ვიზალიბერალიზაცია ქმედებისა და გადაადგილების მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის და როგორც გუშინ, ოფიციალური პირების მხრიდან, არაერთხელ, აღინიშნა კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვისაც. "ამერიკის ხმა" ვიზალიბერალიზაციისადმი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანების განწყობებითა და დამოკიდებულებებით დაინტერესდა.
ახალგორში მაცხოვრებელი თამარ მეარაყიშვილი აქტიური მოქალაქეა. ის ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა სიახლეს, რასაც ცხინვალის დე–ფაქტო მთავრობა წარმოადგენს. ანალოგიურ დამოკიდებულებაშია იგი საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ქმედებების მიმართ. თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელების ინტენსიური მომხმარებელია, მისი პოსტები მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა, ეს გავლენას ახდენს დე–ფაქტო ადმინისტრაციაზე იმდენად, რომ ისინი მას ხშირად დე–ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრებზეც იწვევენ. "ამერიკის ხმა" თამარს დაუკავშირდა და სთხოვა საკუთარი დაკვირვება გაეზიარებინა ვიზალიბერალიზაციისადმი სამხრეთ ოსეთში არსებულ განწყობებზე:
„ვიზალიბერალიზაციის თაობაზე არსებულ განწყობებზე, რაც მე დავაფიქსირე, შემიძლია გითხრათ, ამჟღავნებენ, თითქოს ეს სადღაც სხვაგან მოხდა. სხვისი სიხარული რომ გაგიხარდეს კი არა, რომ გაიზიარო – ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ამბობენ, „უი, რა კარგია, ახლა ივლით საზღვარგარეთ თავისუფლად, გილოცავთ, ქართველებო, კარგი ამბავია“. ანუ უფრო ზოგადი შეფასებები და დამოკიდებულებებია. ნაკლებად იგრძნობა აღტაცება. რაც შეეხება მათ ჩართულობას ამ პროცესში, ვერ დავაფიქსირე. ამ ყველაფერს საკუთარ თავზე არ იღებენ. მოლოდინი ან გეგმები რომ ჰქონდეთ აქედან გამომდინარე, ასეთი არ მომისმენია. შეიძლება აქვთ და უბრალოდ მე არ მომისმენია, ვერ გეტყვით ზუსტად.“
თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია და საზღვარგარეთ ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე გადაადგილების ხიბლი, კონფლიქტის ზონაში ბიზნეს–ურთიერთობებსაც წაახალისებს:
„როცა მე მხედავენ და იციან, რომ თბილისში დავდივარ, პირდაპირ მეუბნებიან, გვშურს შენი, ნეტავ ჩვენც გაგვიხსნან გზა ერგნეთზეო. ასეთი გამოხმაურებები განსაკუთრებით უფრო მათგანაა, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული და სჭირდება აქეთ სიარული. პირადად მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ვიზალიბერალიზაციის ამბავს. ვერ ვიტყვი, რომ წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ თუნდაც ერთხელ იყოს, ხომ შეიძლება შვილთან ერთად წავიდე საზღვარგარეთ სამოგზაუროდ? დამატებით ვიზაზე თანხის გადახდა, შემდეგ ლოდინი დიდი ბარიერებს ქმნიდა," ამბობს მეარაყიშვილი და ერთ ისტორიას იხსენებს:
"ახალგორში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის საუბარს შევესწარი (მათ აქვთ ქართული პასპორტები) და ამბობდნენ, რა კარგია, ჩვენც გავისეირნებთ საზღვარგარეთო. მე კიდევ ვიფიქრე, ესენი თუ წავლენ, მოგზაურობის ამბებს ხომ მოუყვებიან ნათესავებს და ახლობლებს ცხინვალში, ეტყვიან როგორ მარტივადაა შესაძლებელი წასვლა–მეთქი. დარწმუნებული ვარ, მოიხიბლებიან. ესეც რომ არ იყოს, ახლა ღიად ხომ ვერავინ გამოხატავს სინამდვილეში რა სურთ.“
2008 წლის ომის შემდეგ ნაზი ბერუაშვილი დევნილად იქცა და ახლა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მისი ნათსავების უმეტესობა დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. ნაზი ახლობლების დანაკლისს მუდმივად განიცდის და წუხს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. რაც შეეხება საზღვარგარეთ გამგზავრების პერსპექტივას, მას სკეპტიკურად უყურებს შიშის ფაქტორის გამო:
„შეიძლება აღმოჩნდნენ ერთეულები, ვინც გადალახავს ყოველგვარ საშიშროებას და ამაზე წავა. შეიძლება, ვიღაც აღმოჩნდეს, ან სულაც ბევრი ასეთი ადამიანი აღმოჩნდეს, მაგრამ ჩემი ვარაუდი ის იყო, რომ შეეშინდებათ, ვერ გაბედავენ. ამით რომ ისარგებლონ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა აიღონ. ისე ხომ ვერ წავლენ? პასპორტს კიდევ არ აიღებენ. ღმერთმა ქნას, შეიძლება აიღონ, მაგრამ ჩემი აზრია, უარს იტყვიან. რაკი ერთხელ ეს გზა აირჩიეს, ახლა აღარ გადაიფიქრებენ. ჩვენ ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა თავის დროზე ამ მიმართულებით და ახლა კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. არა მარტო მათთან, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, არამედ მათთანაც, ვინც აქაა. აქაც ძალიან ბევრს სხვა შეხედულება და წარმოდგენები აქვთ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.“
დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. დღის წესრიგი წინა შეხვედრებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებულ ადამიანთა განთავისუფლების საკითხებიდღის წესრიგში უცვლელ პუნქტად რჩება. ქართული მხარე რახანია გიორგი გიუნაშვილის განთავისუფლებას ითხოვს, რომელსაც ოსური მხარე ტერორიზმის ბრალდებას უყენებს.
კახა ქემოკლიძე შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს: „ერგნეთის შეხვედრაზე ცალკე საკითხად განვიხილეთ საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის საქმე, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავაც რჩება უკანონო პატიმრობაში, ეგრეთ წოდებულ ცხინვალის ციხეში. დე–ფაქტოების განცხადებით, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დღეს იმართება. გიორგი გიუნაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დე–ფაქტო სასამართლოს მიერ გამოცხადდება დღეს, რასაც მოგვაწვდიან ცხელი ხაზის საშუალებით.“
რაც შეეხება ორი დღის წინ, სოფელ ატოციდან დაკავებულ ქალებს ისინი განთავისუფლებულები არიან. კონფლიქტის ზონების მიმართ რუსული პოლიტიკა არ იცვლება.