სინგაპურიდან აღმოსავლეთით, მალაკის სრუტის სიახლოვეს, ამერიკული სამხედრო ფლოტის ნაღმოსანის ჯონ ეს მაკკეინის სავაჭრო ხომალდთან შეჯახების შემდეგ, ათი ამერიკელი მეზღვაური დაკარგულად არის გამოცხადებული.
შეერთებული შტატების მეშვიდე ფლოტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი ადგილობრივი დროით 6:20 -ზე, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „ალნიკ ემ სი“-ს შეეჯახა. ავარიის დროს, მაკკეინი სინგაპურის პორტში შესასვლელად მიემართებოდა.
მაკკეინის კორპუსი „მნიშვნელოვნად დაზიანდა“, მაგრამ რამდენიმე საათში, საკუთარი სვლით, სინგაპურის ჩანგის სამხედრო ფლოტის ბაზაში შევიდა.
სინგაპურის სანაოსნოს და პორტის უწყებამ განაცხადა, რომ „ალნიკ“-იც დაზიანდა, მაგრამ ეკიპაჟის წევრებიდან არავინ დაშავებულა.
სინგაპურის სამხედრო ფლოტის შვეულმფრენმა, 4 დაშავებული ამერიკელი მეზღვაური, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სინგაპურის ჰოსპიტალში გადაიყვანა. კიდევ ერთ მეზღვაურს შემდგომი მკურნალობა სჭირდება.
Facebook Forum