დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. მან თქვა, რომ ადამიანის უფლებაა მოიხმაროს მარიხუანა. ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ყველა არსებულ კანონზე უპირატესი მნიშვნელობის გახლავთ, ფაქტობრივად, ძალადაკარგულია ის რეგულაციები, რომელთა თანახმად ადამიანი შეიძლებოდა პასუხისგებაში ყოფილიყო მიცემული ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. ამჟამად, ასევე გაუქმებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე სასჯელიც.
საქართველოს კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლი, რომელიც კონსიტუციის მეორე თავის ნაწილია და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებს აწესრიგებს, ამბობს: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. სწორედ ამ მუხლს დაეყრდნო დღეს საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულად ცნო. ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სურვილისამებრ, მარიხუანის მოხმარება შესაძლებელია და ის არაა დასჯადი არც სისხლის სამართლითა და არც ადმინისტრაციული სამართლით.
სანამ საქმე მარიხუანის ლეგალიზებამდე მივიდოდა, მანამ არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. ასევე მნიშვნელოვანია სამოქალაქო კამპანიებისა და საზოგადოებრივი პროტესტის როლი ამ საქმეში. პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი,“ საქმე ნომერი 1282–ით საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დღეს გამარჯვებულია.
ამერიკის ხმასთან „გირჩის“ წარმომადგენელი სასამართლოში იაგო ხვიჩია საუბრობს: „სასამართლომ თქვა, რომ საქართველოში მარიხუანის მოხმარება ლეგალურია. ამის აღიარება ადამიანის უფლებად და მასზე ყოველგვარი სანქციის მოხსნა მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ეს პრეცენდენტული და ლეგალიზაციის პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ პოსტ საბჭოთა სივრცეში. სასამართლო, როგორც წესი, არ ახდენს მარიხუანას ლეგალიზაციას, ამის თაობაზე, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებენ ჯერ პოლიტიკოსები და შემდგომ მას სასამართლო ამტკიცებს. ჩვენთან პირიქით მოხდა, სასამართლომ დაამტკიცა ლეგალიზაცია. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ეს პოლიტიკური კამპანიის ნაწილი გახლდათ და ყველა იმ ადამიანის საქმე იყო, ვინც მოიხმარდა მარიხუანას. ასეთმა ხალხმა მოიგო ეს საქმე.“
ამ ეტაპზე საქმე ცოტა არ იყოსდა პარადოქსულია: გაურკვეველია სად უნდა მოიპოვო ნივთიერება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომ მისი მოპოვება დასჯადია, მაგრამ ამავდროულად, არ დაისჯებით მისი მოხმარების გამო.
მარიხუანის ლეგალიზაციამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო დაკავებული ადამიანების დასაცავად სასამართლოში ბრძოლის დიდი ხნის გამოცდილება აქვს ასევე ვახუშტი მენაბდეს, სამართლის სპეციალისტსა და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ლეგალიზაციამდე პროფესი იოლი არ ყოფილა და მან სამი ეტაპი გაიარა. ჯერ კიდევ დასჯადია შეძენა, შენახვა, გასაღება. ბრუნვა არაა ლეგალური, მაგრამ ზემოქმედების ქვეშ თუ ხარ, არ ისჯები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისე უნდა მოიპოვო მარიხუანა, სახელმწიფომ არ დაგინახოს, ხოლო თუ გნახავს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფს, ვერ დაგსჯის. ლეგალიზებამდე სასამართლოების მთელი ჯაჭვი იყო, რომელიც დაიწყო ბექა წიქარიშვილის საქმით. მის საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ ადამიანი არ უნდა გაუშვა ციხეში მარიხუანის მოხმარების გამო. შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა და ახლა თქვა, რომ მოხმარება ლეგალურია. „ჯერ მოხდა დეპენალიზაცია, შემდგომ დეკრიმინალიზაცია და ახლა უკვე ლეგალიზაცია, ოღონდ მოხმარების. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის ბრუნვა სამოქალაქო სივრცეში ლეგალურია, ეს ცალკე დასარეგულირებელი საქმეა. მარიხუანა არის ერთი პატარა და ნაკლებად პრობლემური საკითხი და ის აღარაა ნარკოპოლიტიკის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემები ახლა გადის სხვა ფრონტებზე, მაგალითად ესაა მინიმალური ოდენობები და სხვა. რაკი სახელმწიფო რეპრესიულ პოლიტიკას არ მიმართავს, ეს არ ნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკა არარეპრესიულად რჩება. ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება ამ გადაწყვეტილების შემდგომ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი რიგზეა,“– გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.
კახა კვაშილავა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკის ხმასთან ამბობს: „მარიხუანის მოხმარება არაა ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გახლავთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის მნიშნველოვანი. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ სეგმენტზე, რომელიც, შესაძლოა, მარიხუანას მომხმარებელიც იყოს, მაგრამ ძირითადი პრობლემა მათთვის ინექციური ნარკოტიკის მოხმარებაა. ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება თქმა, რომ დღეს, ის პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებლები, ვინც ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობს, მომხმარებლებად იქცნენ მარიხუანას გამოყენებით. ამას ვერავინ დაამტკიცებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, ზიანის შემცირების სერვის–ცენტრებს ისეთი ტიპის კვლევა, თუ რომელი ნარკოტიკით დაიწყეს მათ მოხმარება, არ ჩაგვიტარებია. ცალსახად იმის თქმა და ამაზე აპელირება, რომ მარიხუანა იყო საწყისი მათი მოხმარების დაწყებისა, დაუშვებელია. საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოსმენა“.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებულად ცნო, ჯერ კიდევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა. მაგალითად, 300 გრამი მარიხუანა თუ აღმოუჩინეს მომხმარებელს, ეს სულაც არ დარჩება დაუსჯელი. ასევე არ შეიძლება გამასპინძლების დაფიქსირება, რადგან მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის 100 გრამამდე ნედლი და 70 გრამამდე გამომშრალი ფოთლის შენახვაა შესაძლებელი. ასე რომ, მარიხუანის მომხმარებლებისთვის, პირველი რიგის საჭიროებას ახლა სასწორის შეძენა და მოხმარების კანონიერი ჩარჩოების ზედმიწევნითი გაკონტროლება წარმოადგენს.
Facebook Forum