პარასკევს, ევროპის საკითხებში აშშ-ის მთავარმა დიპლომატმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს ჯარის „დიდი და უჩვეულო“ თავმოყრის საპასუხოდ, ყველა ვარიანტი განიხილება. განცხადების მიხედვით, მომდევნო კვირაში კონსულტაციების შემდეგ, ნატოს ალიანსი გადაწყვეტს, თუ მისი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა, სატელეფონო ბრიფინგის დროს ჟურნალისტებს უთხრა: „შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და არსებობს ინსტრუმენტები, რომელიც ვარიანტების მთელ დიაპაზონს მოიცავს“.
„ახლა ალიანსის გადასაწყვეტია, თუ ნატოს როგორი შემდგომი ნაბიჯების გადადგმა სურს“, თქვა მან. დონფრიდი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ლატვიაში და შვედეთში მომავალი ვიზიტის წინ საუბრობდა, სადაც ამერიკის უმაღლესი დიპლომატი ნატოს და ეუთოს შეხვედრებში მიიღებს მოაწილეობას. მან თქვა, რომ შეხვედრების დღის წესრიგის მთავარი თემა, მოსკოვის მიერ ჯარის „დიდი და უჩვეულო“ თავმოყრა იქნება.
აშშ-ის, ნატოს და უკაინის ოფიციალურმა პირებმა ბოლო კვირებში განგაში ატეხეს იმის გამო, რასაც ისინი უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებას უწოდებენ და მიანიშნებენ, რომ შესაძლოა მოსკოვი თავის მეზობელზე თავდასხმის დასაწყებად ემზადება. რუსეთმა ეს ბრალდებები უარყო და შეაფასა, როგორც პანიკის დათესვა.
კითხვაზე, სტოკჰოლმში ყოფნისას ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას თუ აპირებს, დონფრიდმა თქვა, რომ ასეთ ორმხრივ საკითხზე სათქმელი არაფერი აქვს, თუმცა იქვე დაამატა: „დააკვირდით მოვლენებს“.
Facebook Forum