ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქარიშხლების სეზონის დასაწყისი


ოკეანის და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული ადმინისტრაცია ატლანტის ოკეანეში და წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ რაიონში შედარებით ნორმალურ ამინდს წინასწარმეტყველებს. წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში კი ვითარება ჩვეულებრივზე მშვიდი იქნება. დეტალებს მოახლოებული შტორმების შესახებ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლორელ ბოუმანი არკვევდა.

შეერთებული შტატების ატლანტის ოკეანის სანაპიროს მოსახლეობისთვის 1 ივნისიდან ქარიშხლების სეზონი იწყება. მათ ჯერ კიდევ ახსოვთ ქარიშხალი კატრინა, რომელმაც 2008 წელს ნიუ-ორლეანის 80 პროცენტი დატბორა და ასობით ათასი ადამიანი სახლის გარეშე დატოვა. ასევე აგვისტოში ოცი წელი სრულდება ქარიშხალ ენდრიუს სტიქიიდან. მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა სამხრეთ ფლორიდა გაანადგურა და ქვეყანას 26 მილიარდის ზარალი მიაყენა.

ამინდის ეროვნული ბიუროს თანამშრომელი კრის ვაკარო ამბობს, რომ ენდრიუს გაკვეთილი მარტივია: მუდამ მზად უნდა ვიყოთ.

„ქარიშხალი ენდრიუ იმ სეზონზე პირველი იყო, რომლის შემდეგ კიდევ 6 ქარიშხალი წარმოიქმნა,“ - ამბობს ვაკარო.

წლევანდელ სეზონზე საშუალოდ 12 ქარიშხლის წარმოქმნაა მოსალოდნელი. ოკეანის და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული ადმინისტრაციის სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ 2012 წელს ატლანტიკური ქარიშხლები შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს, მექსიკის ყურეს და კარიბის ქვეყნებს დაატყდებათ თავს.

„სეზონზე სავარაუდოა 9-დან 15-მდე შტორმის წარმოქმნა. აქედან სამამდე ქარიშხალს მესამე, მეოთხე და მეხუთე კატეგორიები ექნებათ,“ - ამბობს დეტრიკი.

ეს პროგნოზი მიუთითებს, რომ წელს შტორმების აქტივობა წინა წლებთან შედარებით დაბალი იქნება. თუმცა სინოპტიკოსები მოელიან, რომ 1995 წელს დაწყებული ქარიშხლების აქტიურობის პერიოდი წელსაც გაგრძელდება.

იუდით ქური ჯორჯიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დედამიწის და ატმოსფეროს მეცნიერებების სკოლას ხელმძღვანელობს. როგორც „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნა, ატლანტის ოკეანეში ქარიშხლების აქტიურობა მომავალი ათი წლის მანძილზე შენარჩუნდება.

„ჩვენ იღბლიანები ვართ, რომ ბოლო წლებში ყველა დიდი ქარიშხალი ოკეანეშივე დასუსტდა და ხმელეთი ვერ დააზარალა,“ - ამბობს იუდით ქური.

ის შტორმების გააქტიურებას ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთშიც ელის. ამ რეგიონში ტროპიკული შტორემბსი სეზონი სექტემბერში იწყება.

ეს ტერიტორია ქურის აზრით საკმაოდ სუსტადაა მომზადებული სტიქიასთან საბრძოლველად.

„ერთერთი მთავარი პრობლემა ტროპიკული ციკლონების ადრეულ ეტაპზე გამაფრთხილებელი სისტემების არარსებობაა,“ - აცხადებს ქური.

სწორედ ამის გამო 2008 წელს ბირმაში ციკლონ ნარგიზის შედეგად 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG