ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი პრეზიდენტი ქალთა უფლებებს იცავს


ჯიმი კარტერის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ყოფილმა პრეზიდენტმა 28-ე წიგნი დაწერა

ელიზაბეტ ფაულის მიერ გადმოცემულ ისტორიებში გულისტკივილი და სასოწარკვეთა იგრძნობა. ის "ჰართლენდ ალიანსის" დირექტორია და ხშირად აქტიურად მუშაობს უფლებაშელახულ ქალებთან განვითარებად ქვეყნებში.

„ჰაიტიში ქუჩის განათების არქონის გამო ქალებისთვის ძალიან საშიშია ღამით გარეთ გასვლა. განსაკუთრებით დევნილთა ბანაკებში. მიწისძვრის შემდეგ მნიშვნელოვნად მოიმატა გაუპატიურების და ძალადობის ფაქტებმა.“

"მხოლოდ ერაყში ასობით ქალი თავის მოკვლის განზრახვით თავს სამუდამოს ისახიჩრებს, ცდილობს თავის დაწვას. მათ ნაწილს ოჯახის წევრები აიძულებენ ამ ნაბიჯის გადადგმას, ოჯახის ღირსების დასაცავად.“

„ყველაზე სერიოზული შემთხვევებია, როცა ჩვილს მშობლები კლავენ იმის გამო, რომ ის გოგოა. ან ქალი აბორტს იკეთებს იმის გამო, რომ ნაყოფის სქესი მდედრობითია.“

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა ამ ტრაგიკულ ისტორიებზე ატლანტაში დაფუძნებულ კარტერის ცენტრში შეიტყო. ცენტრმა 2013 წლის ადამინის უფლებების ყოველწლიური კონფერენციასწორედ ქალთა უფლებებს დაუთმო.

„შევისწავლეთ 79 ქვეყანა და მე თითოეულ მათგანს ვეწვიე. ასევე ვმუშაობთ ამერიკის მასშტაბითაც. მე პირადად ვნახე თუ როგორ საშინლად ექცევიან ქალებს და გოგონებს, იმაზე საშინლად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.“

კარტერის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ყოფილმა პრეზიდენტმა 28-ე წიგნი დაწერა - „მოწოდება მოქმედებისთვის“ - სადაც სხვადასხვა კულტურას მიმოიხილავს და ამასთან აცხადებს, რომ ამ მხრივ ამერიკაშიც სერიოზული მდგომარეობაა.

„ამერიკაში ქალების უფლებების შელახვა ყველაზე ხშირად უნივერსიტეტების კამპუსებზე ხდება. ყოველი მეოთხე გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და მათგან მხოლოდ მეოთხედს - ყოველი 25-დან ერთს - შეაქვს სარჩელი პოლიციაში.“

„ქალების წინააღმდეგ ძალადობა ტრანსნაციონალური საკითხია და არ შემოიფარგლება მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალებით.“

ფაულის კარტერი ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად ბრძოლაში მოკავშირედ მიაჩნია განსაკუთრებით, მამაკაცებში არსებული მცდარი შეხედულებების შესაცვლელად.

„გენდერული ძალადობა ვერ დასრულდება თუ ამით მხოლოდ ქალები იქნებიან დაინტერსებული. ამ ძალისხმევას პრეზიდენტის მონაწილეობა ძლიერ ხმას მატებს.“

მისი თქმით, ქალების წინააღმდეგ ძალადობის შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მოზარდი ბიჭებისთვის და ახალგაზრდა მამაკაცებისთვის ძალადობის უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
XS
SM
MD
LG