ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


როგორ იყენებს ჩავესი სახელმწიფო ბერკეტებს თავის სასარგებლოდ?

ვენესუელაში წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში სახელმწიფო მოხელეები პრეზიდენტი ჰუგო ჩავესის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული.
ქვეყნის პარლამენტის წევრი მარია კორინა მაჩადო ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ჩავესი სახელმწიფო ბერკეტებს თავის სასარგებლოდ. გარდა ამისა, მისი თქმით, ჩავესი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას იმისთვის, რომ ოპოზიციის უფლებები შეზღუდოს და დემოკრატიული პროცესები შეანელოს.

„იმის გამო, რომ ჩავესის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ვენესუელაში ჯამში 19 საარჩევნო პროცესი წარიმართა, ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ ვენესუელაში დემოკრატია ყვავის. სინამდვილეში არ არსებობს ძალაუფლების გამიჯვნის მექანიზმები, არ არის სიტყვის თავისუფლება. კერძო საკუთრებას პატივს არავინ სცემს.“

მაჩადოს თქმით, ჩავესი უსამართლოდ ეწეოდა სატელევიზიო და რადიო სივრცეების დმონირებას. ის მაუწყებლებს სთხოვდა საკუთარი მხარდამჭერი კამპანიის წარმოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხურავდა. მაგალითად RCTV, რომელიც არსებული ხელისუფლების კრიტიკას ეწეოდა ამჟამად დახურულია.
კონგრესმენი კარლიტოს ორტეგა, რომელიც ჩავესის მხარდამჭერია, უარყოფს ამ ბრალდებას. მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანიის დახურვა პოლიტიკურად არ იყო მოტივირებული:

„ტელევიზიის ეთერში პორნოგრაფიული ფილმები გადიოდა და ღამის 10 საათის შემდეგ აღვირახსნილი ცხოვრების პროპაგანდას ეწეოდა. ეს კანონით ნებადართული არ არის.“

ორტეგას თქმით, ისეთი ტელეარხები, როგორიცაა მაგალითად გლობოვიზია, კვლავ მუშაობს და ის ხშირად მთავრობას აკრიტიკებს.
ოპოზიციონერი დიეგო არია ამბობს, რომ ჩავესმა მას არაკანონიერად ჩამოართვა მიწები მას შემდეგ, რაც მან პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა:

„რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ნარკოტიკების გადამზიდველ ჯგუფებთანაა ასოცირებული. ერთ დღეს ისინი შეიძლება პასუხისგებაშიც იქნენ მიცემული. აქ ბევრი პროცესი პოლიტიკურადაა მოტივირებული.“

ჩავესის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ მდიდარი ფენისთვის იმ მიწების ჩამორთმევა, რომელსაც ისინი არაფერში იყენებენ, საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად ხდება და ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

კონგრესის წევრი მაჩადო ამბობს, რომ გახშირდა დაშინების ფაქტები, როცა დაინტერესებული ჯგუფები შეიარაღებულ ბანდებს ქირაობენ იმისთვის, რომ ჩავესის სოციალური რევოლუცია დაიცვან. მისი თქმით, ამ სახის დაშინების პოლიტიკა იმას იწვევს, რომ ხალხს საარჩევნო უბნებზე გასვლის სურვილი არ აქვს:

„ამომრჩევლის 40 პროცენტი, მათ შორის ტექნიკური განათლების მქონე ადამიანებიც კი ამბობენ, რომ არსებული საარჩევნო სისტემის, ხმის მიცემის ელექტრონული დანადგარებისა და სხვადასხვა სახის უსაფრთხოების სისტემების გამოყენებით, მთავრობა თავისუფლად გაიგებს იმას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი თითოეულმა ამომრჩეველმა.“

ამაზე საპასუხოდ ორტეგა ამბობს, რომ ოპოზიცია მიზეზებს ეძებს თავის დასაცავად, რადგანაც მმართველი პარტიის მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ მათი კანდიდატი ძალიან სუსტია და მოსახლეობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს:

„ვენესუელაში ხმის მიცემის არავის ეშინია. ეს ფსიქოლოგიური სტრატეგიაა, რომელსაც ოპოზიცია იყენებს მხარდამჭერების მოტივირების მიზნით. მათ ძალიან ცუდი კანდიდატი ჰყავთ და ამის კომპენსირებისთვის ამ სტატეგიას მაქსიმალურად იყენებენ.“
დღევანდელი არჩევნები იმას დაადგენს თუ ვინ იქნება ვენესუელას მომდევნო პრეზიდენტი, მაგრამ იმის თაობაზე, არის თუ არა ვენესუელაში დემოკრატია, დებატები კიდევ დიდ ხანს გასტანს.
XS
SM
MD
LG