სრულიად მშვიდობიანი, გულწრფელი და ალტრუისტული ჟესტის წინაშე დე-ფაქტო ცხინვალი განიარაღებულია. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება თავის ტკივილია როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე არაღიარებული რეჟიმისთვის და არა მხოლოდ თავის ტკივილი, არამედ თავსატეხიც.
მთავარი ამბავი ისაა, რომ ჯერაც ამოუცნობი რჩება გამოცანა იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა წარმატებული, რეალიზებული, აღიარებული, გამოცდილი, თავისი საქმის პროფესიონალი ექიმი ახალგორის მიმართულებით, რატომ გადაკვეთა ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვარი, რის მიღმაც მას არც ნათესავები ჰყავდა და არც მეგობრები? დაჯერება იმისა, რომ ადამიანი, შეისაძლოა, ამდენად იდეალისტი იყოს და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირება იმდენად აღელვებდეს, რომ ამისთვის საკუთარი თავი ტანჯვისთვის გასწიროს, მარტივი არაა. ცხინვალში არ აქვთ ახსნა, არ აქვთ პასუხი კითხვაზე: რა უნდა ვაჟა გაფრინდაშვილს, ვერ ხსნიან, რატომ ჩაიგდო თავი მან საფრთხეში.
„მხოლოდ შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ და ვიმკითხაოთ, რით იყო ნაკარნახევი ასეთი მსხვერპლშეწირვა, რადგან ვერც ერთი ვერსია ვერ უძლებს კრიტიკას გაფრინდაშვილის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეღწევის მიზეზების შესახებ. საქართველოს მედია, რომელსაც არ აქვს არანაირი ინფორმაცია (რადგან არც ექიმის ოჯახს ჰქონდა წარმოდგენა იმის თაობაზე, როგორ აღმოჩნდა ის საზღვარზე), რამდენიმე დღის განმავლობაში აჟღერებდა ვერსიას იმის შესახებ, თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილს სურდა დახმარებოდა ლეგინგორის რაიონის მცხოვრებ თამარ გიგაურს, რომელმაც დაზიანებები მიიღო უბედური შემთხვევის გამო. ეს ვერსია არ ჩანდა ლოგიკას მოკლებული, რადგან გაფრინდაშვილი ორთოპედ-ტრავმატოლოგია. მაგრამ იმ დროისთვის დაზარალებული უკვე გაწერილი გახლდათ რესპუბლიკური საავადმყოფოდან, სადაც მიიღო საჭირო მომსახურება, ამასთან მან განაცხადა, რომ თბილისიდან ექიმს არ ელოდებოდა...
„თავად დაკავებულმა კი განაცხადა, რომ სურდა რამდენიმე წმინდა ადგილისა და ეკლესიის მონახულება სოფელ „მონასტერთან“ ახლოს, ლენინგორის რაიონში. „ღვთისნიერი“ ექიმი დაადგა ხაზგასმით საშიში პილიგრიმობის გზას, მივიდა რა სამხრეთ ოსეთის საზღვართან ონჭოსანის მხრიდან და გაუშვა მანქანა. ის მზად იყო იმისთვის, რომ დააკავებდნენ,“- ეს გახლავთ ამონარიდები დე-ფაქტო ადმინისტრაციის საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ტექსტებიდან, სადაც ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი, შესაძლოა პოლიტიკის ნაწილი იყოს. ამის დასაბუთებისას გამოყენებულია საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა და ასევე სცენარი, რომლის თანახმად, საქართველოში რევოლუციები პერმანენტულ ხასიათს ატარებს.
„შეიძლება ითქვას, რომ კეთილი ექიმი იქცა საქართველოში უზომო პროპაგანდის მსხვერპლი და მოექცა ტელევიზიებიდან მომდინარე ისტერიული მოწოდებების გავლენის ქვეშ, რომელიც ატარებს სულისკვეთებას „ვინ, თუ არა შენ?“ იქნებ მას სურდა შიშველი ხელებით აეღო სასაზღვრო ბარიერები და მძიმე ავადმყოფები გადაეყვანა ლენინგორის რაიონიდან მას შემდეგ, რაც წინასწარ სწორედ ამ ადგილას ილოცებდა საქართველოსთვის?“ – „მსჯელობს“ ცხინვალელი ჟურნალისტი. მკითხაობა ვაჟა გაფრინდაშვილის გადაადგილების მოტივების თაობაზე ბევრია, თუ ცოტა, ამის მიუხედავად, იგი კვლაც საპატიმროში იმყოფება და არ აპირებს აღიაროს, რომ ეს საპატიმრო საქართველოს ტერიტორიაზე არაა განთავსებული.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მის განთავისუფლებას მომავალი კვირისთვის ელის. ექიმის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მისთვის ვაჟას საპატიმროდან დახსნის „დედლაინი“ მომალი კვირის ოთხშაბათია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კონკრეტულ მოთხოვნებს დააყენებს. „ვაჟას ამბავი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ იცის და გადავალთ კონკრეტულ ნაბიჯებზე ამ აღშფოთება-შეშფოთებიდან. მე გაეროსაც გავუგზავნე სპეციალური წერილი და იქიდანაც ვითხოვ ჩართვას“,- გვეუბნება თამილა ლაფანაშვილი. მას ამ ორგანიზაციიდან საპასუხო წერილი ჯერ არ მიუღია. „წერილს, ჯერ განიხილავენ, მგონია, რომ სიკეთისკენ მივდივართ“,- ასეთია მისი მოლოდინი.
ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ცხინვალში მუშაობს, წითელი ჯვარია. სამკვირიანი პატიმრობის განმავლობაში წითლმა ჯვარმა ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულება მხოლოდ ორჯერ მოახერხა. მიუხედავად საერთაშორისო მანდატისა და მუშაობის შეუფერხებლობის „გარანტიისა“, დე-ფაქტო რეჟიმთან თანამშრომლობა, როგორც ჩანს, არც წითელი ჯვრისთვისაა მარტივი. ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რაც ოჯახმა ექიმს გაუგზვნა, მხოლოდ ორი დღის წინ მოხვდა ადრესატთან. 19 ნოემბრის შემდეგ ამანათი ცხინავლში „იცდიდა“.
"საკითხი უკვე იმ დონემდეა მისული, რომ რუსეთის უშუალო ჩარევის გარეშე, როგორც ჩანს, არ მოხდება ამ ადამიანის განთავისუფლება. ამ პერიოდში ის მაინც მოხერხდა, რომ ყველა, მათ შორის რუსეთიც, გრძნობს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ ადამიანის ცხინვალის ციხეში ყოფნა. იმედი მაქვს, ის მალე დაგვიბრუნდება, თუმცა ალბათ, აქამდეც შეიძლებოდა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, იგივე რუსეთთან მიმართებით, იგივე საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართულებით. ეს უკვე იქცა ეროვნული ღირსების საქმედ. შესაძლებელი იყო გარკვეული შუამავლების გამოყენება და შედეგი უფრო მალე დადგებოდა. მთავარია ვაჟა იყოს ჯანმრთელად და არ მოხდეს მისი ღირსების შელახვა,“- აცხადებს გიორგი ტუღუში, პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, რომელიც რამდენიმე წელი საქართველოს სახალხო დამცველი გახლდათ. სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობისას მან შეძლო ევროკომისართან თანამშრომლობა იმდენად ნაყოფიერად, რომ ის ცხინვალის ციხეში ტყვედ მყოფი ადამიანების გათავისუფლების პროცესში ჩაერთო. გიორგი ტუღუში ამბობს, რომ დღეს ეს მექანიზმი აღარ არსებობს და ევროპის ადამიანის უფლებათა კომისრის „ჩარევა“ არ შეიმჩნევა.
„მიდგომა ჯერ კიდევ წინა კომისრის მუშაობის დროს შეიცვალა. იგი თავს არიდებდა ამას და როგორც ჩანს, იგივე გზას ადგას ამჟამინდელი კომისარი. დღეს ეს რესურსი არაეფექტურად მიმაჩია, თუმცა მნიშვნელოვანია ინფორმირება. რაც შეეხება გაეროს და ეუთოს, როგორც ჩანს მათი მანდატიც შეზღუდულია. ჩვენ დავრჩით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წინაშე, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ნებისმიერ მექანიზმი, რომელიც ზეწოლას განახორციელებს რუსეთზე, ეს იქნება ევროსაბჭოს სტრუქტურები თუ სხვა სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, არის წინაპირობა შედეგის მისაღებად - ექიმის დასაბრუნებლად“,- ამბობს გიორგი ტუღუში და დასძენს, რომ ეს გაკვეთილია ჩვენი ქვეყნისთვის: „კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ, როდესაც სულ რამდენიმე კილომეტრში დანაშაულებრივი რეჟიმია, რომელსაც შეუძლია ჩვენი მოქალაქეები გაიტაცოს, დაამწყვდიოს და კვირების განმავლობაში ამყოფოს პატიმრობაში. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი ამ პროცესში. კარგი იქნებოდა გაცილებით მეტი გვეზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე, ვიდრე რუსეთის ენისა და კულტურის ცენტრის გახნაზე საქართველოს დედაქალაქში, რაც გუშინ მოვისმინეთ და კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია, თუ საით მიდის ეს ყველაფერი.“
რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის თაობაზე თბილისში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ გააჟღერა, რომელიც ორი დღის წინ დაბრუნდა პრაღიდან, სადაც ის გრიგორი კარასინს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდებოდა. მათ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზეც ისაუბრეს.
ოსური მედია კარასინის პოზიციას შემდეგნაირად გადმოსცემს: „რუსი სენატორი გრიგორი კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების მიერ, საზღვრის დარღვევის გამო დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ამ დღეებში გაათავისუფლებენ. „ვფიქრობ, გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში სახლში იქნება, მე ამის იმედი მაქვს. იმდენად, რამდენადაც ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება, თქვენ ამის შესახებ მათ უნდა ჰკითხოთ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს. იმედი მაქვს, გადაწყვეტილებას მიიღებენ და გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება ოჯახს. ამისთვის ჩვენ ყველა კონტაქტს გამოვიყენებთ, მოდით, მოვიცადოთ,“- ასეთია კარასინის პასუხი.
მან თქვა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია ადამიანების ტანჯვის შემსუბუქებით: „ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები არ იტანჯებოდნენ. მე მშვენივრად ვიცი, რომ გაფრინდაშვილი ექიმია, ჩემი მშობლებიც ექიმები იყვნენ, ამიტომაც ძალიან კარგად მესმის საკითხი, თუმცა წინასწარგამიზნულად საზღვრის გადაკვეთა არსებულ წესრიგს არღვევს“.
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს, ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტების დაკეტვას, ადამიანთა უკანონო დაკავებებს თავის ანგარიშში გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეშენალი“ და მიუთითა, რომ ოკუპანტი ძალა ამით საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს.
ამ დრომდე კვლავ ჩაკეტილი რჩება გადაადგილების პუნქტი ახალგორის მიმართულებით. ასეთი მდგომარეობა 4 სექტემბრის შემდეგ უცვლელია. ადგილობრივების მოსაზრებით, იზოლაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
Facebook Forum