ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ბოროტების ხაზი“ და საბაჟოს მოლოდინი ახალგორში


სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლება საქართველოდან შესული ტვირთების აღრიცხვას ახალგორთან აპირებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. მურატ ცხოვრებოვმა, საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი იდგმება საქართველოდან შემავალი ტვირთების ხარისხისა და მოცულობის კონტროლის მიზნით. საბაჟოს ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ პუნქტის გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საქართველოდან შემომავალი ტვირთების ინტენსიური მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის არ იბეგრება. „ეს ტვირთები მრავალი წლის განმავლობაში გადასახადისგან თავისუფალი იყო. ახლა კი ყველა საჭირო დოკუმენტაცია მომზადდა ახალი საბაჟო პუნქტის გახსნისთვის და ის ხელისუფლებასთანაა გადაგზავნილი შესათანხმებლად,“– აცხადებს ცხოვრებოვი.

გამშვები პუნქტი, რომლის ოსური სახელწოდებაა „რაზდახან“, ახალგორში გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამ დრომდე მისი ძირითადი ფუნქცია ადამიანების აღრიცხვა და კონტროლი გახლდათ. ახლა კი მას ტვირთების აღრიცხვის ფუნქციაც დაემატება. „რაზდახანის“ გავლით ადამიანებს შეეძლოთ 50 კილოგრამამდე მოცულობის ტვირთის გადატანა. თუმცა, როგორც მესაზღვრეები ამბობდნენ, მათ არ შეეძლოთ ტვირთის აწონვა, რადგან ეს საბაჟო სამსახურის ფუნქციაა, ამიტომაც ამ 50 კილოგრამს მხოლოდ „თვალის ზომით“ საზღვრავდნენ“, – ნათქვამია სამხრეთ ოსურ გამოცემაში. ცხოვრებოვმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოდან შესული ტვირთი ისეთივე საბაჟო გადასახადებით დაიბეგრება და ისევე იმუშავებს, როგორც „ზემო როკას“ საბაჟო.

ცნობილია, რომ სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია ცხინვალის მიმართულებით საქართველოს მხრიდან შედის, რადგან ადგილობრივი წარმოება იქ ნაკლებადაა განვითარებული. შესაბამისად, ფასები პროდუქტებზე მაღალია. დამატებითი დაბეგვრა მოსახლეობისთვის ყოველდღიურ საქონელს, სავარაუდოდ, უფრო გააძვირებს, თუმცა მეორეს მხრივ, ეს სავაჭრო ურთიერთობებს წაახალისებს.

ამერიკის ხმასთან საუბრისას რონდელის ფონდის მეცნიერ–თანამშრომელი შოთა უტიაშვილი აცხადებს: „ომის შემდეგ ოსები აცხადებდნენ, რომ მათ არ სჭირდებათ საქართველოსთან ვაჭრობა და არ შეუშვებდნენ ქართულ საქონელს. ახლა კარგია, რომ რეალობას თვალს გაუსწორებენ. ეს დამატებითი შესაძლებლობა იქნება ქართველი ფერმერებისთვის, რომ მათი საქონელი იყოს გატანილი. აღიარება ამისთვის საჭირო არაა. საქონელი რომ შევა, შეიძლება მერე განბაჟდეს და მერე ცხადია, რომ მისი დანიშნულების მარშრუტი იქნება, ძირითადად, რუსეთის ფედერაცია. ასე რომ ეს კარგია, თუ ვაჭრობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამის თაობაზე დიდი ხანია კეთდებოდა განცხადებები, ხან ფორმალურად, ხან არაფორმალურად. ოსურ მხარეს სურდა აქედან საქონლის რეალიზაცია, მაგრამ როგორც ჩანს აქამდე რუსები არ აძლევდნენ ამის საშუალებას, ახლა თუ მისცემენ, კარგი იქნება.“

რაც შეეხება იმას, ოსური მხარის ეს განცხადება არის თუ არა კავშირში 2011 წლის შეთანხმებას რუსეთთან ტვირთების მონიტორინგის თაობაზე, ამის თაობაზე შოთა უტიაშვილი შემდეგს აცხადებს: „სავაჭრო კორიდორები არის თემა, რომელსაც წინსვლა არ უწერია, მიუხედავად კარასინის მრავალგზის დაპირებისა. ჩვენ შეგვიძლია გასაჩივრების მექანიზმი ავამოქმედოთ. ეს შეთანხმება კორიდორების შესახებ ითვალისწინებს ორ–ორი პუნქტის გაკეთებას. ერთს როკის გვირაბთან და მეორეს ერგნეთთან, ან ახალგორთან, როგორც მხარეები გადაწყვეტენ, მხოლოდ ჩვენს მხარეს. ამ შემთხვევაში კი საბაჟოს რუსები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გახსნიან.“

დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან კერსტი კალიულაიდთან ერთად სოფელ ხურვალეთში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა. მათ ერთობლივან მოინახულეს 80 წელს გადაცილებული დათა ვანიშვილი, რომელიც მავთულხლართის მიღმა ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის საკითხის შესახებ სვამს კითხვებს: „80 წელი საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ახლა ვინ ვარ? წყალი არ მაქვს, შეშა არ მაქვს...“, – ჩივის დათა ვანიშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა უთხრა, რომ კვლავ საქართველოს მოქალაქეა ისევე, როგორც ის ადამიანები, ვინც ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს იმ ჯარისკაცების გარდა, ვინც უკანონოდ იმყოფებიან ამ ტერიტორიაზე. გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში განაცხადა:

„ესტონეთის პრეზიდენტმაც, ისევე როგორც არაერთმა ევროპელმა ლიდერმა ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა – საქართველო. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანთა გატაცება. მორიგი ფაქტი ორი დღის წინ დაფიქსირდა. ამ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენ და ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს. ეს, სრულიად ამაზრზენი ბარიერები იქნება დანგრეული, ისევე, როგორც დაინგრა ევროპაში სხვა ხელოვნური ბარიერები, არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემს ქვეყანას. გმადლობთ თქვენ, რომ ამ კურსს მხარს უჭერთ“.

ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნაა. მისმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ხურვალეთში სტუმრობისას განაცხადა, რომ ყველაფერს, რაც იქ ხდება მხოლოდ ერთი სახელი აქვს და ეს ბოროტებაა. „გმადლობთ, რომ გამაცანით იმ სირთულეებს, რაც მიღმა მხარეს არსებობს. მე ამას ვუწოდებდი ბოროტების ხაზს. ესაა ყველაზე სწორი სიტყვა იმის გამოსახატად, რაც მე აქ ვნახე,“– განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

გასულ თვეს, ჟენევაში გამართული მორიგი შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ მწვავედ გააკრიტიკა უცხოელი დიპლომატებისა და მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტები ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და განაცხადა, რომ ეს დესტაბილიზაციისა და პროვოკაციისკენ მიმართული ნაბიჯებია საქართველოს მხრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG