"ვაშინგტონ პოსტის" თანახმად, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და მისი ბრიტანული ანალოგი შეიჭრნენ „გუგლის“ და „იაჰუს“ მონაცემთა ცენტრების დამაკავშირებელ ხაზებში და შეაგროვეს ტექსტი, აუდიო, ვიდეო და სხვა მონაცემების უზარმაზარი რაოდენობა.
„მათ, ვინც საიდუმლოების დაცვის საკითხებზე მუშაობს, ძირითადად იციან, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია და შეიძლება დიდი ხნის განმავლობაშიც ხდებოდა.“
ლანს ჰოფმანი ხელმძღვანელობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის,
კიბერ- უსაფრთხოების პოლიტიკის და კვლევის ინსტიტუტს.
ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები მონაცემებს დაცულ ობიექტებზე ინახავენ და საკუთარი ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელებიც კი აქვთ, ზოგიერთ მონაკვეთში მონაცემები იგივე კაბელებით გადაიცემა, რომელთაც მთელი დანარჩენი ინტერნეტი იყენებს.
„როდესაც რაღაც გადაგაქვს პუნქტ „ა“-დან პუნქტ „ბ“-ზე, ყოველთვის არის ამის უკანონოდ ხელში ჩაგდების შესაძლებლობა.“
ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ამბობს, რომ ინფორმაციის მოპოვება კანონიერია და მხოლოდ და მხოლოდ იმ მინიშნებების დასანახად გამოიყენება, რომლებმაც შესაძლოა აგვარიდონ ტერორისტული თავდასხმები და სხვა საფრთხეები.
იმ დროს, როცა ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ იტაცებენ საჯაშუშო სააგენტოები ინფორმაციას, მერილენდის უნივერსიტეტის კოლეჯის კომპიუტერული ტექნოლოგიის მეცნიერი ჯეფ ჯიპუტრა ამბობს, რომ რაუთერები, რომლითაც ინტერნეტზე მონაცემთა მოძრაობის მართვა ხდება, ამის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია.
„მე ვიცნობდი ჰაკერებს, რომელთაც შეეძლოთ რაუთერში შეჭრა და კოდის ისე შეცვლა, რომ რაუთერი იქცეოდა აპარატად, რომელიც მონაცემთა ნაკადს მესამე მიმართულებით გადასცემდა.“
„იაჰუს“ პრეს-მდივანი ამბობს, რომ კომპანიას მკაცრი კონტროლის წესები აქვს დანერგილი საკუთარი მონაცემთა ცენტრების უსაფრთხოების დასაცავად.
„გუგლი“ ამბობს, რომ ის თავისი სერვისების უფრო მეტ ნაწილზე განავრცობს დაშიფრვას.
მაგრამ როცა სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოძრაობს გადანაწილებული კომპიუტერული ქსელების მიმართულებით, რასაც „ქლაუდ“-ს უწოდებენ, სირაკუზის უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი შუ-კეი ჩინი ამაში რისკსაც ხედავს და სარგებელსაც.
„ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების დარგში მოღვაწე ადამიანები „ქლაუდ“-ის მეთოდით კომპიუტერულ მუშაობას თავისთავად სარისკოდ მიიჩნევენ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამაზე უარი უნდა ვთქვათ? არა. თუ მე მსურს ჩემი ვიდეო და მუსიკა იქ შევინახო, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. უნდა მომინდეს იქ შევინახო შეერთებული შტატების ატომური რაკეტების გასაშვები კოდები და ამერიკის ხაზინის გასაღები? ალბათ არა.“
ლანს ჰოფმანი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ მას არ გაუკვირდა, რომ საჯაშუშო სააგენტოებმა შეძლეს „გუგლში“ და „იაჰუში“ შეჭრა.
„ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ამდენი ხანი დასჭირდა საზოგადოების გამოფხიზლებას რათა შესაბამისი კონტროლის დასანერგად ამ თემაზე საუბარი დაწყებულიყო.“
ის ამბობს, რომ ჯაშუშობა ყოველთვის ხდება, მაგრამ ამატებს, რომ ახლა დადგა სამოქალაქო თავისუფლებების და პირადი საიდუმლოების დაცვის თემაზე საჯარო დისკუსიის დრო, რაც გამოიწვია სააგენტოს საქმიანობის ბოლოდროინდელმა გამოაშკარავებამ.
„გარკვეულწილად, პირადი საიდუმლოების დაცვა, რაც ადამიანებს ასე აღელვებს, თავისუფლების წინამორბედია. თქვენი პირადი საიდუმლოება თუ არაა დაცული, თქვენ თავისუფლებაც არ გაქვთ.“