ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას "მოწინავე სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის


სამშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა უკრაინას „უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები“ მიწოდოს. ეს ამერიკული ძალისხმევის ნაწილი იქნება, რომლითაც უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღით და საბრძოლო მასალებით დაეხმარა, რათა ბრძოლის ველზე და საბოლოოდ კი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მისი პოზიცია გააძლიეროს.

„არაპროვოცირებული აგრესია, სამშობიაროების და კულტურის ცენტრების დაბომბვა, მილიონობით ადამიანის თავისი ადგილებიდან იძულებით აყრა, უკრაინაში მიმდინარე ომს ღრმად მორალურ საკითხად აქცევს“, თქვა ბაიდენმა

უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ადრე ამის გაკეთების სურვილის არქონის შემდეგ მიიღეს. ორშაბათს ბაიდენმა თვითონვე თქვა, რომ შეერთებული შტატები არ მიაწვდიდა რაკეტებს “რომელსაც რუსეთის ტერიტორიის შიგნით დარტყმა შეუძლია“.

„ასოშიეიტედ პრესმა“ მოახდინა ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის ციტირება, რომელიც ამბობს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებაში შედის საშუალო სიშორის რადიუსის რაკეტები, რომელთა მოქმედება დაახლოებით 70 კილომეტრით არის შეზღუდული. ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, უკრაინელებმა გარანტია გასცეს, რომ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიისკენ არ გაუშვებენ.

სამშაბათს ბაიდენმა დაწერა, რომ რუსეთთან ომი არ სურს.

„რამდენადაც არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღმაშფოთებელია, შეერთებული შტატები არ ეცდება, რომ მოსკოვში მისი გადაყენება მოახდინოს. სანამ შეერთებულ შტატებს ან ჩვენს მოკავშირეებს თავს არ დაესხმებიან, ამერიკული ჯარის უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნით ან რუსულ ძალებზე თავდასხმით, ამ კონფლიქტში პირდაპირ არ ჩავერთვებით. უკრაინას თავისი საზღვრების მიღმა დარტყმებისთვის არ წავახალისებთ და ამის შესაძლებლობებს არ ვაძლევთ.

კრემლი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას უარყოფითად აღიქვამს და ამბობს, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ხელს არ უწყობს.

„გვჯერა, რომ შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს შეგნებულად ასხამს. აშკარაა, შეერთებული შტატები ინარჩუნებს ხაზს, რომ რუსეთს ბოლო უკრაინელამდე შეებრძოლება“, თქვა კრემლის პრეს-მდივანმა პესკოვმა.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ რუსული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ინტენსიურ საარტილერიო დაბომბვებს ახდენს.

უკრაინის ქალაქების მერები ამბობენ, რომ რუსული თავდასხმები ქალაქებში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას შეუძლებელს ხდის

XS
SM
MD
LG