ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მძაფრი საპრეზიდენტო კამპანია დასასრულს უახლოვდება


კანდიდატები ამერიკის სხვადასხვა შტატში ხმების საბოლოო მოპოვებისათვის იბრძვიან

არჩევნებამდე 48 საათზე ნაკლები რჩება, დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე, მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი კი ამერიკის სხვადასხვა შტატში ხმების საბოლოო მოპოვებისათვის იბრძვიან. როგორც „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი, მაიკლ ბომენი მოგვითხრობს, საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით ქვეყანა ორად არის გაყოფილი. ორივე კამპანიაში კი აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი სამშაბათის არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.

მივესალმები ნიუ ჰემპშირს! - ამბობს პრეზიდენტი ობამა რამდენიმე დღიანი უწყვეტი კამპანიის ფონზე ოდნავ ჩახლეჩილი ხმით და ამომრჩეველს მის გვერდით დგომას სთხოვს არჩევნების დღეს.

„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ახლა უკან ვეღარ დავბრუნდებით. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, რომ ახლა დაღლა ვიგრძნოთ. დროა, წინ ვიაროთ.” - მიმართა მხარდამჭერებს პრეზიდენტმა.

ბატონი ობამა ამბობს, რომ პრეზიდენტობის ოთხი წლის შემდეგ, მას კვლავ შეუძლია რეალური ცვლილების მოტანა ვაშინგტონში.

„თქვენ იცით, რომ მე მესმის, თუ რას ნიშნავს რეალური ცვლილება, რადგან მე ამისთვის თქვენთან ერთად ვიბრძოდი. ამის დასადასტურებლად შემიძლია ნაიარევიც გაჩვენოთ. ჩემი გაჭაღარავებული თმაც ამაზე მეტყველებს,” - ამბობს ობამა.

„მე აიოვა მჭირდება იმისათვის, რომ პრეზიდენტი გავხდე და ამერიკა დავიბრუნო,” - ამბობს რომნი.
გუბერნატორი რომნი ამბობს, რომ ამერიკას ობამას წარუმატებელი პოლიტიკის შეცვლა ესაჭიროება.

„[პრეზიდენტმა ობამამ] განაცხადა, რომ უმუშევრობა ამ დროისთვის 5.4 პროცენტი იქნებოდა. გასულ პარასკევს კი შევიტყეთ, რომ ეს მაჩვენებელი 7.9 პროცენტს გაუტოლდა. ამ არჩევნებზე ერთი შეკითხვა დგას: გსურთ, მომავალი ოთხი წელი გასულ ოთხ წელს დაემსგავსოს, თუ რეალური ცვლილებები გსურთ?” - მიმართავს ამომრჩეველს მიტ რომნი.

გრძელი და ხშირად მწვავე კამპანიის დასასრულს, კანდიდატები პირობას დებენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების გადასალახად ორად გაყოფილ მომხრეებს შორის ერთგვარ ხიდს გაავლებენ.

„როგორც პრეზიდენტი, ნებისმიერი პარტიის ნებისმიერ წარმომადგენელთან ვიმუშავებ, რათა ქვეყანა განვითარდეს,” - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

„როდესაც მე პრეზიდენტად ამირჩევენ, კონგრესში როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან ერთად ვიმუშავებ,” - ამბობს თავის მხრივ მიტ რომნი.

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, კანდიდატებმა ცნობილი სახეები მოიწვიეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ობამას მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩნდება.

„მივდივართ სწორი გზით? მე მხარს პრეზიდენტ ობამას ვუჭერს, რადგან ის კარგი მთავარსარდალი იყო და კარგი სამუშაო გასწია,” - ამბობს ბილ კლინტონი.

მიტ რომნის მეუღლე, ენ რომნი, მეუღლეს ოჰაიოში შეუერთდა და ამომრჩეველს მიმართა: „ერთ რამეს გეტყვით ამ ადამიანზე. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგება და ის ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც ამერიკას სჭირდება.”

ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი ყურადღებას 10 სადავო, ეგრეთ წოდებულ მერყევ შტატზე ამახვილებს, მათ შორის არის ოჰაიოსა და ფლორიდის შტატები, სადაც, სავარაუდოდ, გადაწყდება კიდეც არჩევნების ბედი. რესპუბლიკელები გაცილებით ენერგიულები ჩანან, თუმცა დემოკრატები ამბობენ, რომ მათ ამომრჩეველთან კომუნიკაციის ძალზე მასშტაბური ქსელი აქვთ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტორატი თითქმის ორად არის გაყოფილი, თუმცა, სადავო შტატების უმრავლესობაში მცირედი უპირატესობით პრეზიდენტი ობამა სარგებლობს.

მიტ რომნის კამპანიის მრჩეველი, ედ გილესპი რომნის გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.

„სამიზნე შტატებში ჩვენი პოზიციების გათვალისწინებით, საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შევძელით, [კამპანიის არეალი] გაგვეფართოვებინა პენსილვანიაში მაშინ, როდესაც როგორც ფინანსურად, ისე ინფორმაციულად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა ფლორიდის, ვირჯინიის, ოჰაიოსა და სხვა სამიზნე შტატებში,” - განმარტავს ედ ჯილეპსი.

ობამას კამპანიის მრჩეველს, დევიდ პლუფს ანალოგიური გზავნილი აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ორ დღეში პრეზიდენტს მეორე ვადით აირჩევენ. ამ არჩევნების მოსაგებად საკმარისი მხარდაჭერა გვაქვს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მხარდაჭერა არჩევანის დაფიქსირებისას რეალურად გამოიხატება. სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევა კამპანიის დასასრულს.”

სამშაბათის საპრეზიდენტო არჩევნები ქარიშხლის - „სენდის” ერთი კვირის თავზე შედგება. ქარიშხალმა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს გარკვეული ნაწილები მნიშვნელოვნად დააზიანა. რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს „სენდიმ” ამომრჩეველზე უცნობია. გამარჯვებისთვის ამომრჩევლის აქტივობის მნიშვნელობის ფონზე, ბარაკ ობამა და მიტ რომნი გაცხარებულ საარჩევნო კამპანიას აგრძელებენ.
XS
SM
MD
LG