პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობას მიიჩნევს. ამერიკა-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა განაცხადა რომ შუა აზია თავისუფალი ვაჭრობის და ახალი იდეების გზაჯვარედინად უნდა გადაიქცეს.
აღნიშნული ბიზნეს ფორუმი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და უზბეკეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩატარდა, რომელიც ამ ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას ემსახურებოდა მიზნად.
გასული წლის დეკემბერში შეერთებული შტატების და უზბეკეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი კონსულტაციები გამართეს, სადაც ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე იმსჯელეს, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.
თუმცა პრიორიტეტულ საკითხად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების და ინვესტიციების მოზიდვა განიხილება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რომერტ ბლეიკის განცხადებით:“ კონსულტაციების შემდეგ უზბეკეთის მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ტაშკენტმა უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის და შუა აზიაში ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა უზბეკეთის და მთელი შუა აზიის პოტენციალი, რომელიც უძველესი აბრეშუმის გზის დროიდან ევროპის და აზიის, ჩრდილოეთის და სამხრეთის დამაკავშირებელი ხიდი იყო.“
უზბეკეთი მდიდარია ნავთობის და ბუნებრივი გაზის საბადოებით. აქ მოიპოვება სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის ურანიუმის დიდი მარაგი. უზებკეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ოქროს საბადოებით. ამავე დროს უზბეკეთი დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
წარსულში უზბეკეთის მთავრობა არ ჩქარობდა ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც პოტენციური ინვესტორების ფრთხილ დამოკიდებულებას განაპირობებდა, თუმცა დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამის მიუხედავად უზბეკეთი ჯერ კიდევ საჭიროებს საგადასახადო სისტემის რეფორმას და ფინანსური სექტორის წახალისებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
უზბეკეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა ამ ქვეყნის ეკომომიკაში 500 მილიონი დოლარი ჩადო და ეჭვგარეშეა რომ მომავალში ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რობერტ ბლეიკმა.