვლენების საპასუხოდ ნებისმიერი ქმედებისთვის მზად არიან.


ჩაკ ჰეიგელი: პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებას ყველა შესაძლო ვარიანტის მომზადება დაავალა. დავალება შესრულებულია, და კიდევ ერთხელ მზად ვართ ყველა ის დავალება შევასრულოთ, რომელსაც პრეზიდენტი არსებული ვარიანტებიდან ამოირჩევს.


შაბათს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლებს შეხვდა და ასევე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს ესაუბრა. ლონდონში გავრცელებული განცხადების თანახმად, ორივე ლიდერი თანხმდება, რომ „ქიმიური იარაღის გამოცდა საერთაშორისო თანამეგობრობიდან სერიოზულ პასუხს მოითხოვს.“


გაეროს განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფს სირიაში პირობა მისცეს, რომ დაუშვებენ იმ ადგილებში სადაც არსებობს ვარაუდი, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. სირიის ხელისუფლება ნებისმიერი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებას ამბოხებულებს აბრალებს. თუმცა მეამბოხეთა ლიდერი აცხადებს, რომ ასადის რეჟიმი მსოფლიოს გამუდმებით ატყუებს.


სირიის ნაციონალური კოალიციის პრეზიდენტის, აჰმად ალ-ჯარბას განცხადებით, შეერთებული შტატების ჩაურევლობა მიუღებელი იქნება.


აჰმად ალ-ჯარბა: ვთხოვ და მოვითხოვ შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომელსაც საერთაშორისო სივრცეში ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია, რომ პირადად იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა სირიაში.


ახლა უკვე დასავლეთის ქვეყნებიც მოითხოვენ დამადასტურებელ ფაქტებს ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ დარწმუნებით აცხადებს, რომ სირიაში ნეიროტოქსინის ზოგიერთი სახეობის ნივთიერება ნამდვილად გამოცადეს.


მეგერდით ტერზიანი: თუ მოკლე პერიოდში ერთიდაიმავე ადგილიდან ნეიროტოქსიკური სიმპტომებით საავადმყოფოს ბევრმა ადამიანმა მიაკითხა, ან არის დიდი მსხვერპლი, ეს იმას ნიშნავს, რომ დამასკოში სერიოზული ნეიროტოქსიკური საშუალება მართლა გამოიყენეს.


ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა სერიოზული კრიტიკის და შეშფოთების მიზეზი გახდა მთელს მსოფლიოში. ეს ფაქტი სირიის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეკავშირე ქვეყანისთვის, ირანისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG