1990-ან წლებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ათობით ათასი ჩეჩენი მოკლეს და ასობით ათასი ადამიანი დევნილად აქციეს. მაშინ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ სეპარატისტულ მოძრაობას რუსეთმა ტერორიზმი უწოდა.კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ომის დანაშაულების ჩადენას სდებენ ბრალად,მათ შორის,სამოქალაქო პირების მოკვლას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.
ძმები ცარნაევების შემთხვევაში ის მოხდა, რომ მათ ამერიკულ საზოგადოებას ჩეჩნები უარყოფითად გააცნეს.
ალი ტეპსურკაევი ჩეჩენი ლტოლვილია, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. ის აცხადებს, რომ თვითონ და მისი ძმა, რომელიც ჟურნალისტი იყო, რუსეთის უშიშროების სამსახურის სამიზნეები იყვნენ.
„ჩემი ძმა მუცელში რამდენიმე ტყვიით დაჭრეს. ღამით სოფლიდან გასვლა შეუძლებელი იყო. ის სისხლისგან დაიცალა და ხელებში ჩამაკვდა.“
ვითარება ჩეჩნეთში უკანასკნელი წლების მანძილზე შედარებით სტაბილურია. ავტონომიას ახლა დიქტატორი მართავს, რომელიც კრემლთანაა დაახლოებული. სტრატეგიული საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი ენდრიუ კუჩინსი აცხადებს, რომ მიუხედავად სტაბილურობისა, რეგიონში ოპოზიციური ჯგუფები უფრო ექსტრემისტული ხდება.
„ბევრი ჩეჩენი, რომელიც თავიდან ნაციონალისტი იყო,
ახლა ექსტრემისტია და საკუთარ თავს ხშირად ისლამისტსაც უწოდებს.“
უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ჩეჩენმა ისლამისტებმა ასობით რუსი მძევალი აიყვანეს. ერთი შემთხვევა მოსკოვის თეატრში მოხდა. კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა კი 2004 წელს ბესლანის სკოლაში ბავშვების მძევლად აყვანა იყო. ორივე შემთხვევაში რუსეთის უშიშროების დანაყოფებმა ძალის გამოყენება გადაწყვიტეს, რასაც საბოლოო ჯამში დიდი რაოდენობით სამოქალაქო - მათ შორის ა150-ზე მეტი ბავშვის - მსხვერპლი მოჰყვა.
ნორთვესტერნის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორი ნიკოლას დანილოვი ჩეჩენ დისიდენტებს ამერიკაში თავშესაფარის მიღებაში ეხმარებოდა.
ის ამბობს, რომ ვიდრე ის გაირკვეოდა, რომ ბოსტონის მარათონის ამფეთქებელი ძმები ჩეჩნები იყვნენ, რუსეთსა და ამერიკას შორის ანტიტერორისტული თანამშრომლობა საკმაოდ შეზღუდული იყო რუსეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო. ბოსტონის აფეთქების შემდეგ კი ის შიშობს, რომ ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში წარმოებული განმათავისუფლებელი მოძრაობები საჯარო მხარდაჭერას დაკარგავს.
„ძმები ცარნაევების შემთხვევაში ის მოხდა, რომ მათ ამერიკულ საზოგადოებას ჩეჩნები უარყოფითად გააცნეს. ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ საზოგადოებამ ეს დაივიწყოს ან გაერკვეს იმაში თუ სინამდვილეში რა ხდება.“
ბოსტონის აფეთქებამ რუსეთსა და ამერიკას შორის ანტიტერორისტული თანამშრომლობის საჭიროებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, მაგრამ დანილოვი იმედს იტოვებს, რომ ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ ამერიკის მხრიდან რუსეთში დემოკრატიის ხეშეწყობის ძალისხმევა არ შესუსტდება.